ახალი ამბები

ტყუილია, თითქოს მინისტრად სხვისი ნაშრომის გამო დამნიშნეს – ქობულია

15 მაისი, 2019 • 923
ტყუილია, თითქოს მინისტრად სხვისი ნაშრომის გამო დამნიშნეს – ქობულია

გიორგი ქობულია გამორიცხავს გავრცელებულ ცნობას, თითქოს მისი თანამდებობაზე დანიშვნის მიზეზი  კომპანია McKinsey- ის მიერ გამოქვეყნებული ნაშრომი გახდა. კომპანიაში ქობულია მინისტრობამდე მუშაობდა.

ქობულიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა ვერსიაზე, თითქოს მმართველ გუნდში აღნიშნული ნაშრომი მოეწონათ და სწორედ ამიტომ დანიშნეს ეკონიმიკის მინისტრად. ამავე ცნობის თანახმად, შემდეგ აღმოჩნდა, რომ ნაშრომის ავტორი სხვა ადამიანი იყო.

“მედიაში საკმაოდ ხშირად ჟღერს, თითქოს ჩემი მოსვლის ერთ-ერთი ისტორია არის ისეთი, რომ იყო McKinsey-ს მიერ გაკეთებული რაღაც ნაშრომი, რომელიც შემდეგ აღმოჩნდა არა ჩემი გაკეთებული, არამედ ვიღაც სხვის გაკეთებული…

თუ ვინმეს ჰგონია, რომ ნაშრომის მიხედვით სამსახურში აყვანა ხდება და მერე ამბობენ, უი, შეგვეშალა, მისი არ ყოფილა და გავათავისუფლოთ… არა, რა თქმა უნდა. ეს ისტორია არის აბსოლუტურად ფანტაზიაზე აგებული”, – თქვა ქობულიამ.

ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა განმარტა გარემოება, რომლის გამოც, მისი თქმით, თანამდებობაზე დანიშნეს. ქობულიას განცხადებით, მმართველ პარტიას ეკონომიკის მცოდნე ტექნოკრატები სჭირდებოდა.

“რატომ მომიყვანეს, გეტყვით პირდაპირ: იყო ასეთი აზრი, რომ მმართველ გუნდს, შესაძლებელია, პრემიერს, მმართველი პარტიის ხელმძღვანელს, ჰქონდა ასეთი პოზიცია:  სიტუაცია რომ გამოვასწოროთ, გვჭირდება ძლიერი ტექნოკრატები. ვინ არიან ძლიერი ტექნოკრატები? საქართველოში არავინ არ გვყავს, იფიქრეს, ამიტომ, მოდით, მოვიძიოთ, ვინ არიან ძლიერი ტექნოკრატები ეკონომიკის დარგში საქართველოს ფარგლებს გარეთ. მე ვიყავი ერთ-ერთი ძალიან ძლიერი და ასევე სერიოზული კომპანიის უფროსი პარტნიორი, ანუ, მმართველობაში”, – განაცხადა მან.

გიორგი ქობულიამ დეპუტატების კითხვებზე პასუხისას თანამდებობაზე მუშაობის პერიოდი კიდევ ერთხელ გაიხსენა და აღნიშნა, რომ მისთვის გუნდის შიგნით არაერთხელ უწოდებიათ “უცხო სხეული”:

“ვერ შევიკავებ თავს, არ მინდოდა ამაზე კომენტარის გაკეთება, მაგრამ… ამ დისკუსიებში რამდენიმეჯერ მართლა მიწოდეს, უცხო სხეული ხარ შენო”.

გიორგი ქობულია ეკონომიკის მინისტრი მიმდინარე წლის 18 აპრილიდან აღარ არის. მისი გათავისუფლების შესახებ ბრძანებას ხელი პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მოაწერა. ქობულიას ადგილი ნათია თურნავამ დაიკავა.

4 მაისს ტელეკომპანია “რუსთავი2”-სთვის მიცემულ ინტერვიუში ქობულია აღნიშნავს, რომ ბოლომდე ცდილობდა, მისი აზრების სისწორეში მმართველი გუნდი დაერწმუნებინა, თუმცა ეს ვერ შეძლო.

მასალების გადაბეჭდვის წესი