თბილისის მერია

მერია პარლამენტთან აქციაზე: მერია იცავს კანონს და მოსახლეობის ინტერესებს

თბილისის მერია აცხადებს, რომ პარლამენტთან გამართული აქციების გარშემო მერიის წერილს “არასწორი ინტერპრეტაცია და პოლიტიკური სპეკულაცია” მოჰყვა და “დეკემბერში დაგეგმილ საახალწლო ღონისძიებებს არავითარი კავშირი არ აქვს რუსთაველის გამზირზე გუშინ  განვითარებულ მოვლენებთან”.

მათი განცხადებით, მერია “იცავს კანონს და მოსახლეობის ინტერესებს” და “თბილისში ყოველთვის ტარდება სხვადასხვა სახის შეკრებები და მათთვის დედაქალაქის მთავრობა არასდროს ყოფილა ხელისშემშლელი”.

მერიამ საზოგადოების მაღალი ინტერესის საბაბით გამოაქვეყნა მათ მიერ სარალიძისთვის გაგზავნილი წერილი.

მერია განმარტავს, რომ 1 ნოემბერს მათ მიმართეს აქციის ორგანიზატორებმა და მოითხოვეს საპროტესტო აქციების 31 დეკემბრამდე გაგრძელება. მერია აცხადებს, რომ მათ სამი დღის ვადაში აცნობეს ორგანიზატორებს “დეკემბერში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ და თხოვნით მიმართა მათ, გაეთვალისწინებინათ აღნიშნული გარემოება”.

“მოგეხსენებათ, თბილისში, პარლამენტის წინ ყოველწლიურად, ტრადიციულად  იმართება საახალწლო ღონისძიებები. თბილისის მერიას არ აქვს არავითარი უფლებამოსილება, აუკრძალოს ან ნება დართოს აქციის მონაწილეებს, განათავსონ კარვები. შესაბამისად, მერიის თხოვნის გათვალისწინება არის მერიაში შემოსული წერილის ავტორების, ამ შემთხვევაში – აქციის ორგანიზატორების პრეროგატივა”, – წერია მერიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

“მოვუწოდებთ პოლიტიკოსებს და მედიის წარმომადგენლებს, ნუ გამოიყენებენ ადმინისტრაციულ პროცესს პოლიტიკური მიზნებისთვის და ნუ შეყავთ საზოგადოება შეცდომაში. თბილისის მერიის მიერ დაგეგმილი ღონისძიებები მიმართულია მხოლოდ და მხოლოდ ქალაქის საკეთილდღეოდ და არა საზოგადოების გასახლეჩად და ადამიანების დასაპირისპირებლად”, — წერია განცხადებაში.

განცხადებას თან ერთვის მერიის სარალიძისთვის მიწერილი პასუხი:

მერიის პასუხი სარალიძეს

 

ზაზა სარალიძემ 9 ნოემბერს, წერილის მიღების შემდეგ, განაცხადა:

“[ამ წერილით] პირდაპირ გვითხრა დღეს ხელისუფლებამ, სადაც გინდათ, იქ იყავით, ჩვენ არანაირი ნაბიჯს არ გადავდგამთ თქვენს მოთხოვნაზეო. არ მისცემენ პასუხისგებაში ჩვენი შვილების მკვლელებს და საერთოდ არაფრის გამოძიებას არ აპირებენ. ეს წერია პირდაპირ ამ წერილში”.

ნახეთ ნეტგაზეთზე:

უარს ვამბობ ნაძვის ხეზე, ვირჩევ ადამიანს! – სარალიძე/მაჩალიკაშვილის მხარდამჭერი პეტიცია ინტერნეტში

ნაძვის ხის დადგმას აპირებენ და აქციის ადგილის შეცვლას გვაიძულებენ — სარალიძე

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლუკა პერტაია 2018 წლის 1 სექტემბრიდან არის ნეტგაზეთის რეპორტიორი. ის ადრეც მუშაობდა ნეტგაზეთში — 2016 წლის მაისიდან 2017 წლის თებერვლამდე. Email: lukapertaia@gmail.com