ახალი ამბები

თავდაცვის სამინისტრო ბოლტონზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას უარყოფს

31 ოქტომბერი, 2018 • 2104
თავდაცვის სამინისტრო ბოლტონზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას უარყოფს

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო უარყოფს reportblogs.com-ზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ჯონ ბოლტონმა საქართველოში ვიზიტისას საქართველოს ხელისუფლება გააფრთხილა, “ჯაველინები” რუსეთს არ გადასცეს.

როგორც “ნეტგაზეთს” თავდაცვის სამინისტროში განუცხადეს, ეს არის დეზინფორმაცია, რომელზეც თავდაცვის უწყებას რეაგირება ექნება. ოფიციალური კომენტარი თავდაცვის უწყებაში მოგვიანებით გაკეთდება.

reportblogs.com-ზე გამოქევყნდა ინფორმაცია, რომ ტრამპის მრჩეველმა საქართველოში ყოფილ პრემიერ-მინისტრისა და მმართველი პარტიის ლიდერ ბიძინა ივანიშვილისგან ახსნა-განმარტება მოითხოვა იმ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც საქართველო რუსეთისთვის ამერიკული “ჯაველინების” გადაცემას აპირებს და გააფრთხილა, რომ ეს ძირს გამოუთხრიდა აშშ-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას.

აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით 26 ოქტომბერს იმყოფებოდა. მან შეხვედრები გამართა პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან, შს მინისტრ გიორგი გახარიასა და თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიასთან. ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია გავრცელებული არ ყოფილა.

აღსანიშნავია, რომ საიტი reportblogs.com მიმდინარე წლის 22 ოქტომბერს არიზონის შტატის ქალაქ სკოტდეილში არის რეგისტრირებული და პირველი მასალების გამოქვეყნება მხოლოდ 23 ოქტომბრიდან იწყება. სტატიების ავტორი მითითებული არ არის.

მასალების გადაბეჭდვის წესი