ახალი ამბები

ელიზაბეთ რუდი უარყოფს, რომ ბოლტონი საქართველოს პარტნიორობის შეწყვეტით დაემუქრა

1 ნოემბერი, 2018 • 1968
ელიზაბეთ რუდი უარყოფს, რომ ბოლტონი საქართველოს პარტნიორობის შეწყვეტით დაემუქრა

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ელიზაბეთ რუდმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ტრამპის მრჩეველმა, ჯონ ბოლტონმა თითქოს გააფრთხილა საქართველოს ხელისუფლება რუსეთისთვის ამერიკული შეიარაღების გადაცემასთან დაკავშირებით.

“ამერიკასა და საქართველოს აქვს ძალიან ძლიერი თანამშრომლობა სამხედრო და უსაფრთხოების სფეროში. ჩვენ სრულიად დარწმუნებული ვართ საქართველოს უნარში, პასუხისმგებლიანად განაგოს სამხედრო ტექნოლოგიები. გავცრელებული ინფორმაცია არის აბსოლუტური სიცრუე და არაფერი აქვს საერთო სიმართლესთან,” – განაცხადა ელიზაბეთ რუდმა.

ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ამის შესახებ ბათუმში, საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე ისაუბრა.

აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით 26 ოქტომბერს იმყოფებოდა. მან შეხვედრები გამართა პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან, შს მინისტრ გიორგი გახარიასა და თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიასთან. შეხვედრის მთავარი თემა რეგიონულ უსაფრთხოებასა და აშშ-ის ინტერესებს ეხებოდა. ბოლტონი, საქართველოს გარდა, ეწვია რუსეთს, აზერბაიჯანსა და სომხეთს.

31 ოქტომბერს საიტმა reportblogs.com გამოაქვეყნა ცრუ ინფორმაცია. როგორც საიტმა დაწერა, ტრამპის მრჩეველმა საქართველოში ყოფილ პრემიერ-მინისტრისა და მმართველი პარტიის ლიდერ ბიძინა ივანიშვილისგან ახსნა-განმარტება მოითხოვა იმ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც, საქართველო რუსეთისთვის ამერიკული “ჯაველინების” გადაცემას აპირებს და გააფრთხილა, რომ ეს ძირს გამოუთხრიდა აშშ-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას.

reportblogs.com მიმდინარე წლის 22 ოქტომბერს არიზონის შტატის ქალაქ სკოტდეილში არის რეგისტრირებული და პირველი მასალების გამოქვეყნება მხოლოდ 23 ოქტომბრიდან იწყება. სტატიების ავტორი მითითებული არ არის.

თავდაცვის სამინისტრო ბოლტონზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას უარყოფს

მასალების გადაბეჭდვის წესი