საზოგადოება

ნიკა გილაურის თქმით, პარტიის შექმნას არ აპირებს

29 მარტი, 2023 •
ნიკა გილაურის თქმით, პარტიის შექმნას არ აპირებს

ნიკა გილაური, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის” დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრი იყო, უარყოფს დეპუტატ თაკო ჩარკვიანის ცნობას, რომლის თანახმადაც, ახალი პარტიის შექმნას აპირებს ბიძინა ივანიშვილის დავალებით.

“ძვირფასო ფბ მეგობრებო – 10 წელია არანაირი პოლიტიკური განცხადება არ გამიკეთებია და არცერთი ინტერვიუ (პოლიტიკურ თემაზე) არ მიმიცია.

არც გუშინ საღამოს ეთერში გაკეთებულ განცხადებებზე ვაპირებდი გამოხმაურებას, მაგრამ იმის გამო, რომ მერე ვინმემ არ თქვას, რომ „გაჩუმება ნაწილობრივ მაინც თანხმობის ნიშანიაო“, ან „თუ ეგრე არ იყო, ფბ-ზე დაგეწერა მაინცო“ – ვწერ:

აბსოლუტურად ყველა, გუშინ საღამოს ეთერში გაკეთებული განცხადება ჩემ შესახებ არის სრული სიცრუე, გარდა ერთისა – მართლა ვიყავი საქართველოს პრემიერ-მინისტრი 2009 – 2012 წლებში და მართლა ბევრი კარგი რამე მაქვს ამ ქვეყნისთვის გაკეთებული”, — წერს გილაური “ფეისბუკზე”.

28 მარტს  “ფორმულას” ეთერში პარლამენტის დეპუტატმა თაკო ჩარკვიანმა ნიკა გილაური ბიძინა ივანიშვილის დავალდებით პარტიის შექმნაში დაადანაშაულა.

გარდა გილაურისა, ჩარკვიანმა ახსენა ენმ-ის ერთ-ერთი მოქმედი ლიდერი ნიკა მელია და პარტიიდან გასული ხატია დეკანოიძეც, რომლებიც, მისი მტკიცებით, გილაურის პარტიას უნდა შეუერთდნენ.

“ჩარკვიანის ჭორაობა/ბოდვას ჩემი სერიოზული პასუხი არ ექნება. ეს არის ერთადერთი კომენტარი ამ საკითხზე”, – დაწერა საპასუხოდ დეკანოიძემ, მელიამ კი თქვა:

“კაგებეს მეთოდით ჭორების გამავრცელებლები – მხოლოდ ასე შეიძლება ეწოდოთ ადამიანებს, რომელთაც ასეთი სამარცხვინო ტყუილების ტირაჟირება არ ეთაკილებათ”.

ნიკა გილაური “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების დროს, სხვადასხვა პერიოდში, ენერგეტიკისა და ფინანსთა მინისტრის, 2009-2012 წლებში კი — პრემიერ-მინისტრის პოზიციას იკავებდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი