ახალი ამბებიკომენტარი

ლუარსაბ თათქარიძის რევანში

5 ივლისი, 2021 • 12365
ლუარსაბ თათქარიძის რევანში

ავტორი: ზვიად ქორიძე


დღეს წუმპემ მოახდინა რევანში. აი, იმ წუმპემ, რომელშიც ლუარსაბ თათქარიძე ბუდობს. მთელი ცხოვრება დატრიალებდა ამ წუმპეს გარშემო ილია ჭავჭავაძე: ხან თავს ამოაყოფინებდა ლუარსაბს წუმპიდან და სარკეში ჩაახედებდა, რომ მანკიერებანი ეჩვენებინა; ხან სიმართლეს პირდაპირ მიახლიდა „მოყვარეს პირში უძრახეს“ პრინციპით. ბევრი რამ სცადა, მაგრამ არაფერმა გაჭრა. ბოლოს მობეზრდა ლუარსაბსაც ეს ყველაფერი და დაახალა ბერდანკა ილიას. დაახალა იმიტომ, რომ მისთვის წუმპეში ყოფნა კომფორტია და ყველა, ვინც ამ კომფორტის ზონას დაურღვევს და პასუხისმგებლობისკენ მოუწოდებს ლუარსაბს, ყველა მისი მტერია.

ლუარსაბ თათქარიძე არ არის კომიკური პერსონაჟი, როგორც ცდილობდა მის წარმოჩენას საბჭოთა ლიტერატურათმცოდნეობა, საბჭოთა სკოლა და საბჭოთა თეატრი. სალაღობო თემა უნდა ყოფილიყო მისი სიმსუქნე, მისი სიბრიყვე ან მისი ღორმუცელობა. და არასდროს უნდა გვესაუბრა იმაზე, რომ ლუარსაბ თათქარიძე არის ყველაზე მასშტაბური ანტილიბერალური პარადიგმა, რომელიც კი შექმნა ილია ჭავჭავაძემ. 

„განა უწინ არ იყო მაგისთანა ამბები, ხორციელები არ იყვნენ თუ? მაგრამ უწინ სულ დაფარული იყო, ისე დაიჭერდნენ საქმეს, რომ ხორციელ ადამიანს არ გააგებინებდნენ. ბევრი მაგისთანა მომხდარა უწინაც, მაგრამ აბა ერთი შეგიტყვიათ რამე? სულ ისე ჩუმად და გონიერად იცოდნენ უწინ ყველაფერი, ამიტომ რომ პირში წყალი ჰქონდა. ეხლა, ბატონო, არაფრისა აღარ ჰრცხვენიათ. ნამუსი აღარ არის. არა, წახდა ქვეყანა.“ ეს სიტყვები ათქმევინა ილიამ ლუარსაბ თათქარიძეს. დიდხანს ვფიქრობდი, რომელი თანამედროვე ქართველი ანტილიბერალი საჯარო პირი  მოაწერდა ხელს ამ რეპლიკას. თქვენ ის თქვით, რომელი არ მოაწერდა. ამ რიტორიკით ხომ გაჯერებული იყო მთელი სატელევიზო და სოციალური მედიის სივრცე, განსაკუთრებით ბოლო დღეებში, როდესაც „თბილისი პრაიდის“ კვირეული მოახლოვდა.  არათუ მოაწერდა ხელს, ამ რიტორიკით მსჯელობდნენ სხვადასხვა გადაცემებში მიწვეული ანტილიბერალები და ზუსტად იმიტომ საუბრობდნენ ასე, რომ მათში ლუარსაბ თათქარიძე სახლობდა.

თანამედროვე ლუარსაბ თათქარიძეები იმაზე კი არ ბჭობდნენ, რომ უფლებები უნივერსალურია და არ არსებობს სხვადასხვა სოციალურ ან გენდერულ ჯგუფებს შორის დიფერენციაცია, ვისთვის მეტად უნდა აღსრულდეს უფლება და ვისთვის – ნაკლებად. მათთვის გამოხატვის თავისუფლება საყოველთაო სიკეთე არ არის – ის მხოლოდ მაშინ მოსწონთ, როდესაც თავად სარგებლობენ ამ სიკეთით. 

ლუარსაბ თათქარიძეობა არის გაუნათლებლობა. ეს განათლების დეფიციტსაც გულისხმობს და განმანათლებლობისაც. 

ლუარსაბ თათქარიძეობა არის ფარისევლობა. ცხვარს თუ შესწირავ, სანთელს დაანთებ, წირვა-ლოცვას არ მოაკლდები, პერიოდულად ეზიარები და გგონია, რომ უცოდველი ხარ.

ლუარსაბ თათქარიძეობა არის დისკრიმინაცია.

და რაც უფრო მეტს დაუთმობ ლუარსაბ თათქარიძეს, მეტად აგრესიული ხდება იგი და გადადის შეტევაზე. ეს დავინახეთ დღეს. ყველგან ლუარსაბ თათქარიძე იყო – მთავრობაში, ეკლესიის მმართველობაში, მმართველ პოლიტიკურ ძალაში, რუსთაველის გამზირს შესეულ ხალხში. თანამედროვე კოლექტიური ლუარსაბ თათქარიძე გაყვიროდა მთელ ხმაზე – „ქართველობას გვართმევენ“, ზუსტად ისე გაყვიროდა, როგორც მისი საუკუნენახევრის წინანდელი, იმავე წუმპეში აღმოჩენილი ლუარსაბ თათქარიძე ყვიროდა – „მე ვიცი, თათქარიძობას წამართმევენ!“ სხვამ არა და, ილიამ თათქარიძეობასა და ქართველობას შორის ტოლობის ნიშანი დასვა. და ვინც დღეს გაყვირის ამ პრეისტორიულ ლოზუნგს – „ქართველობას გვართმევენ“, ზუსტად ამას ყვირის – „თათქარიძობას მართმევენ“.

დღეს ლუარსაბ თათქარიძემ ბერდანკა დაუმიზნა საქართველოს დამოუკიდებლობას. დემოკრატიული განვითარების, თანასწორობისა და გამოხატვის თავისუფლების გარეშე საქართველოს დამოუკიდებლობა ფიქციაა. მან გამოკრა ხელი სასხლეტს, თავისი მისია შეასრულა და ისევ ჩაყვინთა თავის წუმპეში. 

დღეს ლუარსაბ თათქარიძემ რევანში მოაწყო.


კომენტარების სექციაში გამოქვეყნებული წერილები შეიძლება არ გამოხატავდეს/ემთხვეოდეს რედაქციის მოსაზრებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი