ახალი ამბები

გაუგებარია რეალური მიზეზი, რატომ წავიდნენ – ივანიშვილი ბესელიასა და სხვების პარტიიდან გასვლაზე

9 აპრილი, 2019 • 1035
გაუგებარია რეალური მიზეზი, რატომ წავიდნენ – ივანიშვილი ბესელიასა და სხვების პარტიიდან გასვლაზე

ქართული ოცნების დამფუძნებელი და თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ წავიდნენ ეკა ბესელია და კიდევ რამდენიმე უმრავლესობის წევრი მმართველი პარტიიდან. როგორც ივანიშვილი ამბობს, მათ არ ჰქონდათ მიზეზი, ხოლო პარტია “ღია კარის მტვრევით” დატოვეს.

“ზოგადად, როდესაც პოლიტიკოსს არ აქვს კარგი საფუძველი, გამოკვეთილი მიზეზი იმისა, რომ საკუთარი გუნდი დატოვოს, ჩემი აზრით, მას [ეკა ბესელიას] ძალიან გაუჭირდება პოლიტიკური პერსპექტივის შექმნა, თუმცა ამ მხრივ მათ გზა დავულოცე. დღესაც, ასევე, გავიხსენებდი ჩემს თანაგუნდელებს, თუმცა მათ ძალიან გაუჭირდებათ პოლიტიკური მომავლის შექმნა, მათ ვერ ჩამოაყალიბეს წასვლის მიზეზი, საბაბადაც ვერ გამოდგება ის მიზეზი, რასაც ასახელებდნენ და ასახელებდნენ იმას, რომ მოსამართლეთა შერჩევის პროცესი დაიწყო, ახსოვს საზოგადოებას”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ტელეიმედისთვის მიცემულ ინტერვიუში.

ბიძინა ივანიშვილის თქმით, 2018 წლის ბოლოს იუსტიციის საბჭოდან 10 მოსამართლის მიერ პარლამენტში შეტანილ განცხადებას ძალიან მკვეთრი რეაქცია მოჰყვა დეპუტატების მხრიდან, რის გამოც ერთ დღეს ორ ჯგუფთან შეხვედრა მოუწია.

როგორც ივანიშვილი ამბობს, ერთ ჯგუფში 30 კაცი იყო, ხოლო მეორეში-  15-20 კაცი:

“ემოციურობა იყო ძალიან ბევრი, ჩვენ გვქონდა პოლემიკა. დაჟინებით ითხოვდნენ, რომ სწრაფად არ განხილულიყო ეს სია და მათში ეს სამეული [ბესელია, ფოფხაძე და გოგიჩაიშვილი], შეიძლება ვთქვათ, რომ განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდნენ, რასაც ესენი იჩემებენ და მეც არ ვუკარგავ ამას”.

მმართველი პარტიის თავმჯდომარის განცხადებით, 2 თუ 3 დღის პოლემიკის შემდეგ მთელი გუნდი დარწმუნდა, რომ ეს სია საჩქაროდ არ უნდა განხილულიყო, რაზეც პარლამენტის თავმჯდომარემაც გააკეთა განცხადება, რომ არ განიხილებოდა [მოსამართლეების საკითხი] წლის ბოლომდე.

“ამის შემდგომ დამტკიცების და განხილვის ფორმაზე იყო დიდი პოლემიკა. ამ პროცესში თვითონ მოსამართლეებმა გაიწვიეს საკუთარი განცხადებები უკან, რამეთუ პროცედურულად სხვანაირად არ შეიძლებოდა, პარლამენტს არ შეეძლო ის უკან გაეგზავნა… ასეც მოხდა. ეს სამეული დაჟინებით აცხადებდა ღია კარის მტვრევას. ამას მოჰყვა ბესელიას გაურკვეველი პროცედურებით გადადგომა”, – განაცხადა ივანიშვილმა.

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ემოციურობა დღესაც შეიმჩნევა ქართულ ოცნების გუნდში:

“პროცესები, რომლის მართვასაც მე ვაპირებ ამ ბოლო თვეების განმავლობაში, იყო დაფუძნებული ძალიან დიდ ემოციებზე. მთელ საპარლამენტო გუნდში დაბნეულობა იგრძნობოდა. მე დამჭირდა მრავალჯერადი, ხანგრძლივი შეხვედრა, ზოგ შემთხვევაში მთელი დღე დაგვჭირდა და, მე მგონი, შედეგი მივიღეთ. შედეგი იყო ის, რომ პრაქტიკულად, ვინც წავიდა და ვინც ძირითადად ემოციებით ცდილობდა, მთელი გუნდი დაერწმუნებინა რაღაც ფასეულობებში, რეალურად, ხანგრძლივი საუბრების შემდგომ, გამოიკვეთა 3 ადამიანი, მეოთხე დაემატა [კვაჭანტირაძე] ცოტა გვიან… სოციალისტები არ მყავს მხედველობაში, მათ დატოვეს გუნდი და შეიძლება ჩავთვალოთ, რომ გუნდი თითქმის დაწყნარდა, თუმცა იქ კიდევ არის პატარა პრობლემები, რომლის დალაგებაც გაცილებით იოლია.

ბესელია, გოგიჩაიშვილი, გედი ფოფხაძე და ზვიად კვაჭანტირაძე… დღესაც გაუგებარია ჩემთვის, რატომ შეუერთდა ამ გუნდს [კვაჭანტირაძე]. ის არ მონაწილეობდა ამ პოლემიკებში და რატომ შეუერთდა ამ გუნდს, ჩემთვის გაუგებარია ისევე, როგორც საზოგადოებისთვის”.

  • ბესელია-ფოფხაძე-გოგიჩაიშვილის გარდა, საპარლამენტო უმრავლესობა ზვიად კვაჭანტირაძემ და ბექა ნაცვლიშვილმაც დატოვეს. ეკა ბესელია მათთან თემატურ თანამშრომლობაზე მზადყოფნას გამოთქვამს, თუმცა ერთ პოლიტიკურ გუნდში გაერთიანების საკითხი დღის წესრიგში არ დგას.

ვრცლად:

ივანიშვილთან თუ მის წინააღმდეგ – რა ადგილს დაიკავებს ბესელია პოლიტიკაში

მასალების გადაბეჭდვის წესი