საზოგადოება

4 აქცია უახლესი ისტორიიდან, როცა კარავი პროტესტის მნიშვნელოვანი ატრიბუტი იყო

11 ოქტომბერი, 2023 • 1191
4 აქცია უახლესი ისტორიიდან, როცა კარავი პროტესტის მნიშვნელოვანი ატრიბუტი იყო

გასულ კვირას პარლამენტმა ე.წ. კარვების კანონი მიიღო, რომელიც აქციებზე დროებითი კონსტრუქციების მოწყობის წესს ამკაცრებს.

თუმცა ადამიანები, რომლებსაც საქართველოში პროტესტის გამოცდილება აქვთ, ამბობენ, რომ ჯერ კიდევ ამ კანონის მიღებამდეც კარვის გაშლა  სირთულეებთან და პოლიციის მხრიდან წინააღმდეგობასთან იყო დაკავშირებული, რადგან ხელისუფლებისთვის კარავი ყოველთვის ასოცირდებოდა ხანგრძლივ დისკომფორტთან.

ამიტომ ხელისუფლების არგუმენტი, რომ კანონის მიღება სუს-ის გავრცელებულ ინფორმაციას უკავშირდება, რომლის მიხედვითაც ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში „დესტაბილიზაციის მოწყობა“ იგეგმება, მათთვის დამაჯერებელი არ არის.

სხვადასხვა საპროტესტო მოძრაობის მონაწილეები ნეტგაზეთთან ამბობენ, რომ კარავი მხოლოდ ოპოზიციის აქციებზე არ იშლება და ამა თუ იმ მოთხოვნით ჩატარებული პროტესტის მთავარი შემადგენელი ატრიბუტიცაა, რომელიც ხშირად იმაზე ეფექტურია, ვიდრე ერთჯერადი შეკრებით გამოხატული პროტესტი.

რიონის ხეობის მოძრაობა

„ახლა ბევრს ჰგონია, რომ თავად არ ეხება ეს კანონი. ნამახვანამდე, ცხოვრებაში კარავი მეც არ გამიშლია და არც მიფიქრია, რომ დამჭირდებოდა, მაგრამ ხომ მომიწია?!“, – გვეუბნება ვარლამ გოლეთიანი ე.წ. კარვების კანონზე საუბრისას.

სამოქალაქო მოძრაობის „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ლიდერს კარვებით პროტესტის გამოხატვის დიდი გამოცდილება აქვს. ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საპროტესტო მოძრაობა სწორედ ნამახვანჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო აქციები იყო, რომლის დროსაც მოქალაქეებს რიონის ხეობაში კარვები 554 დღე ჰქონდათ გაშლილი.

ვარლამ გოლეთიანს პროტესტის ნიშნად კარავი ახლაც გაშლილი აქვს, ამჯერად, ონის მერიასთან და თანამოაზრეებთან ერთად ბიზნესმენ დავით ხიდაშელის კომპანიისთვის რაჭის ტყეში 49 წლით გაცემული სამონადირეო ლიცენზიის გაუქმებას ითხოვს.

ე.წ. კარვების კანონი პარლამენტმა დაჩქარებული წესით გასულ კვირას მიიღო, მაგრამ იმის გამო, რომ პრეზიდენტმა კანონს ვეტო დაადო, კანონი ჯერ არ ამოქმედებულა. თუმცა ვარლამ გოლეთიანი ნეტგაზეთთან ამბობს, რომ პოლიცია აღნიშნულ კანონს ჯერ კიდევ მიღებამდე რამდენიმე დღით ადრე იყენებდა იმის საბაბად, რომ ონის მერიის წინ დემონსტრანტებისთვის კარვის გაშლის უფლება არ მიეცათ.

ონის მერიის წინ გაშლილი კარავი 09.10.2023. ფოტო: რიონის ხეობის გადარჩენისთვის/ FB

გოლეთიანს მიაჩნია, რომ კანონის მიღების რეალური მოტივაცია არა სუს-ის განცხადება, არამედ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაა. მისი თქმით, ხელისუფლებამ იცის, რომ იმ პრობლემებიდან ყურადღების გადატანას, რაც ხალხს რეალურად აწუხებს, დიდხანს ვეღარ შეძლებს და ამიტომ რეპრესიული მიდგომებისთვის ემზადება.

