ახალი ამბები

სარალიძე და მაჩალიკაშვილი ფართომასშტაბიან აქციას აანონსებენ

4 ნოემბერი, 2018 • 2842
სარალიძე და მაჩალიკაშვილი ფართომასშტაბიან აქციას აანონსებენ

3 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, მცირეხნიან აქციაზე შეკრებილებს შვილმოკლულმა მამებმა სიტყვით კვლავ მიმართეს. ზაზა სარალიძემ და მალხაზ მაჩალიკაშვილმა მხარდამჭერებს თავიანთი მოთხოვნები კვლავ შეახსენეს და ფართომასშტაბიანი აქციაც დააანონსეს.

როგორც ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ, “ნეტგაზეთს” განუცხადა, შეკრება უცვლელი მოთხოვნებით გაიმართება, თუმცა ამ ეტაპზე თარიღის დასახელებისგან ორგანიზატორები თავს შეიკავებენ.

“როდის იქნება, ამას წინასწარ შეგნებულად არ ვიტყვი, იქიდან გამომდინარე, რომ მთელი ძალოვანი უწყებების სრულ მობილიზაციას ახდენენ და ხალხს აშინებენ, ასე რომ ვთქვათ.

მოვუწოდებთ ისევ და ისევ მთელ საქართველოს და კონკრეტულად, შვილმოკლულ მშობლებს, რომ დაგვიდგნენ გვერდით და ერთად გავაპროტესტოთ ჩვენი შვილების მკვლელები და სისხლიანი რეჟიმი, რომლის მსხვერპლნიც გახდნენ ისინი. არსად ვაპირებთ წასვლას, სანამ ჩვენი შვილების მკვლელებს პასუხისგებაში არ მისცემენ”, – აცხადებს ის.

პანკისის სპეცოპერაციისას დაღუპული თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, უკვე გამართული თუ დაგეგმილი აქციით ხელისუფლებას კვლავ ახსენებენ, რომ მოთხოვნათა დაკმაყოფილებამდე არსად აპირებენ წასვლას:

“მიდის ადამიანების დაშინება, ყველანაირი წინააღმდეგობა, რომ არ შეიკრიბოს ხალხი, მაგრამ ასე თუ ისე, ხალხი გამოვა, როცა თარიღს ვიტყვით. ეს გვანახა 28 ოქტომბრის არჩევნებმაც…

…ჩვენ აქ ვართ, არსად წავსულვართ და არც ვაპირებთ სადმე წასვლას, სანამ ყველა ის ადამიანი არ დაისჯება, ვინც დანაშაული ჩაიდინა. ვიქნებით აქ, სანამ ჩვენს ყველა კითხვას არ გაეცემა პასუხი”, – უთხრა მაჩალიკაშვილმა “ნეტგაზეთს”.

მაის-ივნისში გამართული მრავალათასიანი დემონსტრაციების შემდეგ, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ და პანკისში სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ აქციები 11 სექტემბერს, უცვლელი მოთხოვნებით გაანაახლეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი