ახალი ამბები

რა უნდა გაკეთდეს, დღეს ჩვენ კონკრეტიკა ვერ მოვისმინეთ – ბაქრაძე ზურაბიშვილზე

16 დეკემბერი, 2021 • 933
რა უნდა გაკეთდეს, დღეს ჩვენ კონკრეტიკა ვერ მოვისმინეთ – ბაქრაძე ზურაბიშვილზე

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისგან ქვეყანაში არსებული მდგომარეობიდან გამოსასვლელად კონკრეტული ნაბიჯები ვერ მოისმინა.

როგორც ორბელიანების სასახლიდან გამოსულმა ბაქრაძემ განაცხადა, მზადყოფნაა, რომ პროცესი გაგრძელდეს და ის მზად არის შეხვდეს ყველა პარტიას უკვე კონკრეტულ დეტალებზე სასაუბროდ.

„შეფასებით ნაწილში მთელ რიგ შეფასებებს ვიზიარებ, თუ რამდენად მძიმე მდგომარეობაა ქვეყანაში, რამდენად დიდ პრობლემას ქმნის დაპირისპირება . რაც შეეხება ქვეყანაში არსებული უმძიმესი ვითარების შეფასებას, დიახ, მიმაჩნია, რომ პრეზიდენტი საკმაოდ ადეკვატური იყო. მთავარი, რისი პასუხიც მე მინდოდა და საზოგადოება ელოდა, კონკრეტული ნაბიჯები, რა უნდა გაკეთდეს, დღეს ჩვენ კონკრეტიკა ვერ მოვისმინეთ.

მე მქონდა შემდეგ საუბარი პრეზიდენტთან და დავუსვი კითხვები, რა უნდა გაკეთდეს კონკრეტულად. მისი მხრიდან არის სრული მზადყოფნა, რომ პროცესი გაგრძელდეს და ის მზად არის შეხვდეს ყველა პარტიას უკვე კონკრეტულ დეტალებზე სასაუბროდ. იმედი მაქვს, იმის გამო, რომ ეს იყო პირველი შეხვედრაა, დეტალებზე საუბარი არ შედგა. მაგრამ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ამ დეტალებზეა დამოკიდებული მთლიანად თანხმობის პროცესი. იმედი მაქვს, როცა პარტიებთან შეხვედრა შედგება, იქ უკვე დეტალებზე იქნება საუბარი“, – განაცხადა ბაქრაძემ.


16 დეკემბერს ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტის საახალწლო მიღება გაიმართა, რომელსაც პოლიტიკოსები დაესწრნენ.

საახალწლო წვეულებას ესწრებოდნენ „ქართული ოცნების“ ლიდერები, ასევე პარტიის „საქართველოსთვის“, „ლელოს“, „სტრატეგია აღმაშენებლის“, „გირჩის“, „მოქალაქეების“, „ევროპელი სოციალისტებისა“ და „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლები.

ორბელიანების სასახლეში იმყოფებოდა: ეკა ბესელია, ანა დოლიძე, ნინო ბურჯანაძე, თამარ კორძაია, ნიკა მაჭუტაძე, კახა ოქრიაშვილი და დავით ბაქრაძეც.

მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში „ნაციონალური მოძრაობა“, ლეიბორისტული პარტია „ევროპული საქართველო“ და ელენე ხოშტარიაც მიიწვია, საახალწლო მიღებაზე მისვლაზე უარი განაცხადეს.

მიღებას წინ უძღოდა 10 დეკემბერს აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ ორგანიზებულ დემოკრატიის ვირტუალურ სამიტზე საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ პირობის დადება, რომ წამოიწყებს “ინკლუზიურ პროცესს, საუბარს ეროვნული მასშტაბით, რომელშიც ჩართული იქნება მთელი საზოგადოება, რათა მივაღწიოთ უახლესი ისტორიის საერთო აღქმას, დავძლიოთ ტკივილი და წინ წავიდეთ”.

მასალების გადაბეჭდვის წესი