„მე სულ არ მიკვირს ხელისუფლების მოქმედებები და იმასაც ველოდები, რომ ცხადად რეპრესიულები გახდებიან და პირდაპირ ფიზიკურად დაგვიპირისპირდებიან. აუცილებლად დადგება ეს დროც“, – ამბობს ვარლამ გოლეთიანი.

გოლეთიანის თქმით, ის, რომ ხელისუფლება კარვებს ერჩის, შემთხვევითი არ არის. მისი თქმით, ერთჯერადი საპროტესტო აქციები ხელისუფლებაზე ისეთ ზეგავლენას ვერ ახდენს, როგორსაც კარვებით ხანგრძლივი პროტესტი.

„ახლაც კარავში ვსხედვართ და შეიძლება ვიღაცების თვალში ეს ისე ჩანს, რომ ძალიან გვიხარია აქ ყოფნა. მოვიდნენ, 1 საათით დასხდნენ და ნახავენ, რამდენად რთული პროცესია. თავის დროზე ჩვენ მოგვიწია პროტესტის ამ რთული ფორმებისთვის მიგვემართა, რადგან ასაჩივრებ და რეაგირება არ არის, ერთხელ შეიკრიბები სადღაც 1-2 საათით, გიყურებენ მოთმინების თვალით, რომ დაიშლები და წამოხვალ. არანაირი დისკომფორტი არ ექმნებათ. ამათ[ხელისუფლებას] კარგად მიაგნეს იგნორირების მექანიზმს – მიდი, ილაპარაკე, ამ ლაპარაკს არავინ გიშლის, ცოტა ხანს იქნები და მერე წახვალ სახლში.

ამ დამოკიდებულებამ მიგვიყვანა იქამდე, რომ კარვებით პროტესტი დავიწყეთ ნამახვანში, რადგან არც სამართლებრივი გზებით ბრძოლა, არც ერთჯერადად სადმე შეკრება, არანაირ ზეგავლენას არ ახდენდა პროცესზე. მერე იძულებული ხარ, რომ სადმე დადგე ფიზიკურად“, – აცხადებს ვარლამ გოლეთიანი.

კარვები რიონის ხეობაში. 21.03.2021 ფოტო: რიონის ხეობის გადარჩენისთვის / FB

ვარლამ გოლეთიანის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოების წევრებმა, მათ შორის პროსამთავრობო განწყობის მქონე ადამიანებმა, გაიაზრონ, რომ „კარვების კანონი“ მხოლოდ ხელისუფლების ოპონენტების წინააღმდეგ არ არის მიმართული.

მისი თქმით, ადამიანები, ვინც ახლა მთავრობის მხრიდან ამ კანონის მიღებას ამართლებენ, ერთ დღეს შეიძლება თავად აღმოჩნდნენ პრობლემის წინაშე და აღმოაჩინონ, რომ პროტესტის გამოხატვის უფლება აღარ აქვთ დარჩენილი.

„ამიტომ, ამ დროს ნიშნის მოგებით მოქმედება არ არის სწორი. არც ის, რომ კონკრეტული ჯგუფის წინააღმდეგ მოქმედებას შევწიროთ ქვეყნის ინტერესი. იგივე იყო აგენტების კანონზეც, ისე გამოიყვანეს, რომ თითქოს კონკრეტულ ჯგუფს ეხებოდა და სინამდვილეში ყველას გვეხებოდა და მაგიტომ იყო პრობლემა[…]

ონის მერიასთან რომ გავშალეთ კარავი 2 ოქტომბერს, უკვე ჯერ არმიღებულ კანონს იყენებდა პოლიცია საფუძვლად და გვეუბნებოდა, რომ ადექით აქედან და წადით, რადგან არ შეგიძლიათ ადმინისტრაციული შენობის წინ კარვის გაშლაო. ანუ, შენ რომ გგონია, რომ მხოლოდ ნაცები არიან სამიზნე ამ კანონის და რასაც „იმედზე“ ან სხვა არხებზე გეუბნებიან, ასე არ არის. აგერ, შეგვეხო პირდაპირ ხალხს“, – აცხადებს ვარლამ გოლეთიანი.

ვარლამ გოლეთიანი. ფოტო: სოფო აფრიამაშვილი/ნეტგაზეთი

როგორც გოლეთიანი ამბობს, თავად არ აპირებს, რომ აღნიშნულ კანონს დაემორჩილოს, როცა ის ამოქმედდება.

