ახალი ამბები

პრეზიდენტი დაეთანხმა ბაქრაძის გაერო-ში დანიშვნას – “იმედი”, რ2

31 აგვისტო, 2022 • 1089
პრეზიდენტი დაეთანხმა ბაქრაძის გაერო-ში დანიშვნას – “იმედი”, რ2

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხელი მოაწერა გაერო-ში ელჩად დავით ბაქრაძის დანიშვნას. ამის შესახებ ცნობებს ტელეკომპანია “იმედი” და რ2 ავრცელებენ.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია და საგარეო უწყება ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.

გაერო-სთან საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა კახა იმნაძემ Twitter-ზე დაწერა, რომ ის ტოვებს ნიუ იორკს და წარმატებებს უსურვებს მის მემკვიდრეს დავით ბაქრაძეს. თავად კახა იმნაძე დიპლომატიურ საქმიანობას კანადაში გააგრძელებს.

საქართველოს პრეზიდენტი ამ დრომდე უარს ამბობდა, ხელი მოეწერა დავით ბაქრაძის გაეროში ელჩად დანიშვნაზე. საქართველოს პრეზიდენტმა უარყო მთავრობის წარდგინება, რომელიც გაეროში ელჩ კახა იმნაძისთვის 2 თვით ადრე უფლებამოსილების შეწყვეტას და მის კანადაში გადაყვანას, გაეროში ელჩად კი დავით ბაქრაძის დანიშვნას ითვალისწინებდა. ეს პრეზიდენტთან უფლებამოსილების გამიჯვნაზე მთავრობის საკონსტიტუციო სარჩელის მიზეზი გახდა.

სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ გაეროში დავით ბაქრაძის ელჩად დანიშვნას არ ეთანხმებოდა, რადგან ეს უკანასკნელი 5 წელი იყო აშშ-ში ელჩი და „არაფერი გაუკეთებია”.

5 წელი იყო ელჩი აშშ-ში და არაფერი გაუკეთებია ურთიერთობებისთვის – პრეზიდენტი დავით ბაქრაძეზე

მასალების გადაბეჭდვის წესი