“კანონი და სამართალი” – თაკო ჩარკვიანი ახალ პარტიას ქმნის

“კანონი და სამართალი” – ამ სახელწოდებით პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი ახალ პოლიტიკურ გაერთიანებას ქმნის. ამის შესახებ მან ტელეიმედის გადაცემაში “პირისპირ” ისაუბრა.

როგორც თაკო ჩარკვიანი აცხადებს, ის პარტნიორობას გაერთიანებულ ოპოზიციასთან და პროდასავლურ პარტიებთან გეგმავს. პუბლიცისტი ახალი გაერთიანებული პოლიტიკური ძალით მოქმედებას მმართველი პარტიის წინააღმდეგ გეგმავს. ჩარკვიანი ქვეყნის მთავარ გამოწვევებად კორუფციასა და სასამართლო ხელისუფლებაში არსებულ პრობლემებს მიიჩნევს.

თაკო ჩარკვიანი იყო გაერთიანებული ოპოზიციის წევრი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს და მხარს უჭერდა გრიგოლ ვაშაძეს.

პუბლიცისტი იყო ჩართული გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო კამპანიაში და როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერებს ხვდებოდა. მისი თქმით, ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნა სწორედ მოსახლეობასთან ხშირი შეხვედრების შემდეგ მიიღო.

2018 წლის 1 დეკემბერს ქუთაისის აეროპორტში თაკო ჩარკვიანსა და მის ქმარს სავარაუდოდ პოლიტიკური შეხედულებების გამო თავს დაესხნენ. მალევე პოლიციამ ინციდენტში მონაწილე ოთხი პირი დააკავა, რომლებსაც 3 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.