„მე პირადად ერთი რამ ვიცი ახლა: პოლიცია რომ მოვა და მომიწოდებს, დაშალეთ ეგ კარავიო, არ დავშლი და გავუწევ წინააღმდეგობას. თუ ჩვენ, საზოგადოება, რაციონალურად ვერ ვიღებთ გადაწყვეტილებას, რა არის სწორი და რა არასწორი, მე სხვა რა გზა დამრჩენია?! მომადგება კარავთან პოლიციელი, ვეტყვი, რომ არ დავშლი კარავს და დამიჭიროს. მერე გამოვალ [ციხიდან] და გავაგრძელებ ისევ… რაღაცას ვიზამ“, – აცხადებს ვარლამ გოლეთიანი.

აქონდროპლაზიის მქონე ბავშვის დედა

იმას, რომ კარვის გაშლის შეზღუდვა მხოლოდ ხელისუფლების პოლიტიკურ ოპონენტებს არ ეხებათ, მოწმობს მიმდინარე წლის გაზაფხულზე აქონდროპლაზიის მქონე ბავშვთა მშობლების საპროტესტო აქციები. მაშინ მშობლების პროტესტი მთავრობის ადმინისტრაციასთან 24-საათიან რეჟიმში გრძელდებოდა, თუმცა შვილებისთვის მედიკამენტის მოთხოვნით ქუჩაში გამოსულ მშობლებს პოლიციამ კარავი არ გააშლევინა, მიუხედავად იმისა, რომ ე.წ. კარვების კანონი ჯერ არც კი არსებობდა.

აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვთა მშობლების აქცია

„ძლიერი წვიმა იყო მოსალოდნელი. ჩვენ ღია ცის ქვეშ ვათევდით ღამეებს. წვიმას რომ მომზადებული დავხვედროდით, კარვის გაშლა დავიწყეთ. მაშინ ძალიან მკაცრად და ხისტად შეგვეწინააღმდეგა პოლიცია. როცა ვკითხეთ, რომელი კანონით და მუხლით გვეკრძალება კარავი, გვითხრეს, რომ მიდით და თავად მოძებნეთო. მე ვეუბნებოდი, რომ კანონში ვერ ვპოულობ, რომ კარავი აკრძალულია და რატომ არ გვაშლევინებთ-მეთქი… ასეთი შელაპარაკება იყო და, საბოლოო ჯამში, ეს კარავი გამოგვგლიჯეს ხელიდან და თავიანთ მანქანაში დაგვიმალეს, რომ არ გაგვეშალა.

მერე დედებმა პარკებისგან გააკეთეს კარავი. უბრალოდ, გადაფარებული ჰქონდათ პარკები და ესეც ჩამოგლიჯეს. შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონით არ იყო მაშინ კარავი აკრძალული, მაგრამ მაინც არ გვაშლევინებდნენ“, – იხსენებს ნეტგაზეთთან ერთ-ერთი მშობელი მაკუნა გოჩიაშვილი.

აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვთა მშობლების აქცია 30.04.2023
ფოტო: მაკუნა გოჩიაშვილი / FB

მისი თქმით, ნებისმიერი სახის დაბრკოლებების შექმნა იმისთვის, რომ ადამიანმა ქუჩაში გამოხატოს თავის პროტესტი, უკვე საფრთხეა გამოხატვის თავისუფლებისთვის, მათ შორის, აპოლიტიკური აქციების დროსაც.

მაკუნა გოჩიაშვილი

„ჩვენი მაგალითიც ამას მეტყველებს, რომ რამდენიმე მშობელს კონკრეტული მოთხოვნა გვქონდა, ვითხოვდით მედიკამენტს და ამას ემსახურებოდა ჩვენი აქციები, რომ სახელმწიფოს ჰქონოდა რეაგირება. ამ პატარა მოთხოვნაშიც კი იყო აუცილებლობა იმის, რომ თავი შეგვეფარებინა [კარავში] და გაგვეგრძელებინა პროტესტი“, – ამბობს მაკუნა გოჩიაშვილი.

მალხაზ მაჩალიკაშვილის პროტესტი

კარვის გაშლისთვის ბრძოლა უცხო არ არის არც მალხაზ მაჩალიკაშვილისთვის, პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სასიკვდილოდ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამისთვის. მალხაზ მაჩალიკაშვილი წლებია შვილის საქმეზე სიმართლის დადგენას ითხოვს და ამ მიზნით  პარლამენტთან კარავი არაერთხელ ჰქონდა გაშლილი ჯერ ზაზა სარალიძესთან ერთად, შემდეგ- დამოუკიდებლადაც.

