მდინარაძე: “ქართული მარშის” ულტიმატუმებს პასუხსაც არ გავცემთ

მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ხელისუფლება პასუხსაც არ გასცემს “ქართული მარშის” მიერ წაყენებულ ორ მოთხოვნას სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერის სანაცვლოდ, რადგან მათთვის ულტიმატუმების ენით საუბარი მიუღებელია.

როგორც მამუკა მდინარაძემ ნეტგაზეთს განუცხადა, შესაძლოა საზოგადოების ნაწილისთვის რაღაც პოზიცია მისაღები იყოს, რაღაც კი, მიუღებელი, მაგრამ ულტიმატუმებს არცერთი ნორმალური ხელისუფლება გასცემს პასუხს, მათ შორის, არც ქართული ოცნება.

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის თქმით, მმართველ გუნდშიც მიდის სერიოზული მსჯელობა და არსებობს აზრთა სხვადასხვაობა მარიხუანის სამედიცინო/კოსმეტიკური მიზნებისთვის კულტივაციის კანონპროექტზე, მაგრამ ეს ცალკე საკითხია. მამუკა მდინარაძის თქმით, თუ ვინმეს სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა უნდა, ულტიმატუმებით არ უნდა საუბრობდეს.

  • “ქართული მარში” 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების II ტურში სალომე ზურაბიშვილს მხარს დაუჭერს, თუ ხელისუფლება შეასრულებს მათ 2 მოთხოვნას:

1. სასწრაფო წესით გაწვეულ იქნას მარიხუანის კულტივაციის კანონპროექტი. დაიდოს პირობა, რომ ეს კანონპროექტი არასდროს შევა პარლამენტში.

2. დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, ოღონდ ახალი საარჩევნო კანონმდებლობის საფუძველზე. ეს არის ჩვენი კატეგორიული და პრინციპული მოთხოვნა.

„ქართული მარში“ სალომე ზურაბიშვილს მხარს 2 პირობით დაუჭერს

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.