ახალი ამბები

მარგველაშვილის თქმით, 62% ზურაბიშვილზე ორჯერ ნაკლები ფინანსური დახმარებით აიღო

29 ოქტომბერი, 2018 • 2167
მარგველაშვილის თქმით, 62% ზურაბიშვილზე ორჯერ ნაკლები ფინანსური დახმარებით აიღო

გიორგი მარგველაშვილის თქმით, 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმათა 62% მმართველი პარტიის მხარდაჭერით და გაცილებით ნაკლები ფინანსური რესურსით აიღო, ვიდრე მმართველმა პარტიამ სალომე ზურაბიშვილის კამპანიისთვის დაიხარჯა.

საქართველოს პრეზიდენტმა ჟურნალისტის შეკითხვას უპასუხა, რომელიც შანსებსა და პროგნოზს შეეხებოდა იმ შემთხვევაში, თუ მარგველაშვილი კვლავ მიიღებდა არჩევნებში მონაწილეობას.

“ისტორიაში ჰიპოთეტური დაშვებები ძნელია, მაგრამ 2013 წელს, ქართული ოცნების მხარდაჭერით, ნახევარზე ნაკლები ფინანსური რესურსით იმისა, რაც დღეს დახარჯა მმართველმა პარტიამ, იმ ფონზე, როდესაც პრეზიდენტი იყო მიხეილ სააკაშვილი და როცა არცერთი გამგეობა და რაიონული სტრუქტურა ჩვენ არ გვეკუთვნოდა, ისე კი არა, როგორც ახლაა, როდესაც ყველა რაიონული სტრუქტურა ქართული ოცნების ხელშია, ჩვენ დავდეთ შედეგი, რომელიც ყველასათვის ცნობილია, ეს არის 62 პროცენტი, ეს არის ფაქტობრივი პასუხი და რა იქნებოდა და დანარჩენი ჰიპოთეტურია,” – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდა, რომ აქტიურად მიიღონ მონაწილეობა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში. პრეზიდენტის თქმით, ეს უმნიშვნელოვანესია ქვეყნის დემოკრატიული პროცესისათვის.

მარგველაშვილი – მოგიწოდებთ ყველას, აქტიური მონაწილეობა მიიღოთ მეორე ტურში

საარჩევნო უბნების 100-ივე პროცენტი, ანუ 3705 უბანი დათვლილია. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემით, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა:

  • სალომე ზურაბიშვილი – 615 433 ხმა (38.64 %)
  • გრიგოლ ვაშაძე – 600 970 ხმა (37.74 %);
  • დავით ბაქრაძე – 174 787 ხმა (10.98 %)
  • შალვა ნათელაშვილი – 59 612 ხმა (3.74 %)
  • დავით უსუფაშვილი – 36 016 ხმა (2.26 %)
  • ზურაბ ჯაფარიძე – 36 007 ხმა (2.26 %)

ამ შედეგების მიხედვით, საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური უნდა გაიმართოს, ვინაიდან 50%-იან ბარიერს ვერც ერთი კანდიდატი ლახავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი