ახალი ამბები

რა წერია გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო პროგრამაში

24 ოქტომბერი, 2018 • 2297
რა წერია გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო პროგრამაში

გთავაზობთ ოპოზიციური გაერთიანების კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო პროგრამას, რომელიც ნეტგაზეთს მისი შტაბიდან მიაწოდეს. პროგრამის პრეზენტაცია 26 ოქტომბერსაა დაგეგმილი.

ქვემოთ მოცემული ხედვების დიდი ნაწილის რეალობაში ასახვას მხოლოდ პრეზიდენტის კომპტენეცია არ ეყოფა და მის განსახორციელებლად საჭიროა, რომ კანდიდატის პოლიტიკური გუნდი აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებაშიც უმრავლესობით იყოს წარმოდგენილი.

ზოგადი ხედვა

ჩვენი გუნდის მთავარი მიზანია შევქმნათ გაერთიანებული, ცოდნის ეკონომიკაზე დაფუძნებული თავისუფალი მოქალაქეების სახელმწიფო, სადაც ყველა ადამიანი იქნება თანასწორი, სადაც მოქალაქის უფლებების დაცვა, განათლება პრიორიტეტულია. ჩვენ უნდა შევქმნათ ისეთი ქვეყანა, სადაც, უსაფრთხო გარემოში, ამომრჩეველი ჩართული იქნება ქვეყნის მმართველობაში და მცირე მთავრობა მოქალაქეს მოემსახურება.

განათლება

სახელმწიფოს განვითრებისა და წარმატების ფუნდამენტი ხარისხზე ორიენტირებული განათლების სისტემაა. განათლების სწორი, თანამედროვე პოლიტიკის ხედვა უნდა ეყრდნობოდეს მისი ციკლურობის, უწყვეტობის (სკოლამდელიდან უმაღლესი განათლების ჩათვლით), ინკლუზიურობის გააზრებას. მნიშვნელოვანია მიზნობრივი განათლების ინსტრუმენტების დანერგვა სასწავლო პროცესში – ინდივიდის პიროვნული განვითარების უზრუნველყოფა განათლების ყველა საფეხურზე, სოციალიზაციის, პიროვნული წარმატების, თვითშეფასებისა და მოქალაქეობრივი თვითშეგნების უნარების განვითარება.

სწორედ ამიტომ, ჩვენი აზრით, ამ გამოწვევების საპასუხოდ, მნიშვნელოვანია, გადაიდგას გადამწყვეტი, პროგრესზე ორიენტირებული ნაბიჯები:

  • განათლების ბიუჯეტის გაორმაგება;
  • დეცენტრალიზაცია;
  • დეპოლიტიზაცია;
  • საბავშვო ბაღების ვაუჩერულ დაფინანსებაზე გადასვლა;
  • საგანმანათლებლო დაწესებულებებში უსაფრთხო გარემოს კონცეფციის პრიორიტეტად ქცევა;
  • ინკლუზიური განათლების მაქსიმალური ხელშეწყობა;
  • გადაიხედოს პედაგოგთა სერტიფიცირების წესი, პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის სქემის ეფექტურობა;
  • მასწავლებლის მინიმალური ანაზღაურების გაზრდა 1000 ლარამდე;
  • მასწავლებელთა პროფესიული განვითარება მათ ინტერესებზე და საჭიროებებზე მორგებული ტრენინგების შეთავაზების გზით;
  • მასწავლებელთა პროფესიული განვითარების შესაძლებლობების გაფართოება-პროვაიდერი ორგანიზაციების აკრედიტაციის გზით;
  • საატესტატო და  ეროვნული გამოცდების ინტეგრაცია;
  • არაფორმალური განათლებისა და ინოვაციური პროექტების ხელშეწყობა;
  • პროფესიული განათლების პოპულარიზაცია საშუალო სკოლის ბაზაზე.
  • ბაზრის კვლევისა და მოთხოვნების, ასევე,  დამკვეთთა ინტერესების შესაბამისად,  პროფესიული სასწავლო პროგრამების ამოქმედება და პრიორიტეტული სასწავლო პროგრამების შექმნა/პოპულარიზაცია.
  • პროფესიული და საზოგადოებრივი სასწავლებლების სტუდენტებისთვის ყველა იმ პრივილეგიით სარგებლობის შესაძლებლობის მიცემა, რომლითაც სარგებლობენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხული სტუდენტები;
  • ცვლილებები უმაღლეს სასწავლებლებში მიღების სისტემაში;
  • ყველა სოციალურად დაუცველი სტუდენტის, რომლის სარეიტინგო ქულაც 200 000-მდეა, დაფინანსება სახელმწიფოს მიერ;
  • ავტორიზაცია-აკრედიტაციის სისტემის გარდაქმნა;
  • წარჩინებული სტუდენტების გაცვლით პროგრამებში მონაწილეობა და საჭიროების შემთხვევაში, მათი საზღვარგარეთ სწავლის დაფინანსება;
  • უცხოელი პროფესორ-მასწავლებლების მოწვევა საქართველოში;
  • ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვა;
  • სამეცნიერო გრანტების აქტივიზაცია, პრიორიტეტული სფეროების  გადახედვა და დაფინანსების  გაზრდა გამჭვირვალობის და კონკურენტუნარიანობის პრინციპის დაცვით.

გადასახადები

გადასახადების კიდევ უფრო შემცირებით, საქართველო ერთ-ერთი განსაკუთრებული და მიმზიდველი ქვეყანა უნდა გახდეს ინვესტიციების მოსაზიდად. ჩვენ შევამცირებთ საშემოსავლო გადასახადს 15 პროცენტამდე, ასევე შევამცირებთ სააქციზო განაკვეთს ნავთობპროდუქტებზე. ალკოჰოლურ საქონელზე დავწევთ სააქციზო განაკვეთს საშუალო ევროპულ მაჩვენებლამდე; დღგ-ს მხოლოდ 200,000 ლარზე მეტი წლიური ბრუნვის მქონე სუბიექტები გადაიხდიან. საშემოსავლო გადასახადი დარჩება ერთიანი განაკვეთის მქონე ყველა პირისათვის. არსებული პრაქტიკა, დიფერენცირებულ განაკვეთთან შედარებით, არის უფრო სამართლიანი და ხელს უწყობს ბიზნესის განვითარებას და შესაბამისად ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.

ეკონომიკა

იმ საგადასახადო ინიციატივების შედეგად, რასაც ამომრჩეველს ვთავაზობთ, ასევე, ზედმეტი რეგულაციების გაუქმების, ბიუროკრატიის შემცირებით, კერძო საკუთრების დაცულობის გამოსწორებით და სხვა ინიციატივებით, საქართველო შეძლებს დაუბრუნდეს ეკონომიკური ზრდის ტემპის მაღალ მაჩვენებელს. პრეზიდენტის საქმიანობის ერთი ციკლის განმავლობაში, ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობის თითქმის გაორმაგება და შესაბამისად, სიღარიბის შემცირება შესაძლებელი იქნება ორნიშნას მიახლოებული ეკონომიკური ზრდის პირობებში, რაც ჩვენი ეკონომიკური ხედვის მთავარი ორიენტირია.

მაღალი ეკონომიკური ზრდის მისაღწევად საჭიროა მაკროეკონომიკური სტაბილურობა, დაბალანსებული ბიუჯეტი და სტაბილური ლარი. ინვესტიციებისთვის მიმზიდველი გარემო მეტ უცხოურ ვალუტას და ახალ ტექნოლოგიებს შემოიტანს ქვეყანაში, ასევე გაზრდის ექსპორტს, განავითარებს ტურიზმსა და მომსახურების სხვა სფეროებს. ჩვენ ხელს შევუწყობთ ეროვნული ბანკის რეალურ დამოუკიდებლობას და ფინანსური სტაბილურობის განმტკიცებას.

დასაქმება

დასაქმების ზრდის მიზნით, აუცილებელია:

  • ზედმეტ რეგულაციებზე უარის თქმა: ახალი სამუშაო ადგილების შექმნა შეუძლებელია მეწარმეებისათვის მეტი თავისუფალი სამოქმედო სივრცის მიცემის გარეშე, რაც თავის მხრივ, რეგულაციების მნიშვნელოვან და შეუქცევად შემცირებას გულისხმობს.
  • ჩვენ გადავხედავთ და სადაც შესაძლებელია, გავაუქმებთ ყველა რეგულაციას, რომელსაც საქართველოს პირდაპირ არ ავალდებულებს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ღრმა და ყოვლისმომცველი ხელშეკრულება და/ან სხვა საერთაშორისო ვალდებულებები.
  • ბიუროკრატიისა და მასზე გაწეული ხარჯების შემცირება: სახელმწიფო სამსახურში დასაქმებულნი ღირსეულ ანაზღაურებას მიიღებენ, მაგრამ უარს ვიტყვით ზედმეტ ბიუროკრატიულ ფუფუნებაზე.
  • ბიზნესისა და ინვესტიციების დაცულობა: ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად ბიზნესი თავს დაცულად უნდა გრძნობდეს. ბიზნესს განვითარებისათვის სტაბილური და პროგნოზირებადი გარემო უნდა შეექმნას. ამის საწინდარი კი საგადასახადო ადმინისტრირების განჭვრეტადობა, პროპორციულობა და მაქსიმალური გამარტივებაა.
  • გადასახადების შემცირება: გადასახადების შემცირებით მეტი ფული დარჩება კერძო სექტორს, რადგან ქვეყანაში უმუშევრობის დაძლევის ერთადერთი წინაპირობა კერძო სექტორის განვითარებაა. საგადასახადო ინიციატივების შედეგად, ასევე სხვადასხვა რეგულაციაზე უარის თქმით და ბიზნესისთვის მეტი თავისუფლების მინიჭებით, შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები, რაც ათეულ ათასობით ოჯახის კეთილდღეობას გააუმჯობესებს.

ჯანდაცვა

ჩვენი მიზანია რეალურად და სწრაფად დავიწყოთ ქმედითი ნაბიჯების გადადგმა ამ დარგის რეფორმირებისთვის, რაც საშუალებას მოგვცემს, მოვახდინოთ დაავადებების პრევენცია და/ან ადრეულ ეტაპზე გამოვლენა და საბოლოო ჯამში, გამოიწვევს ლეტალობისა და ავადობის მაჩვენებლის კლებას. გამართული პირველადი ჯანდაცვა, ასევე საშუალებას იძლევა შევამციროთ მკურნალობაზე დანახარჯი და სხვა სახელმწიფო პროგრამები გახდეს უფრო ხარჯთეფექტური და ხარისხიანი. დაავადებების ახალი კერების გამოვლენის, ვაქცინაციის და სამკურნალო პროგრამებში ბენეფიციართა მოძიება-ჩართვის მაჩვენებლების გაუმჯობესებისათვის აუცილებელია საზოგადოებრივი ჯანდაცვის რეგიონული ცენტრების გაძლიერება, დაფინანსების სქემის გადახედვა და პროგრამული პრიორიტეტების სწორი გადანაწილება.

მნიშვნელოვანი გამოწვევაა წამლების ხელმისაწვდომობა, ხარისხი და ფასები, რაც მძიმე ფინანსურ ტვირთად აწვება მოსახლეობას. ჩვენ გვაქვს რამდენიმე კონკრეტული ინიციატივა, როგორიცაა წამლების ელექტრონული (e-CTD) სავალდებულო რეგისტრაციის დანერგვა და წამლების მიკვლევადობის (Traceability) ინოვაციური სისტემის დანერგვა, რაც საშუალებას იძლევა, მოხდეს წამლების იდენტიფიკატორის და სასაქონლო ტრანზაქციების ერთ ბაზაში თავმოყრა და ინფორმაციის დამუშავება. ეს ინიციატივები გაამარტივებს ქვეყანაში ახალი მედიკამენტის შემოსვლისა და შესწავლის პროცესს, გააუმჯობესებს წამლის შემოწმებისა და ხარისხის კონტროლს, შეამცირებს ბიუროკრატიას და ადმინისტრირების ხარჯებს. ეს ინსტრუმენტები მნიშვნელოვანი იქნება არალეგალური წამლების ბრუნვის აღმოსაფხვრელად ქართულ ბაზარზე.

ჩვენ შევისწავლით ფარმაცევტულ ბაზარზე არსებულ ოლიგოპოლიებს და ფართე კონსენსუსითა და მტკიცებულებებზე დაყრდნობით, ხელს შეუწყობს კონკურენტული და სამართლიანი საბაზრო გარემოს შექმნას. სახელმწიფო პროგრამების ეფექტურობის გაზრდისა და სერვისების გაფართოების მიზნით, მოხდება სადაზღვევო სისტემის გადახედვა. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში გაჩნდება კერძო სადაზღვევო პაკეტების ინტეგრირების შესაძლებლობა, რაც საშუალებას მისცემს ბენეფიციარებს, სურვილის შემთხვევაში, მცირედი დანახარჯით შეიძინოს ის სერვისები, რომელსაც სახელმწიფო არ უფინანსებს. შედეგად, მოსახლეობა მიიღებს უფრო მრავალფეროვან სერვისებს ისე, რომ სახელმწიფოს ეს არ დააწვება ზედმეტ ფინანსურ ტვირთად.

ყურადღებას დავუთმობთ ჯანდაცვის სფეროში სტატისტიკის მოწესრიგებას და მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებას. ყველა ჩვენი რეფორმა და ახალი პროგრამა გამყარებული იქნება შესაბამისი კვლევებით, სანდო სტატისტიკითა და გამჭირვალე კალკულაციით.

სოციალური უსაფრთხოება

სოციალური უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად აუცილებელია შეიცვალოს სოციალურად დაუცველი პირის სტატუსის მინიჭების მეთოდოლოგია. მიგვაჩნია, რომ სარეიტინგო ქულების დათვლა უნდა მოხდეს სამართლიანად და გახდეს ვადიანი, რომელ პერიოდშიც დროებითი თუ სეზონური სამუშაოს დაწყება არ უნდა გახდეს შემწეობის შეჩერების მიზეზი. სავალდებულოა საარსებო მინიმუმის დაანგარიშების წესის გადახედვა. დღეს არსებული მეთოდოლოგიით, ითვლება მხოლოდ სასურსათო კალათა და ისიც არასრულფასოვნად. სასურსათო საჭიროებების გარდა მეთოდოლოგია უნდა მოიცავდეს იმ მინიმალურ საჭიროებებსაც, რომლის გარეშეც შეუძლებელია ადამიანის ფიზიკური არსებობა.

ჩვენს გუნდს მიაჩნია, რომ სოციალურად დაუცველ ყველა პირს უნდა მიუწვდებოდეს ხელი ხარისხიან საკვებზე. უნდა შეიცვალოს კვების რაციონი  უფასო სასადილოებში და გაუმჯობესდეს საკვების ხარისხი, ასევე უნდა გაიზარდოს ერთ ბენეფიციარზე გამოყოფილი თანხა, რათა მოხდეს თითოეული ბენეფიციარის რეალური საკვები ღირებულებების დაკმაყოფილება.

შშმ პირების საზოგადოებაში სრულფასოვანი ინტეგრაციისა და მათი სოციალური დაცულობის გაუმჯობესების მიზნით, შშმ პირებისთვის გაცემული პენსია უნდა გაუთანაბრდეს რეალურ საჭიროებებს. ასევე აუცილებელია საზოგადოებრივ სივრცეებში და მომსახურების ობიექტებში ინფრასტრუქტურის ადაპტაცია შშმ პირების სპეციალურ საჭიროებებთან.

ნარკოპოლიტიკა

ნარკოტიკების მოხმარება და მათზე დამოკიდებულება არის პრობლემა, რომელიც სერიოზულ ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს მთლიანად საზოგადოებაზე, განსაკუთრებით კი მის ახალგაზრდა, შრომისუნარიან ნაწილზე. ამ პრობლემის მოგვარებისთვის საჭიროა საზოგადოების სხვადასხვა წრეების ურთიერთთანამშრომლობა. ვთვლით, რომ მთავრობას უნდა ჰქონდეს აქტიური დიალოგი სამოქალაქო საზოგადოებასთან, დარგის სპეციალისტებთან და სათემო ორგანიზაციებთან, რათა უზრუნველყოფილი იქნას მაქსიმალური ჩართულობა და გამჭირვალობა ამ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

ჩვენი ერთერთი მთავრი პრიორიტეტი გახდება ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდა, ნარკოტიკების მოხმარების პირველადი პრევენცია და ამ საკითხებზე ცნობიერების ამაღლება ბავშვებსა და მოზარდებში. მნიშვნელოვანი ასევე, პრევენციული ღონისძიებების განხორციელება სარისკო პოპულაციებში (ადამიანები ვინც უკვე მოიხმარენ ნარკოტიკებს და /ან არიან მავნე სუბსტანციებზე დამოკიდებულები) ზიანის შემცირების პროგრამების და საგანმანათლებლო აქტივობების საშუალებით, რომ არ მოხდეს მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის კიდევ მეტად გაუარესება, აივ ინფექციისა და ვირუსული ჰეპატიტების რიცხვის ზრდა და მძიმე დამოკიდებულების ჩამოყალიბება.

სწრაფად და ეფექტურად უნდა მოხდეს ნარკოპოლიტიკის რეალური გადახედვა და ისეთი საკითხების დარეგულირება როგორიცაა, მაგალითად, დოზების ოდენობა და შესაბამისი სასჯელის ადეკვატურობა. მკაცრად უნდა გაიმიჯნოს ერთმანეთისაგან არალეგალური ნარკოტიკების მომხმარებელი და გამსაღებელი.

ვთვლით, რომ კანონი მაქსიმალურად მკაცრი უნდა იყოს ნარკოტიკების გამსაღებლებთან და მკაცრად უნდა კონტროლდებოდეს ქვეყანაში არალეგალური ნარკოტიკების შემოსვლა და გასაღება. ამავე დროს, საზოგადოება და მთავრობა მაქსიმალურ მხარდაჭერას უნდა იჩენდნენ მომხმარებლების მიმართ, რომ მოხდეს მათი ჩართვა სხვადასხვა სამკურნალო-სარეაბილიტაციო პროგრამებში. ასევე, მნიშვნელოვანია ისეთი ღონისძიებების მხარდაჭერა, რომელიც მიმართულია მომხმარებლების და დამოკიდებული ადამიანების საზოგადოებაში რესოციალიზაციასა და რეინტეგრაციაზე (სარეაბილიტაციო ცენტრების დაფუძნება, სოციალური მეწარმეობა, რეაბილიტირებული მომხმარებლების პროფესიული გადამზადება და სამუშაო უნარებით აღჭურვა და სხვ.). ჩვენი დევიზი უნდა იყოს „დახმარება და მხარდაჭერა დასჯის ნაცვლად“. ამავე დროს, კატეგორიულად წინააღმდეგი ვართ მარიხუანის კულტივაციის და საქართველოში მისი პლანტაციების გაშენების.

ადგილობრივი თვითმმართველობა

საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობა უნდა ეფუძნებოდეს მაქსიმალური დეცენტრალიზაციის განხორციელების პრინციპს: “რაც შეიძლება გადაწყდეს ადგილობრივ თვითმმართველობაში, უნდა გადაწყდეს ადგილობრივ თვითმმართველობაში.’’ ეს გულისხმობს ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის ფუნქციათა მაქსიმალურ დელეგირებას. ამავდროულად, ეს მიზანი ფინანსურადაც მხარდაჭერილი უნდა იყოს და ამისათვის მთელი რიგი გადასახადების ან მთლიანად ან ნაწილობრივ ცენტრალური ბიუჯეტიდან ადგილობრივ დონეზე უნდა განხორციელდეს. ადგილობრივი ხელისუფლებების არჩევის სისტემა ისე უნდა დაიხვეწოს, რომ იგი უფრო ეფექტიანად და ყოვლისმომცველად ითვალისწინებდეს თემების მრავალფეროვნებასა და ინტერესებს. ხელი შეეწყოს სხვადასხვა ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლობასა და კოოპერაციას მათი ეკონომიკური, კულტურული, საგანმანათლებლო, სასოფლო-სამეურნეო და ტურისტული პოტენციალის უკეთ და ეფექტიანად რეალიზაციის მიზნით. ამისათვის მაქსიმალურად უნდა განვითარდეს და ჩამოყალიბდეს თითოეული თვითმმართველი სუბიექტის გრძელვადიანი ეკონომიკური, სოციალური განვითარების სტრატეგია და გეგმები. ხელი შეეწყოს ადგილებზე საგანმანათლებლო, ჯანდაცვის, სოფლის მეურნების, ტურიზმის ეფექტიანი განვითარების პროექტების განხორციელებას. ადგილობრივი ინფრასტრუქტურის: გზები, ელექტროენერგია, გაზი, ინტერნტის განვითარება პრიორიტეტი უნდა იყოს. შემოღებულ უნდა იქნეს ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტის ხარჯვის ბევრად უფრო გონივრული და რაციონალური მიდგომა, რომელიც დაეფუძნება პრინციპს, რომ ადგილობრივ ბიუროკრატიაზე გასაცემი ხარჯი არ უნდა აღემატებოდეს ამავე თვითმმართველი ორგანოს ტერიტორიაზე დასახარჯი თანხის 20%-ს.

საქართველოს მცირე მიწიანობიდან და ფერმერთა საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების სიმცირიდან გამომდინარე, ერთის მხრივ ხელი უნდა შეეწყოს მიწის ნაკვეთების გამსხვილებას, ფერმერთა კოოპერაციის განვითარებას და     თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიებისა და მეთოდოლოგიის დანერგვას, რომელიც აამაღლებს მცირე მიწაზე სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ეკონომიკურ ეფექტიანობას.  ხელი უნდა შეეწყოს ადგილზე მოყვანილი სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის გადამუშავებისა და გრძელვადიანი შენახვის სხვადასხვა სიდიდის საწარმოების შექმნას, რათა მოვახდინოთ საქართველოში მოყვანილი პროდუქციის სრულად, სეზონის მიუხედავად ქართულ ბაზარზე შეუფერხებელი მიწოდება, აგრეთვე ადგილზე წარმოებული, გადამუშავებული და შეფუთული პროდუქციის ევროკავშირის, ჩინეთის, აშშ და სხვა ბაზრებზე მიწოდებას.

ტერიტორიული მთლიანობა 

ჩვენი მიზანია ერთიანი, ძლიერი საქართველო, ქვეყნის ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაცია საერთაშორისო პარტნიორების აქტიური ჩართულობით, მშვიდობიანი, დიპლომატიური და პოლიტიკური მეთოდებით. აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონიდან დევნილი მოსახლეობის ღირსეული და უსაფრთხო დაბრუნება. რუსეთის ფედერაციასთან, როგორც ოკუპანტ სახელმწიფოსთან, საერთაშორისო საზოგადოების აქტიური ჩართულობით და შესაბამისი ფორმატების გამოყენებით, დეოკუპაციის თაობაზე მოლაპარაკებების წარმართვის პარალელურად განხორციელდეს ოკუპაციითა და კონფლიქტით გახლეჩილი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობის ნაწილებს შორის დიალოგის აღდგენა სხვადასხვა სამშვიდობო ინიციატივით, ასევე იმ სახელმწიფო პროგრამებით, რომლებიც მოახდენენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეებისთვის საქართველოს არაოკუპირებულ ნაწილზე არსებული საგანმანათლებლო, ჯანდაცვის, კულტურული და სხვა სფეროში ფუნქციონირებადი პროგრამების გააქტიურებას მათი თანამედროვე ქართული სახემწიფოს მშენებლობაში ჩართვის მიზნით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, დევნილებს მიეცეთ საშუალება აქტიურად იყვნენ ჩართულები ამ საკითხების გადაწყვეტაში:

  • საქართველოს მთავრობამ საერთაშორისო ასპარეზზე უფრო ეფექტიანად და აქტიურად უნდა გააგრძელოს არაღიარების, დეოკუპაციისა და დევნილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების პოლიტიკა.
  • ავამუშავებთ ყველა სამართლებრივ მექანიზმს რუსეთის მიერ განხორციელებული ქართული მოსახლეობის ეთნიკური წმენდის ორგანიზატორთა და შემსრულებელთა წინააღმდეგ და იმ ზარალის ასანაზღაურებლად, რომელიც ოკუპაციისა და ეთნიკური წმენდის შედეგად მიადგა ქართულ სახელმწიფოსა და მოქალაქეებს.
  • გამოვიყენებთ ყველა არსებულ საშულებას ოკუპირებულ ტერიტორიაზე ტოტალური კონტროლისა და დისკრიმინაციის პირობებში მცხოვრები ქართული მოსახლეობის უფლებების დასაცავად.  მიუხედავად ოკუპაციისა, უნდა აღდგეს სკოლებში ქართულად სწავლა-განათლების მიღების საშუალება, კულტურული და რელიგიური უფლებები, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე შეუფერხებელი და თავისუფალი გადაადგილების საშუალება.
  • აქტიურად ვიმუშავებთ საერთაშორისო მისიებთან ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და  ადამიანის უფლებათა დაცვის მიზნით მონიტორინგის ეფექტიანობის გასაზრდელად.
  • ოკუპაციის ხაზის გასწვრივ განვახორციელებთ ეფექტიან ღონისძიებებს მოსახლეობის უსაფრთხოებისათვის, უფრო ეფექტიანად აღვუდგებით წინ მავთულხლართების შემდგომ განთავსებას, ადამიანთა გატაცებას, მიწების მიტაცებას და საოკუპაციო რეჟიმის მიერ განხორციელებულ სხვა დანაშაულებრივ ქმედებებს.
  • პრეზიდენტის ფონდიდან დავაფინანსებთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ახალგაზრდებს, რათა მათ შეძლონ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში განათლების მიღება, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვარგარეთ.

