ახალი ამბები

SJC: 2022 წელს ნარკოპოლიტიკის მიმართულებით არსებითი ცვლილებები არ განხორციელებულა

3 აგვისტო, 2023 • 1287
SJC: 2022 წელს ნარკოპოლიტიკის მიმართულებით არსებითი ცვლილებები არ განხორციელებულა

„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ მიმოიხილავს საქართველოში ნარკოპოლიტიკის მიმართულებით 2022 წლის ტენდენციებს და აცხადებს, რომ ამ მიმართულებით, სისტემური ცვლილებების თვალსაზრისით, წინა წლებისგან მნიშვნელოვნად არაფერი შეცვლილა.

ორგანიზაციის განცხადებით, კვლავაც დღის წესრიგში დგას საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების, მათ შორის, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებების კანონმდებლობაში ასახვის აუცილებლობა და საჯარო უწყებების მიერ არასრულყოფილი სტატისტიკის წარმოების პრობლემა.

ორგანიზაციის განცხადებით, ანგარიშის ფარგლებში აგრეთვე გამოიკვეთა, რომ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების პრევენციის მიზნით ქვეყანაში მხოლოდ ფრაგმენტული და წერტილოვანი პროგრამები ხორციელდება, რაც ვერ უზრუნველყოფს მასშტაბურ და გრძელვადიან შედეგს.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრი აღნიშნავს“, რომ საქართველოში მოქმედი ნარკოკანონმდებლობა მეტწილად ისევ სადამსჯელო ღონისძიებებისა და მიწოდების შეზღუდვისკენაა მიმართული.

შესაბამისად, ორგანიზაცია აუცილებლად მიიჩნევს ნარკოპოლიტიკის ძირეული რეფორმის განხორციელებას, რომელიც სადამსჯელო ღონისძიებების ნაცვლად მიმართული იქნება ადამიანის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობისა და პრევენციული ღონისძიებების გატარებისკენ. სისტემურ რეფორმაში ორგანიზაცია მოიაზრებს ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების დეკრიმინალიზაციას, ნარკოდანაშაულისთვის გათვალისწინებული სანქციების ლიბერალიზაციას, აგრეთვე, უფლებების ჩამორთმევის მექანიზმის რეფორმირებასა და მკურნალობა-რეაბილიტაციის სისტემის გაუმჯობესებას.

ანგარიშის ავტორების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ 2021-2022 წლების ანტინარკოტიკულ სამოქმედო გეგმაში ხაზგასმულია საკანონმდებლო ბაზის დახვეწის საჭიროება, 2022 წელს ნარკოდანაშაულის მარეგულირებელ ნორმატიულ აქტებში არსებითი ცვლილება არ განხორციელებულა. ამასთან, „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ აღნიშნავს, რომ საქართველოს პარლამენტი ვერ უზრუნველყოფს შესაბამისი ცვლილებების მომზადებას საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებების ეფექტიანად და დროულად აღსასრულებლად.

დოკუმენტის ავტორების თქმით, საჯარო უწყებების დიდი ნაწილი ნარკოდანაშაულთან დაკავშირებულ ინფორმაციას არასრულყოფილად გასცემს. ამასთან, პრობლემურადაა შეფასებული სტატისტიკის წარმოების მეთოდოლოგიაც, რაც ხელს უშლის ეფექტიანი და მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის განხორციელებას. ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლოს წარმოებაში აქვს ნარკოტიკულ დანაშაულთან დაკავშირებული არაერთი მნიშვნელოვანი კონსტიტუციური სარჩელი/წარდგინება, რომელთა განხილვაც ჭიანურდება.

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ 2022 წელს რეგისტრირებული ნარკოტიკული დანაშაულის ჯამური მაჩვენებელი (5471) 2021 წელთან შედარებით (3873) გაზრდილია 41%ით, რაც საანგარიშო პერიოდში დანაშაულის წლიური მატების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. 2022 წელს გაიზარდა ნარკოტიკულ დანაშაულებზე სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების ჯამური მაჩვენებელიც (4802) და ის მხოლოდ მცირედით ჩამორჩება პანდემიამდე არსებულ (2019 წლის) ნიშნულს (5120).

ანგარიშის ავტორები აღნიშნავენ, რომ საანგარიშო წელს ნარკოტიკულ დანაშაულებში მსჯავრდადებულ პირებს ყველაზე ხშირად პირობითი სასჯელი ენიშნებოდათ (პირველი ინსტანციის სასამართლოების მიერ განხილულ საქმეთა 66%, რაც 10%ით აღემატება 2021 წლის მაჩვენებელს), ყველაზე იშვიათად კი – საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა. ამასთან, 2022 წელს, წინა წელთან შედარებით, გაზრდილია ნარკოტიკულ შემოწმებაზე გადაყვანილი პირების რაოდენობა. ამასთანავე, მზარდია დადებითი შედეგის მქონე პირთა პროცენტული მაჩვენებელიც (72%).

საანგარიშო პერიოდში გაზრდილია საქართველოს პრეზიდენტის მიერ ნარკოდანაშაულში მსჯავრდადებული პირების შეწყალების მაჩვენებელი – 2022 წელს პრეზიდენტმა ნარკოტიკულ დანაშაულში მსჯავრდადებული 25 პირი შეიწყალა.

„კვლავაც პრობლემად რჩება ოპიოიდებით ჩანაცვლებითი თერაპიის გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის საკითხი. გარდა ამისა, პენიტენციურ სისტემაში კვლავაც არ არსებობს ოპიოიდებით ჩანაცვლების გრძელვადიანი სამედიცინო პროგრამა“, — ვკითხულობთ ანგარიშში.

ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ ოპიოიდებით ზედოზირების დროს გამოსაყენებელი პირველადი დამხმარე საშუალების – პრეპარატ „ნალოქსონის“ მარაგი სააფთიაქო ქსელებში მცირეა. შესაბამისად, დღის წესრიგში დგას მასზე ხელმისაწვდომობის პრობლემაც.

კერძოდ, „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ განცხადებით, სააფთიაქო ქსელების (შპს „პსპაფთიაქი“, „ავერსი“, „ჯპსაფთიაქი“, „ფარმადეპო“, „იმპექსი“) ვებგვერდების ანალიზით ვიგებთ, რომ „ნალოქსონი“ მხოლოდ „ავერსის“ სააფთიაქო ქსელშია ხელმისაწვდომი. თუმცა, კომპანია „ავერსის“ ფილიალებიდანაცკი  პრეპარატი წარმოდგენილია თბილისის 10 და რეგიონების მხოლოდ 9 ფილიალში. „ნალოქსონის“ მარაგის შესახებ უფრო დეტალური ინფორმაციის მისაღებად სოციალური სამართლიანობის ცენტრმა წერილობითაც მიმართა სააფთიაქო ქსელებს, კერძოდ, გამოითხოვა ინფორმაცია კერძო სააფთიაქო ქსელების მიერ საანგარიშო პერიოდში შემოტანილი და რეალიზებული „ნალოქსონის“ ჯამური რაოდენობის შესახებ, თუმცა შესაბამისი პასუხი არცერთი მათგანისგან არ მიუღია:

„ნალოქსონის“ სასიცოცხლო მნიშვნელობის გათვალისწინებით, „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ მოუწოდებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სააფთიაქო ქსელებთან კომუნიკაციისა და ადვოკატირების გზით უზრუნველყოს პრეპარატის ხელმისაწვდომობა“, — ვკითხულობთ დოკუმენტში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ მოუწოდებს:

საქართველოს პარლამენტს:

  • 2021-2022 წლების ანტინარკოტიკული სამოქმედო გეგმის შესრულების მიზნით, უზრუნველყოს საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება, მათ შორის დროულად განიხილოს პარლამენტში უკვე ინიციირებული კანონპროექტები;
  • საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების მიზნით, სისხლის სამართლის კოდექსში განახორციელოს შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები;
  • უზრუნველყოს ე.წ. სამოქალაქო უფლებების ჩამორთმევის მექანიზმის რეფორმირება – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევასთან მიმართებით გააუქმოს უფლების ჩამორთმევის შესაძლებლობა, სისხლის სამართლის დანაშაულებთან მიმართებით კი, დისკრეციული უფლებამოსილების სახე მისცეს მას.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს:

ოპტიმალურ ვადაში განიხილოს ნარკოტიკულ დანაშაულებთან და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებული კონსტიტუციური სარჩელები და წარდგინებები.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს:

ფართოდ ხელმისაწვდომი გახადოს ოპიოიდებით ჩანაცვლების პროგრამები და გააუმჯობესოს არსებული სერვისები;
სააფთიაქო ქსელებთან კომუნიკაციის გზით გადადგას ნაბიჯები პრეპარატ „ნალოქსონის“ (Naloxone) მარაგის შესავსებად.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ და საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურმა:

პირველადი პრევენციის გაძლიერების ფარგლებში გააფართოონ მტკიცებულებებზე დაფუძნებულ პრევენციულ პროგრამებში ჩართულ ბენეფიციართა წრე.

ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრმა უწყებებმა:

  • გააუმჯობესონ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ხარისხი;
  • დახვეწონ სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებისა და დამუშავების მეთოდები;
  • დაიწყონ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე ე.წ. სამოქალაქო უფლებების ჩამორთმევის სტატისტიკის აღრიცხვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი