ახალი ამბები

ამნისტია შეძენა-შენახვისა და მსუბუქი ნარკოტიკის მოხმარებისთვის მსჯავრდებულთათვის: ვაშაძის დაპირება

4 ნოემბერი, 2018 • 3077
ამნისტია შეძენა-შენახვისა და მსუბუქი ნარკოტიკის მოხმარებისთვის მსჯავრდებულთათვის: ვაშაძის დაპირება

გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის თქმით, მისი გამარჯვების შემთხვევაში ამნისტია გამოცხადდება პირებზე, რომლებიც ნარკოტიკების შეძენა-შენახვისათვის და მსუბუქი ნარკოტიკების მოხმარებისთვის იხდიან სასჯელს. ამის შესახებ მან ქუთაისში ამომრჩეველტან შეხვერისას განაცხადა.

ვაშაძემ ხელისუფლების მიერ უკვე გაწვეული კანონპროექტი სამედიცინო მარიხუანის კულტიცავიის შესახებ კიდევ ერთხელ გააკრიტიკა, თუმცა აღნიშნა, რომ რეპრესიულ ნარკოპოლიტიკას ეწინააღმდეგება.

„კონსტიტუციაში შევიტანთ შესწორებას და ჩვენ ვაგრძელებთ ხელმოწერების შეგროვებას, რომ საქართველო არასდროს გახდეს ნარკოპლანტაცია და საქართველოს ხელისუფლება არასოდეს გახდეს ნარკობარიგა.

არასოდეს საქართველოს ახალგაზრდობამ თავისი უბედურებით არ გაამდიდროს ვიღაც. და აქვე მინდა აღვნიშნო, რომ რეპრესიული ნარკოპოლიტიკის გამო უამრავი ახალგაზრდა მათ შორის ხელოვანები, ნიჭიერი ადამიანები, დღემდე იხდიან სასჯელს მსუბუქი ნარკოტიკების მოხმარებისთვის.

ჩვენი პარტნიორების, „რესპუბლიკური“ პარტიის ინიციატივით, რომელსაც ჩვენ მთლიანად ვიზიარებთ, პირველსავე დღეს, როგორც კი გავიმარჯვებთ, გამოვაცხადებთ ამნისტიას შეძენა-შენახვასა და მსუბუქი ნარკოტიკების მოხმარებაზე ვინც დღეს კიდევ ციხეშია“, – განაცხადა ვაშაძემ.

გრიგოლ ვაშაძე და ნარკოპოლიტიკა

იმაზე, რომ ვაშაძისგან მიღებულ დაპირებებს შორის ერთ-ერთი არსებული ნარკოპოლიტიკის გადახედვა იყო, “რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ კორძაიამ 2 ნოემბერს ისაუბრა.

“ბატონი გრიგოლისგან მივიღეთ დაპირება, რომ ის აუცილებლად სიღრმისეულად იმუშავებს ციხეში მყოფი იმ ადამიანების საკითხზე, ვინც შეძენა-შენახვისთვის არიან დღეს პატიმრობაში”, – განაცხადა კორძაიამ. “რესპუბლიკური პარტია” მეორე ტურში მხარს სწორედ ვაშაძეს უჭერს.

ვაშაძე ნარკოპოლიტიკასთან მიმართებით პირველ ტურამდე აღნიშნავდა, რომ ნარკოტიკების გამსაღებელთა მიმართ სასჯელი მკაცრი უნდა იყოს, თუმცა ის უნდა გაიმიჯნოს მომხმარებლისაგან.

“სწრაფად და ეფექტურად უნდა მოხდეს ნარკოპოლიტიკის რეალური გადახედვა და ისეთი საკითხების დარეგულირება, როგორიცაა, მაგალითად, დოზების ოდენობა და შესაბამისი სასჯელის ადეკვატურობა. მკაცრად უნდა გაიმიჯნოს ერთმანეთისაგან არალეგალური ნარკოტიკების მომხმარებელი და გამსაღებელი”, – ვკითხულობთ პროგრამაში.

თუმცა, გრიგოლ ვაშაძემ საკმაოდ ხისტი შეფასება გააჟღერა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიმართ მარიხუანის მოხმარების ლეგალიზების შესახებ:

“თურმე ადამიანს უფლება აქვს ისე დაისვენოს, როგორც უნდა და შეკითხვა მაქვს კონსტიტუციურ სასამართლოსთან, პედოფილსაც აქვს უფლება ისე დაისვენოს, როგორც უნდა?!” – ამბობდა გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი.

მასალების გადაბეჭდვის წესი