მისთვის კარვის გაშლას ხელს უშლიდა ხან პოლიცია, ხან კი- თბილისის მერია. მაგალითად, 2019 წლის 30 დეკემბერს საახალწლო ატრაქციონების დამონტაჟების მიზეზით მერიამ თვეების განმავლობაში პარლამენტის წინ გაშლილი მალხაზ მაჩალიკაშვილისა და სხვების კარვები პროტესტის ფონზე აიღო და გარშემო რკინის ბარიკადები მოაწყო.

ნეტგაზეთთან საუბრისას მალხაზ მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ მოქმედი ხელისუფლება კარვების გაშლის წინააღმდეგი ე.წ. კარვების კანონის გარეშეც იყო.

„არასდროს ყოფილა კარვის გაშლა მარტივი, ყოველთვის იყო ბრძოლა, ფიზიკური შეურაცხყოფები, ადამიანების უფლებების შეზღუდვა და დაჭერები. თუმცა მაინც იშლებოდა კარავი. დღეს თუ ფიქრობს ეს სისტემა, რომ ამ კანონის მიღების შემდეგ კარვებს ვერ გავშლით, ძალიან ცდებიან. ეს კანონი მიღებული არ ჰქონდათ, მაგრამ იმთავითვე გვებრძოდნენ.

რაც შეეხება ამ კანონს, ეს არის ამ მახინჯი სისტემის დასაცავად მიღებული რუსული კანონი. არანაირი სხვაობა არ არის, რაც ხდება რუსეთში, იგივე მეთოდით აპირებენ ბრძოლას იმათ წინააღმდეგ, ვინც სამართლიანობისთვის იბრძვის“, – ამბობს მალხაზ მაჩალიკაშვილი.

მალხაზ მაჩალიკაშვილისთვის აბსურდულია კანონის მისაღებად მმართველი პარტიის მიერ დასახელებული მიზეზი. მისი თქმით, ხელისუფლება ცდილობს ამ კანონით ხალხის მოსალოდნელ ვნებათაღელვას წინ აღუდგეს, რაც შესაძლოა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის არმიღებას მოჰყვეს.

„იმ სიბინძურეში, რასაც სუს-ს ვეძახით, შეიმუშავეს ეს გეგმა და გადაწყვიტეს, ხალხს დააჯერონ, რომ თურმე რევოლუციას აპირებენ და კარვებში უნდა შეიტანონ ასაფეთქებელი ნივთიერებები. ამდენი წელია ტერორისტს მეძახიან და წელიწადზე მეტი გავატარე პარლამენტის წინ კარავში და ამათი საუბრიდან გამომდინარე თუ ვინმე იყო ასეთი საშიშროების მატარებელი პიროვნება, მაშინ მე გამოვდიოდი. არასდროს არ მიფიქრია ასეთი რამ და არასდროს მივცემდი ჩემს თავს ამის უფლებას. ვინ არის ამაზე წამსვლელი, რომ კარვები გაშალოს და იქ ასაფეთქებელი ნივთიერებები შეიტანოს?! ეს არის სრული აბსურდი.

წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო – ზუსტად ესაა ახლა ამათი [მთავრობის] ნაბიჯი. ამათ ყოველთვის აშინებდათ კარვები. მე ერთი წამით არ შემიწყვეტია ბრძოლა და თუ კარვის გაშლა გახდა საჭირო, პირველი გავშლი კარავს“, – აცხადებს მალხაზ მაჩალიკაშვილი.

2007 წლის 7 ნოემბერი

„საერთოდ, ხელისუფლებები, როცა თავს მყარად ვერ გრძნობენ, მაშინ იწყებენ ხოლმე რაღაც ტიპის საკანონმდებლო ქირურგიის ჩატარებას“, – ამბობს ნეტგაზეთთან კონსერვატიული პარტიის ლიდერი ზვიად ძიძიგური, რომელსაც წარსულში არაერთ საპროტესტო აქციაში მიუღია მონაწილეობა.

