ახალი ამბები

“რეგიონალური პროექტი” – ხაზარაძე ანაკლიის პორტის მნიშვნელობასა და უპირატესობებზე

18 თებერვალი, 2019 • 1556
“რეგიონალური პროექტი” – ხაზარაძე ანაკლიის პორტის მნიშვნელობასა და უპირატესობებზე

თიბისი ბანკის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრისას ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა.  მან ასევე განმარტა, რატომ შევიდა მის მიერ დაფუძნებული “TBC ჰოლდინგი” ანაკლიის განვითარების კონსორციუმში.

ხაზარაძის განცხადებით, ანაკლიის პორტი მხოლოდ ადგილობრივი მნიშვნელობის არ არის და თავისი არსით რეგიონალური პროექტია. მისი თქმით, გახსნის შემდეგ ანაკლიის პორტი დღეს არსებულ პორტებზე მეტად ეფექტური იქნება და ამჟამინდელთან შედარებით გემების გაცილებით დიდ რაოდენობას მიიღებს.

“ეს არის რეგიონალური პროექტი, რომლითაც ძალიან ბევრი ქვეყნის ეკონომიკა და საბრუნი კაპიტალის სტრუქტურა შეიცვლება.

…საქართველოში გვაქვს ორი პორტი: ბათუმისა და ფოთის პორტი. მაგალითად, ფოთის პორტი წლის განმავლობაში მუშაობს დაახლოებით 250 დღე. დაახლოებით 100 დღე პორტი არის გაჩერებული სხვადასხვა ტექნიკური მიზეზების გამო. პორტის სიღრმე არის 8.5, მაქსიმუმ 9 მეტრი. კრიტიკაში აღარ წავალ, რადგან პატივს ვცემ ყველას, ვინც ბიზნესშია. შავ ზღვაზე მოცურავე დიდი გემების მხოლოდ 25 %-ს შეუძლია, შემოვიდეს საქართველოს პორტებში.  ეს 25% არის გემები, რომლები, დაახლოებით 1 400 კონტეინერს იტევს.

თანამედროვე მსოფლიოში ყოველწლიურად იზრდება გემის მოცულობა. რაც უფრო დიდია გემი, მით უფრო დაბალია გადაზიდვის ტარიფი და უფრო დიდია ეკონომიკური ეფექტი არამარტო გადამზიდავი კომპანიისთვის, არამედ იმ პორტისა და ქვეყნისთვის, სადაც ეს ტვირთი შედის. ჩვენ პრაქტიკულად ვერ ვიღებთ გემების 75%-ს, რომლებიც შავ ზღვაში დაცურავს…

შესაბამისად, ანაკლიის 16-მეტრიანი სიღრმის პორტი საქართველოს ამ პრობლემას უხსნის მომავალი 100-150 წლის განმავლობაში. ეს არის სიღრმე, რომელიც მიიღებს მინიმუმ 10 000-კონტეინერიან გემს”, – აღნიშნავს ხაზარაძე.

მისივე თქმით, ანაკლიის პორტი”იმუშავებს 98%-ით წლის განმავლობაში”, ვინაიდან დაგეგმარებიდან გამომდინარე, მეტეოროლოგიური თუ ტექნიკური პირობები მას ხელს ვერ შეუშლის და გემების მიღება ნებისმიერი ვითარებაში შეეძლება.

მამუკა ხაზარაძე ასევე განმარტავს, რატომ შედის “TBC ჰოლდინგი” ანაკლიის განვითარების კონსორცოუმში. მისი თქმით, ჰოლდინგმა სახელმწიფოს შესთავაზა პორტის დაგეგმარების განსხვავებული ხედვა და სპეციალური ეკონომიკური ზონის მოწყობა, რათა საქართველო აღარ იყოს განხილული მხოლოდ სატრანზიტო სახელმწიფოდ.

“სახელმწიფო ამბობდა: ჩვენ მივცემთ ინვესტორს 1000 ჰექტარ მიწას და ააშენეთ 100 მილიონი ტონა ტვირთის პორტი, 50 წლის მერე კი ეს ამუშავებული პორტი უნდა დაუბრუნოთ სახელმწიფოს მის მფლობელობაში. ჩვენ დავიქირავეთ მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი საინჟინრო კომპანია, რომელთანაც მოდულაცია გავაკეთეთ და აღმოვაჩინეთ, რომ პორტი აღარაა ადგილი, სადაც კონტეინერები უნდა დაასაწყობო. პორტი არის ალგორითმი, თუ სად, როდის და რომელი კონტეინერი რომლის ქვეშ უნდა დაალაგო.

…ჩვენ მივედით სახელმწიფოსთან და ვუთხარით, რომ ვცვლით მიდგომას – ჩვენ გვინდა მხოლოდ 400 ჰექტარი მიწა. დანარჩენი მიწა მოგვეცით და ჩვენ იქ ავაშენებთ ქალაქს, რომელიც იქნება სპეციალური ეკონომიკური ზონა. იმიტომ, რომ საქართველო არ უნდა იყოს განხილული, როგორც ტრანზიტი ქვეყანა.

