საზოგადოება

სარალიძის მკვლელობისთვის მსჯავრდებული კალანდია პრეზიდენტს შეწყალებას სთხოვს

5 ოქტომბერი, 2023 • 1312
სარალიძის მკვლელობისთვის მსჯავრდებული კალანდია პრეზიდენტს შეწყალებას სთხოვს

დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდადებულმა მიხეილ კალანდიამ პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართა ბრალის აღიარების გარეშე.

ინფორმაცია, რომელიც თავდაპირველად „ინტერპრესნიუსმა“ გაავრცელა, „ნეტგაზეთს“ კალანდიას ადვოკატმა, ზურაბ თოდუამ დაუდასტურა. მისი თქმით, კალანდიას წერილი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაახლოებით 10 დღის წინ დარეგისტრირდა.

„პრეზიდენტი გახლავთ ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირი, რომელსაც შეუძლია სამართლიანობის აღდგენის ნაწილში გამოიყენოს თავისი დისკრეცია და კალანდია შეიწყალოს. იმედი გვაქვს, რომ გამოიყენებს ამ დისკრეციას, რამეთუ საქმის მასალებით, მიხეილ კალანდია არის პოლიტიკური პარტიების ძიძგილაობის მსხვერპლი“, — აცხადებს ზურაბ თოდუა.

მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“, მაშინდელი შს მინისტრ გიორგი გახარიას ხელით, ანგაჟირებული პოლიტიკური ძალების მოთხოვნის ფონზე, ხელისუფლებისთვის დისკომფორტის ასაცილებლად „გაასამართლა უდანაშაულო ადამიანი“.

ადვოკატი ამბობს, რომ მიხეილ კალანდია საკუთარ ინტერესებს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოშიც დაიცავს.

მიხეილ კალანდია 2017 წლის დეკემბერში ხორავას ქუჩაზე მომხდარი ჩხუბის ერთ-ერთი მონაწილე იყო. ჩხუბში ორი არასრულწლოვანი მოკლეს – დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი. თვეების განმავლობაში კალანდია საქმეში მოწმის სტატუსით ფიგურირებდა, რასაც სარალიძის მამა აპროტესტებდა.

კალანდიას შესაძლო ბრალეულობაზე თავის დასკვნაში წერდა პარლამენტის საგამოძიებო კომისია, რომელიც ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე 2018 წელს შეიქმნა პარლამენტში.

2020 წლის 25 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ კალანდიას 11 წლით და 3 თვით პატიმრობა მიუსაჯა. იგი დამნაშავედაა ცნობილი დავით სარალიძის ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობაში. სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიის გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა. სააპელაციო სასამართლომ წინა ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

11-წლიანი პატიმრობა მიხეილ კალანდიას | ხორავას საქმე

მასალების გადაბეჭდვის წესი