ახალი ამბები

ან კომპეტენტურობა აკლია, ან ახმოვანებს რუსულ ძალებს – ხაზარაძე ქობულიაზე

23 ოქტომბერი, 2019 • 1110
ან კომპეტენტურობა აკლია, ან ახმოვანებს რუსულ ძალებს – ხაზარაძე ქობულიაზე

მოძრაობა “ლელოს” დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის თქმით, როდესაც ყოფილი ეკონომიკის მინისტრი, გიორგი ქობულია ანაკლიის პორტის პროექტზე საუბრობს, მას ან კომპეტენტურობა აკლია, ან ახმოვანებს რუსულ ძალებს.

საუბრისას ხაზარაძე ასევე დასძენს, რომ ეკონომიკის მინისტრობის პერიოდში ქობულია ანაკლიაზე სასაუბროდ არ შეხვედრია.

“გიორგი ქობულაის ვუპასუხებდი შემდეგს, რომ მას ან კომპეტენტურობა აკლია, იმიტომ, რომ არ იცნობს პროექტს, ან ახმოვანებს იმ ძალებს, იმ რუსულ ძალებს, მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ, რომლებსაც ანაკლიის პროექტის განხორციელება ჩვენს ქვეყანაში არ უნდათ.

აქედან აირჩოს ან ერთი, ან მეორე, იმიტომ, რომ სხვა დასკვნა, როდესაც მე მას მოვუსმინე… მინისტრი რომ იყო, სად იყო? არც ერთხელ არ შეგვხვედრია, მე მაშინ წარმოვადგენდი კომპანიას, მივედით ერთხელ ქობულიასთან, გვინდოდა ჭაობების ყიდვა და ისევე დარჩა ეს საუბრად, იმის შემდეგ მე ქობულია საერთოდ არ მინახავს. ეს არის ამათი მთავრობა“, – ამბობს მამუკა ხაზარაძე ტვ “პირველის“ ეთერში.

ქობულიამ ანაკლიის პროექტზე კომენტარი რამდენჯერმე გააკეთა, მათ შორის თქვა, რომ არ არის დარწმუნებული ანაკლიის პორტის პოლიტიკურ საჭიროებაში.

ქობულია ამბობს, რომ ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით ამჟამად არის პოლიტიკური მუხრუჭები, თუმცა ადრე იყო კომერციული მუხრუჭები:

“არის პოლიტიკური მუხრუჭები, მაგრამ ამ პროექტს ჰქონდა კომერციული მუხრუჭები დიდი ხნით ადრე, ვიდრე ამ პროექტის მიმართ პოლიტიკური ვითარება დაიძაბებოდა.

ამიტომ, ჩემი აზრით, ასეთ შემთხვევაში მთავრობას უნდა ჰქონდეს იმის შნო, რომ დაჯდეს კონსორციუმთან, დაჯდეს ბანკებთან და გახსნილი საუბარი აწარმოოს იმაზე, თუ რა პრობლემები აქვს, როგორ შეიძლება ეს პრობლემები გადაწყდეს და თუ ვერ წყდება, მაშინ უნდა მოხდეს პროექტის რესტრუქტურიზაცია”.

ქობულია: არა ვარ დარწმუნებული, რომ ანაკლიის პორტი პოლიტიკურად გვჭირდება

მასალების გადაბეჭდვის წესი