ჩვენ არ გვინდა, ვიყოთ პორტი, სადაც ვიღაც ცენტრალური აზიიდან გადმოაგზავნის კონტეინერს და ჩვენ გადავტვირთავთ. ჩვენ გვინდა პორტი, რომლის უკან იქნება საწარმოო სიმძლავრეები და აქ დაიწყება წარმოება, გადამუშავება და ადგილზე შევქმნით კონტეინერების ჩვენს სიმძლავრესაც. სწორედ ეს იდეა მოეწონათ.

ვფიქრობ, ესაა ერთ-ერთი სწორი მიდგომა, რადგან ის ქმნის სამუშაო ადგილებს, ქმნის დამატებით ღირებულებას ჩვენი ქვეყნისთვის და სწორედ იმის რეალიზაციის საშუალებას გვაძლევს, რასაც ჰქვია თავისუფალი ეკონომიკური ვაჭრობის შეთანხმებები, რომლებიც საქართველოს აქვს ევროკავშირთან, დსთ-ს ქვეყნებთან, ჩინეთთან და თქვენ იცით, რომ ახლა მიდის მოლაპარაკებები ინდოეთთან და აშშ-სთან”, – აცხადებს მამუკა ხაზარაძე.

მისივე განცხადებით, მუშაობენ იურიდიული საკითხების მოსაწესრიგებლადაც, რათა პროექტის განხორციელების შემდეგ, დაინტერესებულ პირებს ბიზნესის კეთება დახვეწილ სამართლებრივ სივრცეში შეეძლოთ. ხაზარაძე ამბობს, რომ ამ საკითხზე კონსულტაციები არაერთ მსხვილ იურიდიულ კომპანიასთან მიმდინარეობს:

“საჭიროა სწორედ იმ კანონმდებლობის შეტანა, რომელიც ნებისმიერ ინვესტორს თანამედროვე ქვეყნებიდან, მისცემს შესაძლებლობას, აწარმოოს ბიზნესი გასაგებ სამართლებრივ ჩარჩოში. ეს არის ყველაზე მთავარი.

ამისთვის ჩვენ უკვე მეორე წელია, ვმუშაობთ საკმაოდ ცნობილ იურისტებთან, ერთ-ერთი არის “Shearman and Sterling” – მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი იურიდიული კომპანია. ასევე, 1 თვის წინათ გავაფორმეთ ხელშეკრულება დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის იურისტთა ასოციაციის პრეზიდენტთან. ამ ასოციაციაში გაერთიანებულია 180 000 იურისტი. სწორედ მათთან ერთად, ჩვენ ვიმუშავებთ კანონმდებლობას, რომ ეს ანაკლიის თავისუფალი ეკონომიკური ზონა იყოს ლონდონის არბიტრაჟის ანალოგი.

პირველ ეტაპზე არ გამოვრიცხავთ, რომ სწორედ ამ 180 000 იურისტიდან წამყვანი იურისტები ჩამოვიყვანოთ მოსამართლეებად, რათა პირველივე დღიდან ვთქვათ, რომ აქ გაკეთებული ბიზნესი ზუსტად იგივეა, ჰონგ-კონგში რომ აკეთებდე [ბიზნესს], სინგაპურში, ლონდონში ან ამერიკის რომელიმე ქვეყანაში”.


მამუკა ხაზარაძემ ანაკლიის პორტი ეროვნული ბანკის იმ განცხადების საპასუხოდაც ახსენა, რომლითაც უწყება  თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოდან მისი და ბადრი ჯაფარიძის გადაყენებას ითხოვდა.

“დიდ ეჭვს იწვევს ისიც, რომ ასეთი აჩქარებული ტემპით გამოტანილი გადაწყვეტილება და ჩვენი რეპუტაციის შემლახველი კამპანიის წარმოება ხდება სწორედ ახლა, როდესაც ასე ახლოს ვართ ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტის – ანაკლიის პორტის წარმატებით განხორციელებასთან”, – წერდა ხაზარაძე.


  • ანაკლიის ღრმაწყლოვანი  საზღვაო პორტის მშენებლობას ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ ახორციელებს  – სამთავრობო კომისიამ ეს გადაწყვეტილება 2016 წლის 5 თებერვალს მიიღო.
  • ანაკლიის განვითარების კონსორციუმი აერთიანებს საქართველოში დაფუძნებულ „TBC ჰოლდინგს“ , რომლის დამფუძნებელიც არის მამუკა ხაზარაძე, და  ამერიკულ საინვესტიციო ჰოლდინგს „Conti International” -ს.
  • პორტის მშენებლობისა და განვითარების ღირებულება 2.5 მილიარდი დოლარია. მშენებლობა 9 ფაზად იყოფა და, საბოლოო ჯამში, პორტის გამტარუნარიანობამ წელიწადში 100 მლნ. ტონას უნდა მიაღწიოს. პორტის პირველი ფაზა 2020-2021 წლისათვის უნდა ამოქმედდეს და პორტმა გემები უნდა მიიღოს.
  • ანაკლიის განვითარების კონსორციუმის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ანაკლიაში ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პირველი ფაზის სახმელეთო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც 2017 წლის 22 დეკემბერს დაიწყო.
  • ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისთვის შერჩეულ ტერმინალის ოპერატორთან, SSA Marine-თან “ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა” ხელშეკრულება 2017 წელს გააფორმა. კომპანიას ანაკლიის პორტის საკონტეინერო ტერმინალის ოპერირების უფლება 20 წლის ვადით გადაეცა.

მასალების გადაბეჭდვის წესი