ახალი ამბები

უფრო ითვლება, რომ გადამაყენეს – გიორგი ქობულია

4 მაისი, 2019 • 2130
უფრო ითვლება, რომ გადამაყენეს – გიორგი ქობულია

“ჩემი ნებით რომ წავსულიყავი, ალბათ განცხადებას დავწერდი. რადგან განცხადება არ დამიწერია, უფრო, ითვლება, რომ გადამაყენეს”, – ასე უპასუხა ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ ტელეკომპანია “რუსთავი2”-ის ჟურნალისტს.

ტელეარხისათვის მიცემულ ინტერვიუში ქობულია აღნიშნავს, რომ ბოლომდე ცდილობდა, მისი აზრების სისწორეში მმართველი გუნდი დაერწმუნებინა, თუმცა ეს ვერ შეძლო.

“რა თქმა უნდა არ ვაპირებდი ხელისუფლების დატოვებას ასე სწრაფად. ის, რომ გადამაყენეს და არ გადავდექი, იყო ზუსტად შედეგი იმისი, რომ მე ბოლომდე ვცდილობდი, მმართველი გუნდი დამერწმუნებინა. არ ვწერდი ამ განცხადებას, რადგან მიმაჩნდა, რომ ჩემი ხედვა იყო სწორი. ამ ხედვაში ბოლომდე ვცდილობდი, დამერწმუნებინა საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელობა, მაგრამ როგორც ხედავთ, ალბათ, ვერ შევძელი ეს”, – აღნიშნა მან და დაამატა, რომ თანამდებობის დაკავების წინ მასსა და მმართველ გუნდს შორის შეთანხმებული პრინციპები არ გამართლდა.

“მე ვიცი, რომ გაჟღერდა ორი მიზეზი[ჩემი გადაყენებისა]. ერთი იყო გადაწყვეტილების მიღების სისწრაფე და მეორე იყო ცუდი მართვა სამინისტროსი. გადაწყვეტილების მიღების სისწრაფესთან დაკავშირებით… ეს ჩემთვის ცოტა გასაკვირია. ჩემი აზრით, კონფლიქტის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი ზუსტად იყო ის, რომ ის გადაწყვეტილებები, რომლებიც მე მიმაჩნდა სწორად და რომელიც მიმართული იყო ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ, ძალიან ჭიანურდებოდა. აი ამ გადაწყვეტილებების მიღების ძალიან ნელი ტემპი ხდებოდა ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი ჩვენი კამათისა”, – თქვა მან.

ქობულია ადასტურებს, რომ გადაყენებამდე ბიძინა ივანიშვილს შეხვდა, თუმცა დეტალებზე არ საუბრობს.

გიორგი ქობულია ეკონომიკის მინისტრი მიმდინარე წლის 18 აპრილიდან აღარ არის. მისი გათავისუფლების შესახებ ბრძანებას ხელი პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მოაწერა. ქობულიას ადგილი ნათია თურნავამ დაიკავა.

მასალების გადაბეჭდვის წესი