მარგველაშვილი – მოგიწოდებთ ყველას, აქტიური მონაწილეობა მიიღოთ მეორე ტურში

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა და პირველ რიგში მადლობა გადაუხადა ქართულ საზოგადოებას უმნიშვნელოვანეს, დემოკრატიულ პროცესში მონაწილეობის მიღებისათვის.

გიორგი მარგველაშვილმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ადგილობრივ და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, რომელთა ათობით და ათასობით წარმომადგენელი, პრეზიდენტის განცხადებით, ძალიან აქტიურად მუშაობდა იმისთვის, რომ დემოკრატიული პროცესი ყოფილიყო დაცული და ყველაფერი ჩატარებულიყო კანონის ფარგლებში.

“შეჯამებისას, ჩვენ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ არჩევნების დღემ ძირითადში მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში ჩაიარა, თუმცა აქვე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ იმ ხარვეზებს, რაზეც ადგილობრივმა და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა მიგვითითეს, აუცილებლად უნდა მიექცეს ყურადღება და გამოსწორდეს არა როდესმე, არა რომელიმე მომავალ არჩევნებზე, არამედ მეორე ტურზე. მინდა ხაზი გავუსვა იმასაც, რომ მისასალმებელი და დემოკრატიულობის მაჩვენებელია ის, რომ ეს იყო ძალიან აქტიური და კონკურენტული არჩევნები, რაც გამოიხატა არჩევნების მეორე ტურშიც,” – განაცხადა მარგველაშვილმა.

პრეზიდენტი მოუწოდებს საქართველოს ყველა მოქალაქეს, აქტიური მონაწილეობა მიიღონ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში:

“ეს უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული პროცესისათვის. ქართველი ამომრჩევლის განცდა, რომ ის არის პოლიტიკური ინსტიტუტების და პოლიტიკური ძალების წარმატებისა თუ მარცხის განმაპირობებელი, კიდევ უფრო უნდა გაღრმავდეს ამ არჩევნებზე. საქართველოში ძალაუფლების წყარო ხალხია. თქვენ ამას გრძნობთ და არავის არ უნდა დაეზაროს საკუთარი პოზიციის გამოხატვა და დაფიქსირება.

ასე რომ, მინდა, გავიმეორო თხოვნა საერთაშორისო პარტნიორების მიმართ და ქართული სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიმართ – საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური უაღრესად მნიშვნელოვანია, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მასზე იგივე მოცულობით, სკრუპულოზურობით და ინტენსივობით იყვნენ წარმოდგენილნი სადამკვირვებლო მისიები.”

ჟურნალისტებმა პრეზიდენტს საარჩევნო და წინასაარჩევნო პროცესში გამოვლენილ დარღვევებზე, არჩევნების მეორე ტურისათვის ოპოზიციის გაერთიანების შედეგის პროგნოზზე და მეორე ტურის მოლოდინზეც დაუსვეს კითხვები.

“რა არის ჩემი შეხედულებით პოლიტიკურად სწორი ნაბიჯი და რა მცდარი, ამის თაობაზე ხუთი წლის განმავლობაში ძალიან ღიად, მათ შორის, მედიის საშუალებით, ვეუბნებოდი ჩვენს მოქალაქეებს და, პირველ რიგში, ხელისუფლებაში მყოფ, ჯერ კოალიციას და შემდეგ უკვე პარტიას “ქართული ოცნება”. მე ეს მისია მიმთავრდება და ახლა თავად შეძლონ და თავად ამოიკითხონ ის გზავნილები, რომლებიც მათ მისცა ქართულმა საზოგადოებამ. ხუთი წლის განმავლობაში ამას ვაკეთებდი ღიად და ყოველგვარი დაფარვის გარეშე, ვამბობდი, რაც გასაკეთებელი იყო და სადაც იყო შეცდომები, თუმცა ხუთი წლის განმავლობაში ამის გამო კრიტიკა და უსამართლო თავდასხმები მესმოდა.

რაც ეხება იმას, მე რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მიმეღო მონაწილეობა… ისტორიაში ჰიპოთეტური დაშვებები ძნელია, მაგრამ 2013 წელს, “ქართული ოცნების” მხარდაჭერით, ნახევარზე ნაკლები ფინანსური რესურსით იმისა, რაც დღეს დახარჯა მმართველმა პარტიამ, იმ ფონზე, როდესაც პრეზიდენტი იყო მიხეილ სააკაშვილი და როცა არცერთი გამგეობა და რაიონული სტრუქტურა ჩვენ არ გვეკუთვნოდა, ისე კი არა, როგორც ახლაა, როდესაც ყველა რაიონული სტრუქტურა “ქართული ოცნების” ხელშია, ჩვენ დავდეთ შედეგი, რომელიც ყველასათვის ცნობილია, ეს არის 62 პროცენტი, ეს არის ფაქტობრივი პასუხი და რა იქნებოდა და დანარჩენი ჰიპოთეტურია,” – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

საარჩევნო უბნების 100-ივე პროცენტი, ანუ 3705 უბანი დათვლილია. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემით, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა:

  • სალომე ზურაბიშვილი – 615 433 ხმა (38.64 %)
  • გრიგოლ ვაშაძე – 600 970 ხმა (37.74 %);
  • დავით ბაქრაძე – 174 787 ხმა (10.98 %)
  • შალვა ნათელაშვილი – 59 612 ხმა (3.74 %)
  • დავით უსუფაშვილი – 36 016 ხმა (2.26 %)
  • ზურაბ ჯაფარიძე – 36 007 ხმა (2.26 %)

ამ შედეგების მიხედვით, საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური უნდა გაიმართოს, ვინაიდან 50%-იან ბარიერს ვერც ერთი კანდიდატი ლახავს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.