ახალი ამბები

რა წერია დავით ბაქრაძის საარჩევნო პროგრამაში

25 ოქტომბერი, 2018 • 2096
რა წერია დავით ბაქრაძის საარჩევნო პროგრამაში

გთავაზობთ “ევროპული საქართველოს” საპრეზიდენტო კანდიდატის, დავით ბაქრაძის, საარჩევნო პროგრამას.

“ნეტგაზეთზე” შეგიძლიათ ასევე იხილოთ სალომე ზურაბიშვილის და გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო პროგრამები.

“ნეტგაზეთი” მოგვიანებით შემოგთავაზებთ სტატიას, სადაც ამ სამი კანდიდატის სავარაუდოდ შეუსრულებადი დაპირებები გვექნება გაანალიზებული.

ბაქრაძის ზოგადი ხედვა

“ქართული ოცნების” არასწორმა ნაბიჯებმა ქვეყანაში სიღარიბე, შემცირების ნაცვლად, გაზარდა. უმუშევრობის მაღალი მაჩვენებლის ფონზე ჩვენი მოქალაქეების ჯიბეს სერიოზულად დაარტყა ფასების ზრდამ, განსაკუთრებით, საკვებ პროდუქტსა და მედიკამენტებზე. ლარის თანდათანობითი დასუსტებით გამოწვეულ ფასების ზრდას დამატებითი ბიძგი მისცა “ქართული ოცნების” მიერ საწვავზე – ბენზინზე, დიზელზე, გაზზე – აქციზის ზრდამ. მოიმატა ელექტროენერგიისა და გაზის გადასახადმა.

მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის გაზრდილი ყოველდღიური ხარჯი ვერ დაეწია შემოსავალს. მოქალაქეებს გაუჭირდათ კრედიტების გადახდა. მთავრობის მიერ ამ სფეროში შემოღებულმა ხელოვნურმა ბარიერებმა, პრობლემის მოგვარების ნაცვლად, მოსახლეობის ნაწილისთვის ხელმიუწვდომელი გახადა კრედიტები, ხოლო დანარჩენისთვის გააძვირა.

უმუშევრობის მაღალი დონის, გაძვირებული ცხოვრების, გაზრდილი სიღარიბისა და ხალხის პრობლემების მიმართ “ქართული ოცნების” სრული უგულისყურობის ფონზე, გასაკვირი არაა, რომ საქართველოს მოქალაქეთა ნაწილი უიმედობაში ჩავარდა, ნაწილმა კი თავისა და ოჯახის გადასარჩენად უცხოეთს მიაშურა.

მოქალაქეთა უიმედობის დაძლევა და ხვალინდელ დღის პერსპექტივაში რწმენის გაღვივება ხალხის მიერ პირდაპირი გზით არჩეული და, შესაბამისად, მაღალი ლეგიტიმაციის მქონე პრეზიდენტის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა. ამიტომ მომავალი პრეზიდენტი არა კაბინეტის, არამედ ხალხის პრეზიდენტი უნდა იყოს: იაროს ხალხში, მოისმინოს მათი პრობლემების შესახებ, გამოსავალი შეთავაზოს საზოგადოებას.

კონსტიტუციურად შეზღუდული უფლებებითაც კი, ქვეყანას შეიძლება ყავდეს ქმედითი პრეზიდენტი, რომელიც ხალხს ბევრი პრობლემის მოგვარებაში დაეხმარება. ყველა პრობლემა მოგვარებადია, თუ გვაქვს ცოდნა და კომპეტენცია და, რაც მთავარია, უკეთესი მომავლის რწმენა და იმედი. ამიტომ, პირველ რიგში, უპერსპექტივობისა და უიმედობის განცდა უნდა დავძლიოთ ისათვის, რომ  გვქონდეს საიმედო ხვალინდელი დღე.

განათლება

2012 წლიდან მოყოლებული, თითქმის ყოველ წელს, საატესტატო გამოცდების შედეგები უარესდება – იზრდება მინიმალური კომპეტენციის ზღვარს მიღმა დარჩენილი აპლიკანტების რაოდენობა.

2018 წლის აპრილის მონაცემებით, უმაღლესი სასწავლებლების 48 624 სტუდენტს სტატუსი აქვს შეჩერებული. მათგან 16 294 სტუდენტს, რაც საერთო რაოდენობის 33.5%-ია, სტატუსი ფინანსური დავალიანების გამო აქვს შეჩერებული. რაც შეეხება პროფესიულ სასწავლებლებს, 2018 წლის აპრილის მონაცემებით, 1 659 სტუდენტს აქვს სტატუსი შეჩერებული

2014 წლიდან მოყოლებული, ყოველწლიურად მცირდება განათლების ბიუჯეტში სტუდენტთა სასტიპენდიოთ გამოყოფილი თანხის რაოდენობა.

ჩვენს ქვეყანას და მის თითოეულ მოქალაქეს გაუჭირდება მსოფლიოში ღირსეული ადგილის დამკვიდრება, თუ სათანადო ყურადღება არ მიექცა განათლებას. უკეთესი განათლება გვჭირდება იმისათვის, რომ გვქონდეს მაღალი ეკონომიკური ზრდა და სიღარიბის დაძლევის მაღალი ტემპი.

ჩვენ მიდგომა ორ ნაწილად იყოფა:

1.     ხელი შევუწყოთ ჩვენი ახალგაზრდების უცხოეთში სწავლებას. ამიტომ, ჩემი გამარჯვების შემდეგ პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის არანაკლებ 50%-ს დაიხარჯება უცხოეთის უნივერსიტეტებში ჩარიცხული ქართველი სტუდენტების დასაფინანსებლად;

2.     იმავდროულად, “ევროპული საქართველოს” საპარლამენტო გუნდი კონკრეტულ წინადადებებს წარუდგენს მთავრობას, უკვე მომავალი წლიდან როგორ გაიზარდოს:

–       ვაუჩერის პრინციპზე გადაყვანით, სკოლამდელი განათლების (საბავშვო ბაღების) ხელმისაწვდომობა და არჩევანი

–       სასკოლო ვაუჩერის ღირებულება, რომ სასკოლო სამეურვეო საბჭოებს, სკოლების სრულყოფილი თვითმმართველობისა და ფინანსური ავტონომიის პირობებში, საშუალება მიეცეთ მასწავლებელთა ხელფასი მინიმუმ 700 ლარამდე, ხოლო სერტიფიცირებულ ყველა მასწავლებელს – მინიმუმ 1000 ლარამდე გაეზარდოს

–       8000 სტუდენტით სახელმწიფო საგრანტო პროგრამებით დაფინანსებული სტუდენტების რაოდენობა

გადასახადები

“ევროპული საქართველო” – გამოსავალს ვხედავთ, ერთი მხრივ,  გადასახადების დაწევაში და, მეორე მხრივ, ბიუჯეტის სწორად გადალაგებაში, რომ ბიუჯეტში აკრეფილი გადასახადებით ისევ ხალხმა ისარგებლოს და არა ბიუროკრატიამ. ჩვენი მიდგომაა – ნაკლები ფული ბიუროკრატიას, მეტი თანხა ხალხს და ბიზნესს.

“ევროპულმა საქართველომ” პარლამენტში წარვადგინეთ მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის ფართომასშტაბიანი საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ეკონომიკური ზრდის დაჩქარებაზე, ინვესტიციების მოზიდვაზე, უმუშევრობის შემცირებაზე, ფასების დასტაბილურებასა და მოქალაქეთა შემოსავლების ზრდაზეა ორიენტირებული. ეს პაკეტი გულისხმობს:

1.     ბენზინზე, დიზელსა და გაზზე აქციზი დაუბრუნებას ძველ მაჩვენებელზე, რითაც საწვავის ფასის მინიმუმ 20 თეთრით  გაიაფებაა შესაძლებელი

2.     დღგ-ით დაუბეგრავი ბრუნვის ზღვარი 100,000 ლარიდან 200,000 ლარამდე გაზრდ

3.     განაწილებული მოგების 15%-იანი გადასახადი შემცირებას 10%-მდე

4.     საშემოსავლო გადასახადის შემცირებას 20%-დან 18%-მდე

ამასთან, “ევროპული საქართველოს” მიერ შემუშავებული ალტერნატიული დაგროვებითი საპენსიო სისტემა, რომელიც საპენსიო სქემაში ჩართვის ნებაყოფლობით პრინციპზეა აგებული, საშემოსავლო გადასახადის ნაწილის ხარჯზე მოქალაქეთა საპენსიო დანაზოგების გაზრდას ითვალისწინებს.

ეს ზომები პირველივე წელს ჯამში 1.2 მილიარდ ლარზე მეტს ჩატოვებს ეკონომიკაში და დაეხმარება როგორც საერთო ეკონომიკურ, ისე ასიათასობით ჩვენი მოქალაქის კეთილდღეობის ზრდას.

 ეკონომიკა

მე და ჩემი საპარლამენტო გუნდი – “ევროპული საქართველო” – გამოსავალს ვხედავთ, ერთი მხრივ,  გადასახადების დაწევაში და, მეორე მხრივ, ბიუჯეტის სწორად გადალაგებაში, რომ ბიუჯეტში აკრეფილი გადასახადებით ისევ ხალხმა ისარგებლოს და არა “ქართული ოცნების” ბიუროკრატიამ. ჩვენი მიდგომაა – ნაკლები ფული ბიუროკრატიას, მეტი თანხა ხალხს და ბიზნესს.

“მცირე მთავრობის” მოდელის რეალურად დანერგვით, დაბალი გადასახადებით, ადამიანებისა და ბიზნესის საქმიანობაში ნაკლები ჩარევით, მიმზიდველი საინვესტიოციო გარემოს შექმნით, ფისკალურიდისციპლინითა და მკაცრი მონეტარული პოლიტიკის გატარებით, მიზნობრივი სოციალური პოლიტიკის განხორციელებით შესაძლებელია ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარება, სამუშაო ადგილებისშექმნა,  სიღარიბისა და უმუშევრობის დაძლევა, მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლება დაყოველივე ამის შედეგად – მეტი კეთილდღეობის, განვითარებისა და სოციალური დაცულობისუზრუნველყოფა საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის.

მაღალი ეკონომიკური ზრდა არა მხოლოდ საქართველოში მცხოვრები ადამიანების ცხოვრებას გააუმჯობესებს, არამედ მოტივაციას შეუქმნის უცხოეთში წასულ თანამოქალაქეებს, სამშობლოს დაუბრუნდნენ და თავისი ცოდნა და ენერგია საკუთარ სამშობლოში გამოიყენონ.

 დასაქმება

უმუშევრობა ჩვენი ხალხის ყველაზე დიდი პრობლემაა. 2017 წელს დასაქმებულთა ოდენობა, 2016 წელთან შედარებით, 10.7 ათასით (0.62%-ით) არის შემცირებულიგანსაკუთრებით შემაშფოთებელია მდგომარეობა მცირე ბიზნესში, რომელიც სამუშაო ადგილების შექმნის ძირითადი წყარო უნდა იყოს: 2017 წელს მცირე საწარმოებში დასაქმებულთა რაოდენობა 30 ათასით არის შემცირებული.

გადასახადების დაწევით, ბიუროკრატიის შემცირებით, ზედმეტ რეგულაციებზე უარის  თქმით,  ბიზნესის დაცულობის უზრუნველყოფითა და ინვესტიციების მოზიდვით შესაძლებელია მაღალი ეკონომიკური ზრდის მიღწევა, რომელიც უმუშევრობის დაძლევის, ფასების დასტაბლურების, სიღარიბის შემცირების ერთადერთი გზაა.

სამშობლოში დაბრუნებამდე, საზღვარგარეთ სამუშაოდ წასული ჩვენი თანამემამულეებისთვის უცხოეთის შრომითი ბაზრების გახსნას და დასაქმების ქვოტების გამოყოფას უნდა მივაღწიოთ, ეს ლეგალურ სამუშაოს, მეტ ხელფასსა და დაცვის გარანტიებს ნიშნავს. ამ საკითხს და ინვესტიციების მოზიდვას განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობ სხვა სახელმწიფოების პრეზიდენტებთან, სახელმწიფოს მეთაურებთან და ბიზნეს წრეებთან ურთიერთობაში.

მისასალმებელია, რომ საქართველოში ვიზიტისას გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი დადებითად გამოეხმაურა ჩემს წინადადებას ევროკავშირში საქართველოს მოქალაქეებისათვის დასაქმების ქვოტების გამოყოფის თაობაზე. ახლა ამას სჭირდება თანმიმდევრული პოლიტიკის გამხორციელება, რომ ეს შესაძლებლობა ჩვენი თანანმემამულეებისათვის რეალობად იქცეს.

ჯანდაცვა

მსოფლიო ბანკის მიერ 2017 წლის ივნისში გამოქვეყნებულ “საქართველოს საჯარო ფინანსების მიმოხილვაში”, რომელიც ჯანდაცვის სექტორზე აქცენტით ჩატარდა, პირდაპირაა ნათქვამი, რომ “ჯანდაცვაზე სახელმწიფო დანახარჯების ზრდის მიუხედავად, ჯიბიდან გადახდები ჯანდაცვის დაფინანსების კვლავ დომინანტურ წყაროდ რჩება (მთლიანი ხარჯის 66%)”.

ეს მდგომარეობა, მსოფლიო ბანკის შეფასებით, გაღარიბებისგან დაუცველს ხდის საქართველოს მოქალაქეების დიდ ნაწილს. გასათვალისწინებელია, რომ მათ საკუთარ ჯიბეზე არა მხოლოდ მედიკამენტის ხარჯი აწვებათ. ზოგადად, ჯანდაცვის დანახარჯების უდიდესი ნაწილი, შედარებით ნაკლებხარჯიანი ამბულატორიული მკურნალობის ნაცვლად, ძვირად ღირებულ ჰოსპიტალურ მომსახურებაზე მიდის, რაც პრობლემაა სახელმწიფო ბიუჯეტისთვისაც და პაციენტებისა და მათი ოჯახებისთვისაც.

სიღარიბის დასაძლევად მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება აუცილებელი (თუმცა არასაკმარისი) პირობაა. ამისათვის 400-მდე დასახელების მედიკამენტის თანადაფინანსების კომპონენტი (სხვადასხვა შემოსავლის მქონე ჯგუფებისთვის განსხვავებული პროპორციით) საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში უნდა გაჩნდეს. ოღონდ ამისათვის ჯერ ჯანდაცვაზე სახელმწიფო დანახარჯების ხარჯთეფექტიანობა უნდა გაიზარდოს, რისთვისაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ადმინისტრირება სადაზღვევო კომპანიებს უნდა გადაეცეთ. ჯანდაცვაზე გამოყოფილი სახელმწიფო (და არასახელმწიფო) ფინანსების ეფექტური ხარჯვა ასევე ხარისხის ამაღლების აუცილებელი წინაპირობაა.

სოციალური უსაფრთხოება

გადასახადების შემცირების პირობებშიც კი, ბიუჯეტში რჩება საკმარისი რესურსი ხალხზე ორიენტირებული, მიზნობრივი სოციალური პროგრამებისთვის, რათა 2019 წლიდან

–       50 ლარით გაიზარდოს პენსია 720 ათასი ასაკით პენსიონერისა და 125 ათასი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის

–       45-დან 60 ლარამდე გაიზარდოს დევნილის შემწეობა 273 400 დევნილისთვის

–       საარსებო შემწეობა დამატებით დაენიშნოს 100,000 ადამიანს; პირველ რიგში, ყურადღება მიექცეს მათ, ვისაც “ქართული ოცნების” გაუმართლებელი პოლიტიკის გამო, საარსებო შემწეობა შეუწყდა

იმავდროულად, “ევროპული საქართველოს” მიერ შემუშავებული ალტერნატიული დაგროვებითი საპენსიო სისტემა უზრუნველყოფს ღირსეულ პენსიას მომავალი პენსიონერებისათვის. ამ სისტემით, რომელიც საპენსიო სქემაში ჩართვის ნებაყოფლობით პრინციპზეა აგებული, დღეს 40 წლის 500 ლარიანი დარიცხული ხელფასის მქონე მასწავლებელი ქალი პენსიაზე გასვლის მომენტიდან, საბაზო პენსიაზე დამატებით, დაგროვებითი სქემით მიიღებს ყოველთვიურად 1 026 ლარს.

“ევროპული საქართველოს” მიერ შემუშავებული ალტერნატიული დაგროვებითი საპენსიო სქემა ყველა ასაკის ადამიანისთვის ერთნაირად და თანაბრად ხელმისაწვდომია. მონაწილე თავად ირჩევს შენატანის ოდენობას:

–      რამდენს შეიტანს ხელზე ასაღები დაბეგრილი ხელფასიდან და

–      რამდენი დაემატება თავისივე საშემოსავლო გადასახადიდან

ეს დაგროვებითი საპენსიო სისტემა აგებულია საგადასახადო შეღავათის პრინციპზე და მისი ადმინისტრირება ხდება დამატებითი ბიუროკრატიისა და სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი თანხების გამოყოფის გარეშე.

8. ნარკოპოლიტიკა: ქვეყანაში მნიშვნელოვანი დისკუსია მიმდინარეობს იმის შესახებ, თუ როგორი უნდაიყოს სახელმწიფოს ნარკოპოლიტიკა. როგორია თქვენი ხედვა ამ საკითხზე?

ქართულ საზოგადოებას დღეს, ერთი მხრივ, მძიმე ნარკოტიკის გავრცელება და ნარკოტიკის (განსაკუთრებით, ინტრა-ვენური) მომხმარებელთა რაოდენობის ზრდა აწუხებს, მეორე მხრივ ის, რომ მთავრობის რეპრესიული ნარკოპოლიტიკა ნარკომომხმარებლებს სჯის და არა ნარკორეალიზატორებს.

მნიშვნელოვანია, რეფორმის გატარება ორივე მიმართულებით: ერთი მხრივ, ეფექტური ბრძოლა ნარკორეალიზატორებთან, მეორე მხრივ, კი ნარკოდამოკიდებული ადამიანებისათვის ეფექტური და სრულფასოვანი სოციალური და ჯანდაცვის სარეაბილიტაციო პროგრამების შემუშავება.

ადგილობრივი თვითმმართველობა

ქვეყნის მასშატაბით დღეს არსებული დაბალი ეკონომიკური ზრდა რეგიონებისთვის სრული კატასტროფის მომტანია. ეს ნიშნავს, რომ რეგიონების უმეტესობაში, ბოლო წლების განმავლობაში, რეგიონული ზრდა საერთდო არ გვქონია. რეგიონების გამოცოცხლება მეტი თვითმმართველობით და მეტი ადგილობრივი ინიციატივითაა შესაძლებელი. რეგიონებში მოქალაქეები ცენტრიდან მომავალი ბიუროკრატიული სირთულეებით არ უნდა იყვნენ შეზღუდულნი. რეგიონებს საკუთარ თავზე მეტი გადაწყვეტილების მიღების უფლება უნდა ჰქონდეთ.

განვლილი წლების განმავლობაში მოიკლო სოფლებში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ტემპმა, გაუქმდა სოფლის დახმარების პროგრამა, არ იქნა შემოყვანილი საკმარისი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა. ყველაფერმა ამან კიდევ უფრო დაამძიმა სოფელში მცხოვრები მოსახლეობის პირობები.

ჩვენი პროგრამის ერთ-ერთი პრიორიტეტია სოფლად მცხოვრები მოსახლეობის პირობების გაუმჯობესება. კერძოდ, საპარლამენტო გუნდთან ერთად მივაღწევთ საბიუჯეტო პრიორიტეტების შესაბამისად გადანაწილებას და მთავრობის საზედამხედევლო საქმიანობით უზრუნველვყოფთ სოფლად გაზიფიცირების, წყალმომარაგებისა და გზების მშენებლობის ინფრასტრუქტურული პროექტების დაჩქარებას და უსწრაფეს დასრულებას; ვაიძულებთ მთავრობას, გამოყოს თანხები ქვეყანაში დამატებითი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შემოსაყვანად და სამართლიანად გასანაწილებლად ყველა რეგიონში; საბიუჯეტო პრიორიტეტად ვაქცევთ ირიგაციის თემას მოსახლეობისთვის სარწყავის წყლის პრობლემის მოგვარების მიზნით; საპარლამენტო გუნდთან ერთად აღვადგენთ სოფლის დახმარების პროგრამას, რათა ადგილობრივებმა თავად გადაწყვიტონ, რაში დაიხარჯოს მათთვის გამოყოფილი თანხები.

ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება, მივაღწიოთ ევროკავშირის ფონდების და სხვა საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების თანხების მოზიდვას და ინვესტირებას ქართულ სოფელში, ხილისა და ბოსტნეულის გადამამუშავებებლი და საკონსერვო წარმოების აღდგენის და სოფლად სამუშაო ადგილების შემქნის მიზნით. ვიმუშავებთ უცხოეთში ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის პოპულარიზაციის და მასზე მოთხოვნის გაზრდის, ახალი საერთაშორისო ბაზრების გახსნისა და უკეთ ათვისების მიზნით.

ტერიტორიული მთლიანობის საკითხები

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ქართული სახელმწიფოს ძირითადი ამოცანაა.

დეოკუპაციის წარმატებით განსახორციელებლად, “ევროპული საქართველო” საჭიროდ მიიჩნევს საერთაშორისო თანამეგობრობის უფრო მეტ აქტიურობას რუსეთის ფედერაციაზე ზემოქმედების თვალსაზრისით, რათა მან აიღოს საქართველოს მიმართ ძალის გამოუყენებლობის ვალდებულება, დაიცვას საერთაშორისო სამართლის ნორმები, მათ შორის, სუვერენული ქვეყნის თანხმობის გარეშე მის ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის შეიარაღებული ძალების განლაგების დაუშვებლობის პრინციპი, და შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებით ნაკისრი უკლებლივ ყველა ვალდებულება. ამ თალსაზრისით, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატს.

დეოკუპაციის პოლიტიკის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტია საერთაშორისო პოლიტიკურ და სამართლებრივ დოკუმენტებში უკვე დამკვიდრებული ტერმინის – „ოკუპაცია“ – შენარჩუნება; საერთაშორისო საზოგადოების მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის გაგრძელება და ამ რეგიონებში ეთნიკური წმენდისა და ეთნიკურ ნიადაგზე დევნის ფაქტების აღიარება.

ამავე დროს მნიშვნელოვანია პრაგმატული თანამშრომლობა აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობასთან და გამყოფი ხაზების თანდათანობით გაქრობა სავაჭრო, სამედიცინო, ჰუმანიტარული, საგანმანათლებლო და ადამიანებს შორის ნორმალური ურთიერთობების აღდგენის გზით. ეს ხელს შეუწყობს ოკუპაციით დაშორებული საქართველოს მოქალაქეების ურთიერთობათა გაღრმავებას და ამ მოსახლეობის ეტაპობრივ ინტეგრაციას ერთიან სახელმწიფოებრივ სივრცეში. ამ კონტექტსტში მნიშვნელოვანია თავისუფალი გადაადგილების უფლების უზრუნველყოფა.

ჩვენი ამოცანაა, არ გაგრძელდეს “მცოცავი ოკუპაცია”, არ გადმოიწიოს მავთულხლართები და არ მოხდეს ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის ხელყოფა და უსაფრთხოების და ღირსების შელახვა. შესაბამისად, უნდა გაზიარდოს უსაფრთხოების ზომები ოკუპაციის ხაზის ჩვენს მიერ კონტროლირებად მხარეს საგუშაგოების განთავსებით და მთელი პერიმეტრის გასწვრივ პატრულირების აღდგენით. ამ მიზნით, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანამ გააფართოვოს „ოთხოზორია – ტატუნაშვილის“ სიაში მოხვედრილი ადამიანები, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ჩვენი თანამოქალაქეების უფლებების დარღვევაზე და მკვლელობებზე. საქართველოს ხელისუფლების ამოცანა უნდა იყოს ამ სიაში მოხვედრილი ადამიანების მოხვედრა ჩვენი პარტნიორების საერთაშორისო სანქციების სიაში.

დიდი გამოწვევაა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები, განსაკუთრებით კი გალის და ახალგორის რაიონების, მოსახლეობის უფლებების მუდმივი შელახვა, მათ შორის, მშობლიურ ენაზე განათლების უფლების მიღების ჩამორთმევა. ჩვენი მოსახლეობის უფლებების დასაცავად ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ მრავალ საერთაშორისო ინსტრუმენტს, როგორიცაა, გაეროს ადამიანის უფლებების საბჭო და საერთაშორისო სასამართლოები.

ქალთა მონაწილეობა პოლიტიკაში

ჩვენი მთავარი ამოცანაა ვუზრუნველყოთ საზოგადოების ყველა წევრის თანაბარი უფლებები და შევუქმნათ მათ პირობები თავისი შესაძლებლობების რეალიზაციისთვის. ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობის წასახალისებლად და მათი სამოქალაქო უფლებების სრულყოფილად გამოყენების მიზნით, “ევროპული საქართველო” ზრუნავს მისი სტრუქტურული ერთეულის – ქალთა ორგანიზაციის განვითარებაზე. ჩვენი პარტიის ქალთა ორგანიზაცია 2017 წელს  შეიქმნა, მოხდა ათასობით აქტივისტი ქალის მობილიზაცია, ისევე როგორც მრავალი ქალი ლიდერის იდენტიფიკაცია და ჩართვა ადგილობრივ თუ ეროვნულ პოლიტიკაში. ამგვარად, ჩვენ ვახალისებთ ქალთა ჩართულობას არა მხოლოდ პარტიულ საქმიანობასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში, არამედ მაქსიმალურად ხელს ვუწყობთ მეტი ქალის ჩართვას ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში.

უმცირესობათა უფლებები

დავიცავთ ეროვნული, რელიგიური და სექსუალური უმცირესობების უფლებებს. უზრუნველვყოფთ, რომ კანონის წინაშე ყველა ადამიანის თანასწორობა იყოს დაცული. დაუსჯელს არ დავტოვებთ დისკრიმინაციის, ჩაგვრის, ძალადობისა და ძალადობისკენ მოწოდების შემთხვევებს, რაც ამ უმცირესობებისთვის საზოგადოებაში ინტეგრაციაში ერთ-ერთი დიდი ხელისშემშლელია. სახელმწიფო უწყებებში უზრუნველვყოფთ სიტუაციას, რათა უმცირესობები არ დაიჩაგრონ და მათთვის სხვა მოქალაქეებივით ხელმოსაწვდომი იყოს სახელმწიფო სერვისები.

გარემოს დაცვა/ეკოლოგია

ეკოლოგიურ გამოწვევებზე პასუხის გაცემა ცხოვრების ხარისხზე და მომავალ თაობათა ჯანმრთელობაზეზრუნვის შემადგენელი ნაწილია, რაც თავის მხრივ მოიცავს:

·       საქართველოს ბიომრავალფეროვნების დაცვასა და ეკოსისტემების მდგრადობის შენარჩუნებას;

·       ადამიანის ჯანმრთელობისათვის უვნებელი (უსაფრთხო) გარემოს დაცვასა და შენარჩუნებას;

·       საერთაშორისო, პირველ რიგში, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული გარემოსდაცვითი მოთხოვნებისა და სტანდარტების დანერგვის ხელშეწყობას;

·       საქართველოს დაცული ტერიტორიების გაზრდას;

·       მსხვილ ქალაქებში სრულფასოვანი საკანალიზაციო სისტემის შექმნაზე მუშაობის გაგრძელება და ამ პროცესში საერთაშორისო დონორების და უცხოური პარტნიორების დახმარების მოზიდვას;

·       საქართველოს ბუნების შესახებ თანამედროვე ინფორმაციული ბაზის შექმნას.

საგარეო პოლიტიკა და სტრატეგიული თანამშრომლობა

ჩვენი საგარეო პრიორიტეტებია:

·       განუხრელი მსვლელობ ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით;

·       ამერიკის შეერთებული შტატებთან სტრატეგიული სამხედრო-პოლიტიკური თანამშრომლობის გაღრმავება;

·       ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულება და ევროკავშირის საერთო ბაზარში ინტეგრირება (ოთხი თავისუფლების მიღწევა);

·       ევროკავშირის და სხვა პარტნიორ პარტნიორ ქვეყნებთან სამუშაო ქვოტებზე შეთანხმების მიღწევა, რომ საქართველოს მოქალაქეებს, სურვილის შეთხვევაში, შეეძლოთ ლეგალურად იმუშავონ ამ ქვეყნებში, რაც მეტ ანაზღაურებას, მათი შრომის უფლებების დაცვას, სამედიცინო დაზღვევით უზრუნველყოფას ნიშნავს;

·       შეერთებულ შტატებთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების შესახებ მოლაპარაკებების განახლება. ამ მოლაპარაკებებს საფუძველი ჩაეყარა 2012 წელს, თუმცა ექვსი წელია “ქართულ ოცნებას” ამ მიმართულებით ნაბიჯი არ გადაუდგამს;

·       ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წესებს ეფექტურად გამოყენება, რათა რუსული ბაზარი ღია იყოს ქართული პროდუქციისთვის;

·       საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვა საერთაშორისო ასპარეზზე, რუსეთის როგორც ოკუპანტი სახელმწიფოს სტატუსის განმტკიცება და ოკუპირებული ტერიტორიების არ-აღიარების პოლიტიკის წარმოება.

პრეზიდენტი საქართველოს ინტერესების უპირველესი წარმდგენი და დამცველია საერთაშორისო ასპარეზზე. საქართველოს დეოკუპაცია და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ის უმთავრესი საკითხია, რომელსაც უცხოელ პარტნიორებთან მუდმივი მუშაობა სჭირდება. ამასთან, მთავრობასთან კოორდინაციით, პრეზიდენტმა, როგორც საქართველოს მთავარმა ლობისტმა უცხოეთში, უნდა იმუშაოს, რათა მეტი ინვესტორი ჩამოვიდეს, მეტი ფული ჩაიდოს, მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნას და მეტი ადამიანიდასაქმდეს საქართველოში.

საქართველო და ევროკავშირი

ჩვენი საბოლოო მიზანია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება, მაგრამ ამისთვის საჭიროა გაბედული პოლიტიკური ნაბიჯები, საჭიროა მკაფიო ხედვა და განაცხადი. მთავრობას უნდა ჰქონდეს ზუსტი გეგმა, როდის შეიტანს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს და როგორ მოემზადება ამ პროცესისთვის.

დღეს ჩვენ მოქალაქეებს სჭირდება, ვაწარმოთ მოლაპარაკებები ევროკავშირთან შრომის ბაზრის გახსნის თაობაზე. ეს ნიშნავს, რომ ასეულობით ათას ქართველ ემიგრანტს, რომელიც დღეს ევროპაში არალეგალურად მუშაობს, ექნება შესაძლებლობა, დასაქმდეს ლაგალურად, მიიღოს მეტი ხელფასი, ჰქონდეს სამედიცინო დაზღვევა და შრომის დაცული პირობები. ამავდროულად, ეს ნიშნავს დეპორტირების მუდმივი შიშის მოხსნას და შესაძლებლობას, რეგულარულად ინახულოს საკუთარი ოჯახის წევრები.

ჩვენ უნდა:

·       ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პარალელურად, გავაძლიეროთ ევროკავშირის ჩართულობას საქართველოს უსაფრთხოება განმტკიცებაში;

·       ევროკავშირის ფონდებიდან მოვიზიდოთ თანხები, რათა ყველა მეწარმემ შეძლოს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პაკეტით სარგებლობა;

·       ჩვენ ევროკავშირის ფონდებიდან უნდა მოვიზიდოთ თანხები საქართველოს რეგიონების განვითარებისათვის;

·       შევქმნათ პირობები, რომ 2019 წლიდან დაიწყოს ევროპის ერთიან ეკონომიკურ სივრცეში საქართველოს გაწევრიანების პროცესი, რაც არის ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის ყველაზე მჭიდრო ფორმა, როგორიც აქვს ისლანდიას, ნორვეგიასა და ლიხტენშტეინს.

რეგიონული თანამშრომლობა

ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებ საქართველოს რეგიონული ეკონონომიკურ ცენტრადჩამოყალიბებასა და ქვეყნის  სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებას, მის კიდევ უფრო აქტიურად ჩართვასსაერთაშორისო ენერგეტიკულ, სატრანსპორტო და საკომუნიკაციო პროექტებში.

საქართველოსთვის ასევე პრიორიტეტულია ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის განმტკიცება. საქართველო უნდა გახდეს ელექტროენერგიის მსხვილი რეგიონული ექსპორტიორი, რისთვისაც, ენერგიის გამომუშავების ზრდის გარდა, აუცილებელია ქვეყნების დამაკავშირებელი ახალი გადამცემიხაზების მშენებლობაც.

მნიშვნელოვანია საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებაც. ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი ხელს ეუწყობს აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ეკონომიკურიკავშირების გაფართოებას და ევროპის ეკონომიკურ სივრცესთან საქართველოს კიდევ უფროდაახლოებას. ანაკლიის ყურეში საზღვაო პორტის აშენება საქართველოს სატრანზიტო ფუნქციას ახალსიმაღლეზე აიყვანს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია მეზობელ ქვეყნებთან თანამშრომლობა და კავკასიის ეკონომიკურადმიმზიდველ, მშვიდობიან და უსაფრთხო რეგიონად გადაქცევა. საქართველოს ტრადიციულადკეთილმეზობლური ურთიერთობები აკავშირებს რეგიონის ქვეყნებთან: აზერბაიჯანთან, თურქეთთან, სომხეთთან, უკრაინასთან.

თავდაცვის პოლიტიკა

თავდაცვის სფეროში ჩვენი პრიორიტეტებია:

·       საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის შემდგომი გაძლიერება და ნატოს შეიარაღებულ ძალებთან მათი ურთიერთქმედების გაუმჯობესება. ამ მიზნით მონაწილეობას უნდა ვიღებდეთ ნატოს ეგიდით და/ან ნატოს წევრ-სახელმწიფოებთან ერთად საქართველოსათვის ხელმისაწვდომ ყველა წვრთნასა და მისიაში, ასევე გაეროსა და ევროკავშირის სამშვიდობო ოპერაციებში;

·       შეირაღებული ძალების ეტაპობრივად,  სრულად გადავიყვანა პროფესიულ-საკონტრაქტო სისტემაზე და, შესაბამისად, უარს თქმა სავალდებულო სამხედრო სამსახურზე;

·       ნატოს სტანდარტებზე მორგებული ტერიტორიული რეზერვის კონცეფციის შემუშავება და განხორციელება, რომელიც იქცევა როგორც პროფესიონალური არმიის შევსების, ისე სამხედრო-პატრიოტული აღზრდის ეფექტურ სკოლად;

·       სამხედრო პირთა სოციალურ დაცვა: უნდა გაიზარდოს მათი შრომის ანაზღაურება; გაფართოვდეს ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი; დაღუპული სამხედრო პირების შვილები სასწავლო გრანტით სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს;

·       შეიარაღებული ძალების მოდერნიზაცია-აღჭურვა; განსაკუთრებულ ყურაღება უნდა მიექცეს ქვეყნის საჰაერო თავდაცვისუნარიანობასა და კიბერ-უსაფრთხოებას;

·       სამხედრო მრეწველობის გაძლიერება, რომელიც, ერთი მხრივ, განამტკიცებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობას, ხოლო, მეორე მხრივ, გაზრდის ქვეყნის საექსპორტო პოტენციალს ასობით მილიონი დოლარის ოდენობით;

·       საქართველოს პარლამენტის როლის გაძლიერება შეიარაღებული ძალების სამოქალაქო ზედამხედველობის სფეროში, ნატოს სტანდარტების შესაბამისად.

უსაფრთხობის პოლიტიკა

ჩვენი მიზანია განახორციელდეს უსაფრთხოების სისტემის ეფექტიანობის ზრდისკენ მიმართულრეფორმებ, რომელიც მოახდენს უსაფრთხოების უზრუნველმყოფ ინსტიტუტებს შორის უფრო მჭიდროკოორდინაციას, უზრუნველყოფს სამხედრო და სამოქალაქო კომპონენტების ურთიერთქმედებისხარისხის გაუმჯობესებას და შესაძლებელს გახდის სახელმწიფო უსაფრთხოების სექტორში ჩართულიინსტიტუტების შესაბამისი უწყებრივი სტრატეგიების შემუშავებას. ამ პროცესის ქვაკუთხედია სამხედროძალებსა და მთელს უსაფრთხოების სექტორზე დემოკრატიული სამოქალაქო კონტროლის მექანიზმთაშემდგომი გაძლიერება.

უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართულებით გადამწყვეტია NATO-ში გაწევრიანება, ხოლოგაწევრიანებამდე მჭიდრო თანამშრომლობა NATO-სა და ევროკავშირის ქვეყნებთან. საქართველო ითამაშებს მნიშვნელოვან როლს შავი ზღვის აუზსა და აღმოსავლეთ ევროპაში ისეთი რეგიონალური ინიციატივების მხარდაჭერად, რომელიც ხელს უწყობს მთელი რეგიონში დემოკრატიულ პროცესების განვითარებას.

ამავე დროს, ეროვნული უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია ქვეყნის შიგნით მიმდინარე მოვლენები და მოსახლეობის გამოკიდებულება სამართალდამცავი სისტემის მიმართ.  საქართველოში გაჩნდა უნდობლობა სამართალდამცავი სისტემის მიმართ. მოქალაქეს სახელმწიფოსთან დავისას არ აქვს დაცულობის განცდა, პრობლემატურ საკითხებად რჩება უკანონო მოსმენა-მიყურადება, სასამართლოს დამოუკიდებლობა, გამოძიების მიუკერძოებლობა, პოლიციისა და პროკურატურის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება.

ჩვენი ხედვა სამართალდამცავი სისტემის რეფორმირების შესახებ ემყარება შემდეგ პრინციპებს:

–       ლიბერალური და დანაშაულის პრევენციაზე ორიენტირებული სისხლის სამართლის პოლიტიკა;

–       სახელმწიფოსთან დავისას მოქალაქის უფლებების გაფართოება;

–       პროკურატურის უფლებების შეკვეცა და საპარლამენტო კონტროლის გაზრდა;

–       სასამართლოს დამოუკიდებლობის განმტკიცება;

ნახეთ ასევე:

პრეზიდენტობის კანდიდატების ხედვები გარემოს დაცვაზე

რა წერია გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო პროგრამაში

მასალების გადაბეჭდვის წესი