ახალი ამბები

„რამდენად ზნეობრივია სააკაშვილი-ივანიშვილის ტოლებად მოხსენიება“? — ივანიშვილი მაღრაძეს

10 აპრილი, 2019 • 1778
„რამდენად ზნეობრივია სააკაშვილი-ივანიშვილის ტოლებად მოხსენიება“? — ივანიშვილი მაღრაძეს

„ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი პოეტ დავით მაღრაძეს, მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს, — რომელმაც განაცხადა, რომ „ოცნებასა და ნაციონალებს შორის მორალური ზღვარი წაიშალა“, — კითხვით პასუხობს: „რამდენად ზნეობრივია სააკაშვილი-ივანიშვილის გვერდიგვერდ, ტოლებად მოხსენიება“?

დავით მაღრაძემ, რომელიც წლების განმავლობაში ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერად პოზიციონირებდა, 27 მარტს დააანონსა თანამოაზრეების შეკრება და მოსვლისკენ მოუწოდა ადამიანებს, „ვისაც მიაჩნიათ, რომ საქართველოს ხვალინდელი დღე გასათავისუფლებელია ივანიშვილ-სააკაშვილის უკვე უსაფუძვლო და უსაგნო დაპირისპირებისგან, რომელიც მხოლოდ ძალაუფლებისთვის ბრძოლის ველად გადაიქცა და დაცლილია ყოველგვარი ზნეობრივი შინაარსისგან“.

9 აპრილს  „იმედის“ ეთერში  ივანიშვილმა მაღრაძის შესახებ წამყვანის დასმულ კითხვაზე პასუხად თქვა, რომ მაღრაძესთან მოლაპარაკებული არ არის. პირიქითი, — როდესაც მაღრაძის პირველი კრიტიკული ნათქვამი მოისმინა, ვერ დაიჯერა:

„ვერ დავიჯერე. რამდენიმეს დავურეკე, მერე გადავამოწმე. შეცდომა მეგონა იმიტომ, რომ როგორც ყველას, მეც მახასიათებს, რომ ადამიანზე, რომელსაც წლების განმავლობაში იცნობ, გაქვს შექმნილი წარმოდგენა, იცი, რაზეა წამსვლელი, რა შეუძლია და როგორია მისი ქმედების არეალი. ეს ამოვარდნა რომ ვნახე, ვერაფრით ვერ დავიჯერე, სანამ ამას არ დაემატა შემდგომ კიდევ რამდენიმე გამოსვლა“, — განაცხადა ყოფილმა პრემიერმა.

ივანიშვილმა მოსამართლეების საკითხს, რაზეც მაღრაძეც აპელირებდა, „მოგონილი პრობლემა“ უწოდა და განაცხადა: „მაღრაძეს იგივე პრობლემები აქვს, რაც ჩემს [ყოფილ] თანაგუნდელებზე ვთქვი. რაც ვნახე, ყველა მისი გამოსვლა, ძირითადად ისევ სასამართლოს მოიშველიებს და იმავეს იმეორებს, რასაც ეს ოთხეული [ბესელია და სხვები], რომელიც გავიდნენ ჩვენი გუნდიდან. ეს ვერ გამოადგება მიზეზად. სად იყო თვითონ მაღრაძე 5 წლის განმავლობაში? თვითონ მაღრაძისგან სად გაგიგიათ, რომ სასამართლოში ერკვევა საერთოდ? ესენი დეპუტატები მაინც იყვნენ“…

ივანიშვილმა მანამდე განაცხადა, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ დატოვეს გუნდი ეკა ბესელიამ და უმრავლესობის სხვა რამდენიმე წევრმა. მოგვიანებით კი განაცხადა, რომ მაღრაძესთან მოლაპარაკებული არ არის:

“გაოცებული ვიყავი. ვერც დავიჯერე. ბევრი საერთო მეგობარი გვყავს. ძალიან ბევრი ურეკავდა ჩემს მეუღლეს, ზოგი ჩემამდე აღწევდა და წარმოდგენა ჰქონდათ, მოლაპარაკებულები არიან ერთმანეთშიო. ღმერთმა დამიფაროს ამისგან. იმდენად მიუღებელი იყო სხვებისთვისაც მისი პოზიცია“.

მასალების გადაბეჭდვის წესი