ზვიად ძიძიგურის თქმით, ყველა ხელისუფლების დროს იყო მცდელობა, რომ შეკრებისა და მანიფესტაციების უფლება შეეზღუდათ, თუმცა ეს არცერთი მთავრობისთვის კარგად არ დასრულებულა და პოზიტიურ შედეგს ვერც „ქართული ოცნებისთვის” მოიტანს.

ე.წ. კარვების კანონზე საუბრისას ზვიად ძიძიგური 2007 წლის 7 ნოემბრის ძალადობრივ მოვლენებს იხსენებს, რომლის მონაწილეც თავად იყო. მაშინ ოპოზიცია მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების შეცვლას ითხოვდა და ამ მოთხოვნით პარლამენტის შენობასთან „კარვების ქალაქის“ გაშლა დააანონსა. იმჟამინდელი ხელისუფლების წარმომადგენლების პასუხი კი იყო, რომ „თბილისი კარვების ქალაქი არ გახდებოდა“, რასაც შემდგომ 7 ნოემბრის აქციის ძალადობრივად დარბევა მოჰყვა.

„როცა კარავი იდგმება აქციაზე, ეს ცალსახად ნიშნავს იმას, რომ აქცია იქნება ხანგრძლივი. კარავი იდგმება ისეთ ადგილას, საიდანაც მაქსიმალური დისკომფორტი უნდა შეუქმნა ხელისუფლებას. ამიტომაც არის, რომ მე რაც მახსოვს, ყველა ხელისუფლება კარავთან დაკავშირებით ნეგატიურად იყო განწყობილი. მეტსაც გეტყვით, როდესაც 2007 წლის 7 ნოემბერს კარვის გაშლა დაიწყო ოპოზიციამ პარლამენტის წინ, სწორედ მაშინ გადაწყვიტა სააკაშვილმა ამ აქციის დარბევა. ოღონდ, როგორც წესი, ასეთი ტიპის შეზღუდვები ხელისუფლებისთვის სასიკეთოდ არასოდეს მთავრდება“, – ამბობს ზვიად ძიძიგური.

აქციის მონაწილეთა ნაწილი პარლამენტის შენობასთან შიმშილობს 2007 წლის 6 ნოემბერი ფოტო: EPA ზურაბ ქურციკიძე

ზვიად ძიძიგურის თქმით, თუკი ქვეყანაში ისეთი საპროტესტო მუხტი აიწევა, რომ ადამიანების დიდი რაოდენობა მზად იქნება თავის პროტესტი გამოხატოს, რაც არ უნდა შეზღუდვები დაუწესონ, ეს სიტუაციას პირიქით, უფრო მეტად დაძაბავს.

„ჯერ კიდევ კომუნისტებმა დაიწყეს მიტინგებისა და მანიფესტაციების შეზღუდვა და ეროვნული მოძრაობის აზვირთება გამოიწვიეს. შევარდნაძის დროს კომენდანტის საათი გამოაცხადეს და შეკრებები საერთოდ აკრძალეს და ასი ათასობით ადამიანი მაინც გამოდიოდა საპროტესტოდ. იგივე მოხდება“, – ამბობს ზვიად ძიძიგური.

ზვიად ძიძიგური

ზვიად ძიძიგურს არც ის უკვირს, რომ „ქართული ოცნების“ ის წევრები, რომლებიც წარსულში მასთან ერთად აპროტესტებდნენ ადამიანის უფლებების შეზღუდვებს, დღეს ე.წ. კარვების კანონს მხარს უჭერენ.

„საერთოდ, ხელისუფლებაში პოლიტიკური ძალა რაც უფრო დიდხანს რჩება, მით უფრო მეტად კარგავს ადეკვატურობის განცდას და რეალობის შეგრძნებას. „ოცნება“ დიდი ხანია ხელისუფლებაშია და მისი წარმომადგენლებიც ფიქრობენ, რომ როდესაც ძალა და ბერკეტები გაქვს, ასეთ დროს პოლიტიკური ჭკუა მაინცდამაინც საჭირო არ არის. ასეთი შეცდომა დაუშვა ბევრმა ხელისუფლებამ, დღესაც უშვებენ და მომავალშიც, როცა ხელისუფლებაში დიდი ხნით იქნება რომელიმე პოლიტიკური ძალა, ისიც იგივე შეცდომებს ჩაიდენს“, – აცხადებს ზვიად ძიძიგური.

მასალების გადაბეჭდვის წესი