ახალი ამბები

ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ — მაჩალიკაშვილი ECHR-ის გადაწყვეტილებაზე

19 იანვარი, 2023 • 1901
ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ — მაჩალიკაშვილი ECHR-ის გადაწყვეტილებაზე

მალხაზ მაჩალიკაშვილი აცხადებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ECHR) გადაწყვეტილების შემდეგ ქართულმა მხარემ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე ხელახლა უნდა გამოიძიოს.

ის ამბობს, რომ დანაშაულს იძიებდა მისივე ჩამდენი — სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, მიუხედავად ამისა, უწყებამ ვერ შეძლო, სრულად დაედო „სათავისო მასალა“.

„ევროპული სასამართლო ამბობს, რომ ეს საქმე არ იყო გამოძიებული და აქედან გამომდინარე მათ არ შეუძლიათ პირდაპირ თქვან, რომ ეს ადამიანი სახელმწიფომ მოკლა. ჩემთვის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია, რომ ევროპული სასამართლო ამბობს, რომ ამ საქმეში არის ძალიან ბევრი დარღვევა და საქმე არ არის ეფექტურად გამოძიებული. ამავდროულად, მიზანმიმართულად მოხდა ყველაფერი, რომ სტრასბურგშიც მთლიანად არ გავმართლებულიყავით. ამიტომ ხდებოდა, არ მოგვანიჭეს დაზარალებულის სტატუსი. მართალი გითხრათ, მე ამ გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ. როცა სახელმწიფოსთან გაქვს საქმე, ევროპული სასამართლო ცდილობს, ის სახელმწიფოც არ დაჩაგროს. მიუხედავად ამისა, ყველაზე მთავარი, რაც ითქვა, ისაა, რომ საქმე არაეფექტურად არის გამოძიებული“, — განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. გადაწყვეტილების მიხედვით, რომელიც 19 იანვარს გამოქვეყნდა, სასამართლომ დაადგინა, რომ პროცედურულ ნაწილში (მაჩალიკაშვილის მკვლელობის გარემოებების არასათანადო გამოძიება) დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლი (სიცოცხლის უფლება), თუმცა კოლეგიის წევრი მოსამართლეების უმრავლესობის აზრით, ამავე მუხლის არსებითი ნაწილი, რაც უშუალოდ იმას ეხება, გამოიყენა თუ არა სახელმწიფომ არასათანადო ლეტალური ძალა თემირლან მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ, არ დარღვეულა.

მაჩალიკაშვილების სარჩელი სტრასბურგმა ნაწილობრივ დააკმაყოფილა

 

მასალების გადაბეჭდვის წესი