ახალი ამბები

“ლელომ” რკინიგზასა და ელექტროსისტემაში შესაძლო კორუფციაზე პროკურატურას მიმართა

15 ივნისი, 2020 • 1360
“ლელომ” რკინიგზასა და ელექტროსისტემაში შესაძლო კორუფციაზე პროკურატურას მიმართა

მოძრაობა “ლელომ”, საქართველოს ყოფილი ეკონომიკის მინისტრის, გიორგი ქობულიას განცხადებების საფუძველზე, საქართველოს რკინიგზასა და სახელმწიფო ელექტროსისტემაში შესაძლო კორუფციასთან დაკავშირებით პროკურატურას მიმართა.

საქართველოს ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა რამდენიმე დღის წინ BM.GE-ს გადაცემა Forbes Talks-ში განაცხადა, რომ სახელმწიფოს კუთვნილ საწარმოებში, რკინიგზასა და ელექტროსისტემაში “სქემისტები” საქმიანობენ და ისინი ეწინააღმდეგებიან აღნიშნული დარგების რეფორმირებას.

“ლელოს” ლიდერები აცხადებენ, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის საფუძველზე, გენერალური პროკურატურა ვალდებულია ყოფილი მაღალი თანამდებობის პირის მიერ მასმედიით გახმიანებულ კორუფციულ სქემასთან დაკავშირებით აწარმოოს გამოძიება. პარტიაში აღნიშნავენ, რომ გამოძიების წარმართვა პროკურატურის არა დისკრეციული უფლებამოსილება, არამედ კანონისმიერი ვალდებულებაა:

“ასობით სახელმწიფო საწარმო წარმოადგენს რეალურად ნეპოტიზმისა და კორუფციის წყაროს, წლებია, ამაზე საუბრობს არასამთავრობო სექტორი. ამაზე საუბარი ჩვენ, „ლელომ“, შექმნის პირველივე დღეს დავიწყეთ. ორი დღის წინ ეკონომიკის ყოფილი მინისტრის ინტერვიუში პირდაპირ მოვისმინეთ საუბარი ჩინოვნიკებზე, რომლებიც სარგებელს იღებენ ამ კორუფციული სქემებიდან და ამაზე რეაგირება არის ნული. ეს უნდა დასრულდეს ოქტომბერში.

ხელისუფლება შეიცვლება და ყველა ეს სქემა ჩამოიშლება და სახელმწიფო საწარმოები მოემსახურება ეკონომიკას. მათი დიდი ნაწილის პრივატიზება მოხდება, ხოლო ის საწარმოები, რომელიც დარჩება სახელმწიფოს ხელში, იქნება მოგებაზე ორიენტირებული და სახელმწიფო ბიუჯეტი მათგან მიიღებს სარგებელს” ,- განაცხადა “ლელოს” წევრმა გიგლა მიქაუტაძემ.

მანამდე, BM.Ge-ის ეთერში ამ თემაზე გიორგი ქობულიამ ისაუბრა. ყოფილი მინისტრი ამბობდა, რომ სახელმწიფო სექტორში “სქემისტები” არიან “ჩამჯდარი” და მათ შორის რკინიგზა და სახელმწიფო ელექტროსისტემა დაასახელა. მისი თქმით, ამ პირებს რეფორმა არ აწყობთ, რადგან ამ შემთხვვაში, საკუთარ სქემებს განკარგავენ:

“მოგიყვანთ მაგალითს. საქართველოს რკინიგზა არის ერთ-ერთი დიდი სახელმწიფო სტრუქტურა, რომელსაც ესაჭიროება მოდერნიზაცია, რაც მოგვცემს ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთ ბიძგს. ამ რკინიგზაში არის მიკერძოებული კონტრაქტები, ექსკლუზივები არის გაცემული რაღაც ტვირთების გადაზიდვებზე და ასე შემდეგ. ჩვენ თუ გვინდა, რომ რკინიგზა, ვთქვათ, წავიყვანოთ ეფექტიანობის ამაღლებისკენ, ნაწილობრივი პრივატიზებისკენ, მაშინ ეს სქემები დაიშლება.

იგივე ელექტროენერგეტიკის სფეროში არის შუამავალი კომპანიები იმპორტზე. ამ შუამავალ კომპანიებს, რა თქმა უნდა, არ აწყობთ, რომ მოდერნიზაცია მოხდეს ჩვენი საიმპორტო ინფრასტრუქტურის. არის მთელი რიგი შესაძლებლობები გაუმჯობესებების, რამაც შეიძლება საშუალება მოგვცეს, რომ ელექტროენერგიის იმპორტიც უფრო იაფად განვახორციელოთ და უკეთ დავასტაბილიზიროთ ჩვენი ელექტროსისტემა. მაგრამ იქ რომ არიან ჩამჯდარი რაღაც სტრუქტურებში, ისინი ჩვენ გვიშლიან ხელს. მე მოგიყვანეთ წიაღისეულის მაგალითიც, სადაც, მგონ,ი ერთი თუ ორი კომპანია აკონტროლებს მადნეულის სფეროს, ხოლო ახალი კომპანიების შემოყვანას და კონკურენციის გაზრდას კიწინააღმდეგობა ეწევა.

ეს სქემისტები გვიშლიან ხელს როგორც რეფორმების გატარებაში, აგრეთვე არასწორად ითვისებენ ხალხის ფულს. ამასთან, ეს სქემები და მათი შეუცვლელობა ახდენს დემოტივირებას. მაგალითად, როგორც ვიცი, რკინიგზაში კვალიფიციური ხალხი ვინც იყვნენ, მგონი, სულ ყველა გაიქცა. რა ეფექტურობა უნდა გაზარდო, როდესაც ყველამ ვიცით, შიგნით რაც ხდება? – ამაზე არის საუბარი”, – განაცხადა ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი