ახალი ამბები

თაკო ჩარკვიანზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულს 3 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს

3 დეკემბერი, 2018 • 1868
თაკო ჩარკვიანზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულს 3 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს

3 დეკემბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 3 000-ლარიანი გირაო შეუფარდა დავით გორგოძეს, რომელიც პოლიციამ პირველ დეკემბერს დააკავა ოპოზიციის წევრ თაკო ჩარკვიანსა და მის მეუღლეზე თავდასხმის ბრალდებით.

ნეტგაზეთს ქუთაიასის საქალაქო სასამართლოს მენეჯერმა, ავთო კვინიკაძემ, დაუდასტურა, რომ გორგოძეს 3 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს, როგორც ამას პროკურატურა ითხოვდა.

საპატიმროს დატოვება გორგოძეს გირაოს გადახდის შემდეგ შეუძლია.

მომდევნო სასამართლო სხდომა 2019 წლის 17 იანვარსაა ჩანიშნული.

ოპოზიციური გაერთიანების “ძალა ერთობაშია” წევრ თაკო ჩარკვიანსა და მის მეუღლეს სავარაუდოდ პოლიტიკური შეხედულებების გამო დაესხნენ თავს ქუთაისის აეროპორტში.

შსს-მ იმავე დღეს ოთხი ადამიანი დააკავა, აქედან ერთი – დავით გორგოძე – ძალადობის ბრალდებით (სისხლის სამართლის კოდექსით), ხოლო სამი — წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით (ადმინისტრაციული წესით).

ადმინისტრაციული წესით დაკავებული სამი პირიდან 2-ს პირველ დეკემბერსვე შეუფარდა ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 700-700 ლარი;

მესამის, დავით მაჭავარიანის პროცესი 12 დეკემბერს ჩაინიშნა. მაჭავარიანი, რომელიც ამავე დროს თბილისის საკრებულოს პროტოკოლის სამსახურის უფროსია, აცხადებს, რომ თავს არავის დასხმია და აეროპორტში ჩხუბში მონაწილე პირებს აშველებდა.

მონაწილეობდა თუ არა საკრებულოს პროტოკოლის უფროსი ჩარკვიანზე თავდასხმაში – სასამართლო 12 დეკემბერს გაიმართება

მასალების გადაბეჭდვის წესი