ახალი ამბები

ყოველდღიურად საშუალოდ 150-200 ბავშვი ინფიცირდება – ივანე ჩხაიძე

22 ივლისი, 2021 • 1345
ყოველდღიურად საშუალოდ 150-200 ბავშვი ინფიცირდება – ივანე ჩხაიძე

“იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს” სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით,  ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა 10% არის ბავშვი. შესაბამისად, მისი თქმით, ყოველდღიურად საშუალოდ 150-200 ბავშვი ინფიცირდება. ამის შესახებ ჩხაიძემ დღეს, 22 ივლისს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე კლინიკებს, რომლებიც მეორე ტალღისას კორონავირუსის მქონე პედიატრიული პაციენტების მისაღებად მუშაობდნენ, კვლავ მოუწიათ პროფილის შეცვლა და დამატებით საწოლების გამოყოფა.

“[თამარ] გაბუნიასგან მივიღეთ ინფორმაცია, რომ კლინიკები, რომლებიც 2020 წლის ნოემბერ-დეკემბერში კორონავირუსიანი პაციენტების მიღებაზე მუშაობდნენ, ისევ დაუბრუნდნენ ამ რეჟიმს. ანუ ახლა მაქსიმალურად არის გამოყენებული პედიატრიული საწოლები და არცერთ რეგიონში ჰოსპიტალიზაციის პრობლემა დღეისათვის შექმნილი არ არის.

რა თქმა უნდა, პროგნოზირება ძალიან ძნელია. თუ შემთხვევების რაოდენობა კიდევ მოიმატებს და იგივე იქნება, როგორც ნოემბერ-დეკემბერში, მაშინ აუცილებლად გვექნება ეს [საწოლების] პრობლემა. ეს მარტივად პროგნოზირებადია. 400-500 ინფიცირებული ბავშვი და მათგან ძალიან ბევრი, ვინც საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას, “დელტა” ვარიანტის თავისუბურებას ვგულისხმობ, ამის მიღება ჰოსპიტალურ სექტორს ნამდვილად გაუძნელდება. თუმცა დღეისათვის ამის აუცილებლობა არ არის. თუ გადახედავთ ოფიციალურ მონაცემებს, დღეისათვის საქართველოში 1 400 საწოლია თავისუფალი”, – განაცხადა ჩხაიძემ.

ამასთან, მისი თქმით, საქართველოში დაფიქსირებული კორონავირუსის შტამებიდან ამჟამად ყველაზე მძიმე ჩვენებები “დელტა” შტამს აქვს. ბოლო მონაცემებით კი, ქვეყანაში ინფიცირებულების 40%-ს სწორედ “დელტა” შტამი აქვს. ჩხაიძის განმარტებით, აღნიშნულ შტამს ახასიათებს 2-3 კვირაში შემთხვევების გაორმაგება, რაც ნიშნავს, რომ აგვისტოში სწორედ “დელტა” შტამი იქნება დომინანტური, რაც ეპიდემილოგიურ მდგომარეობას გაართულებს.

ჩხაიძე განმარტავს, რომ ქვეყანაში პანდემიის დასრულების ერთადერთი გზა ვაქცინაციაა. ასევე, კორონავირუსისგან ბავშვების დაცვის ერთადერთ შესაძლებლობად ჩხაიძე სწორედ ვაქცინაციას ასახელებს:

“ჩვენი შვლებისა და შვილიშვილების დაცვის ერთადერთი ეფექტური შესაძლებლობა, ეს არის ოჯახის უფროსი წევრების ვაქცინაცია. თუ სახლში ოჯახის უფროსი წევრები იქნებიან ვაქცინირებული, ეს პრაქტიკულად ნიშნავს, რომ ბავშვების ინფიცირების რისკი არის ნულამდე დაყვანილი”, – განაცხადა ჩხაიძემ.

მისი განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში ვაქცინაცია ასეთი ტემპით გაგრძელდება, მოსახლეობის 60-70%-ის ორჯერადად აცრას კიდევ წელიწადნახევარი დასჭირდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი