საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის თქმით, გაეროში დავით ბაქრაძის ელჩად დანიშვნას არ ეთანხმებოდა რადგან, მისი შეფასებით, ამ უკანასკნელს აშშ-ში ელჩობისას “არაფერი გაუკეთებია”. ამის შესახებ პრეზიდენტმა გუშინ, 21 ივლისს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ისაუბრა.
ზურაბიშვილის თქმით, მისი პრეზიდენტობის პერიოდში მთავრობის მიერ წარდგენილი 37 ელჩიდან 36-ის დანიშვნას ხელი რამდენიმე დღეში მოაწერა. დავით ბაქრაძის კანდიდატურა კი გაეროშო ელჩად დანიშვნის თაობაზე მთავრობამ 15 ივლისს წარუდგინა, ხოლო პრეზიდენტთან უფლებამოსილების გამიჯვნის სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოს 6 ივნისს მიმართა.
“მათი საკონსტიტუციო სარჩელი დიდი ხნის წინ არის გადაცემული. იმ დროისთვის ოფიციალური და ფორმალური წარდგენა, რაც ჩემთან მოვიდა წერილობით, ყველა იქნა დაკმაყოფილებული, მათ შორის ელჩების გამოწვევაზე…
გაიჭედა ბაქრაძეზე და რატომ, გეტყვით – ჩემი აზრით და ალბათ, თქვენც აღიარებთ, რომ დიპლომატიაში მაქვს რაღაც გამოცდილება და შემიძლია შევაფასო… ადამიანს, რომელიც იყო 5 წელი ელჩი ამერიკაში, არაფერი გაუკეთებია ჩვენი ურთიერთობებისთვის. არა მაღალი დონის ორგანიზებული ვიზიტი , არა იქით, არა აქეთ.
მე ვერ შევძელი მიმელოცა ბაიდენისთვის არჩევნები და ვერც კამალა ჰარისისთვის. ორივე თხოვნა საელჩოსთან მქონდა და ვერაფრით მოხერხდა. ანუ ელჩი, რომელსაც კონტაქტები არ აქვს, არ დაუწერია არცერთი სტატია, არცერთ ტელევიზიაში არ გამოსულა, ჩემი აზრით, და მე ეს არგუმენტები წარვუდგინე, არ უნდა იყოს დანიშნული გაეროში, რომელიც ჩვენთვის არის მეორე ასეთივე მნიშვნელოვანი… ანუ მთავარი მოკავშირეა ვაშინგტონთან, ნიუ-იორკთან და ბრიუსელთან ერთად. წავიდეს სხვაგან. მე შევთავაზე, რომ კანადაში წასულიყო. არა, ეს არ მიიღეს, თქვეს, რომ უთუოდ უნდა წასულიყო გაეროში, რაზეც არ დავეთანხმე. ამ საუბრებისას მოვითხოვე მათგან არგუმენტები – რატომ ეს ადამიანი? რა გააკეთა ისეთი, რასაც თქვენ აფასებთ და მე არ ვიცი?”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
ჯერ კიდევ მარტში „ქართული ოცნება“ აცხადებდა, რომ ზურაბიშვილმა უარი განაცხადა მთავრობის მიერ წარდგენილი ელჩის თუ დიპლომატიური წარმომადგენლის დანიშვნაზე. მაშინვე პარტიამ განაცხადა, რომ იწყებდა საკონსტიტუციო დავას.
სწორედ ამას ეხება საკონსტიტუციო სასამართლოში 6 ივნისს შეტანილი სარჩელიც, რომელიც აცხადებს, რომ ეფექტური საგარეო პოლიტიკის წარმოება მთავრობის ექსკლუზიური პრეროგატივაა, შესაბამისად, პრეზიდენტის მიერ ელჩების დანიშვნისა და გათავისუფლების თაობაზე წარდგინებების უარყოფა არ წარმოადგენს მის კონსტიტუციური უფლებამოსილებას.