ახალი ამბები

რა დაპირებები მიიღეს “რესპუბლიკელებმა” ვაშაძისგან – თამარ კორძაია

2 ნოემბერი, 2018 • 2141
რა დაპირებები მიიღეს “რესპუბლიკელებმა” ვაშაძისგან – თამარ კორძაია

რესპუბლიკური პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა, თამარ კორძაიამ ჩამოთვალა სამი ძირითადი დაპირება, რაც მისმა პარტიამ ოპოზიციური ბლოკის საპრეზიდენტო კანდიდატისგან, გრიგოლ ვაშაძისგან მიიღო და რის გამოც “რესპუბლიკელები” მას მეორე ტურში მხარს დაუჭერენ.

“ჩვენ მხარს ვუჭერთ პერსონალურად ბატონ გრიგოლ ვაშაძეს იმიტომ, რომ ჩვენ მისგან მივიღეთ პერსონალურად დაპირება ისეთ საკითხებზე, რომლებიც რესპუბლიკური პარტიისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი”, – ამბობს კორძაია.

პირველი პირობა ევროკავშირთან და ნატოსთან საქართველოს ინტეგრაციის განმტკიცებაა კონსტიტუციაში: “კონსტიტუციაში ამ საკითხმა არათუ გარდამავალ დებულებებში, არამედ სათანადო ადგილას უნდა ჰპოვოს ადგილი”,- ამბობს პარტიის პოლიტიკური მდივანი.

მეორე პირობაა სასამართლო რეფორმის მხარდაჭერა: “ის [ვაშაძე] დაგვპირდა, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში … ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ მან, როგორც პრეზიდენტმა, შეამზადოს ვითარება სასამართლო რეფორმისათვის”, – თქვა კორძაიამ.

მესამე პირობა ნარკოპოლიტიკას შეეხება: “ბატონი გრიგოლისგან მივიღეთ დაპირება, რომ ის აუცილებლად სიღრმისეულად იმუშავებს ციხეში მყოფი იმ ადამიანების საკითხზე, ვინც შეძენა-შენახვისთვის არიან დღეს პატიმრობაში”, – განაცხადა კორძაიამ.

მისი თქმით, ქვეყანაში ნარკოპოლიტიკა, “რომელმაც მიიღო გაურკვეველი ხასიათი, უნდა შეიცვალოს და ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს ჰუმანური ნარკოპოლიტიკა მომხმარებლების და ციხეში მყოფი ადამიანების მიმართ იმ იდეებისგან, რომლებსაც “ქართული ოცნება” დღეს ახმოვანებს”.

თამარ კორძაიას თქმით, ეს პირობები ამ ეტაპზე საკმარისია იმისათვის, რომ პარტიამ ვაშაძეს მხარი დაუჭიროს.

ნახეთ ასევე:

ბოდიშს ვინც მოიხდის, უნდა აპატიო — ბერძენიშვილი სააკაშვილზე

მასალების გადაბეჭდვის წესი