ქალთა მონაწილეობა პოლიტიკაში

აუცილებელია პოლიტიკაში ქალთა გააქტიურება. მით უმეტეს, რომ საქართველოს მოსახლეობის 53 პროცენტს სწორედ ქალები შეადგენენ. მათი ხმა კი საკმარისად არ ისმის, რასაც ადასტურებს  ქალთა წარმომადგენლობის დაბალი მაჩვენებელი საკანონმდებლო ორგანოში, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებსა და აღმასრულებელ ხელისუფლებაში. აუცილებელია გათვალისწინებულ იქნეს საერთაშორისო გამოცდილება. უნდა ვიზრუნოთ, რომ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ დღის წესრიგში მუდმივად იდგეს გენდერული თანასწორობის საკითხი. გამოყენებული უნდა იყოს ყველა ბერკეტი პოლიტიკურ დონეებზე  გენდერულ საკითხებზე დისკუსიისთვის. საჭიროა ქალთა პოლიტიკური აქტიურობისკენ მიმართული ნაბიჯების ლობირება. საქართველოს მასშტაბით  ყველა რეგიონში თანაბრად უნდა იქნეს მიმართული საპრეზიდენტო ფონდიდან თუ სხვა წყაროებიდან რესურსები გენდერულად სენსიტიური საკითხების შესახებ შემეცნებითი პროგრამების ჩატარებისათვის და ქალთა პოლიტიკაში თანამონაწილეობის გაზრდაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებისათვის.

ეროვნულ და რელიგიურ უმცირესობათა უფლებების დაცვა

საქართველო მრავალეთნიკური ქვეყანაა და ხშირად ვამაყობთ ჩვენი ქვეყნის ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნებით. საქართველოში ყველა ადამიანი, განურჩევლად მისი რელიგიური თუ ეთნიკური კუთვნილებისა, თანასწორია კანონის წინაშე. თუმცა, პრაქტიკაში ხშირად ვხვდებით ჩაგვრას, უთანასწორობას, დისკრიმინაციას, რისი მაგალითებიც ბოლო პერიოდში განსაკუთრებით მომრავლდა.

ამ პრობლემების მოგვარებისთვის და რეალური თანასწორობის მისაღწევად აუცილებელია, ინტენსიური მუშაობა. ერთ-ერთი პრიორიტეტი სწორედ რელიგიური თუ ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვა უნდა იყოს. რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების ყველა წარმომადგენელმა თავი საქართველოს სრულფასოვან მოქალაქედ უნდა იგრძნოს. ამისთვის კი, აუცილებელია მათი საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართვა.

უნდა გაძლიერდეს ქართული ენის სწავლება ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, რათა გამარტივდეს მათი ინტეგრაციის პროცესი. აუცილებლად უნდა გაგრძელდეს პროგრამა „1+4″, რომელიც ბოლო დროის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ პროექტად ითვლება. ამ პროგრამით ათასობით ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელს მიეცა საშუალება უმაღლესი განათლება მიეღო.

სექსუალურ უმცირესობათა უფლებები

ადამიანის უფლებები სამართლებრივი და დემოკრატიული სახელმწიფოსა და საზოგადოების ქვაკუთხედია. ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტია საქართველოს ნებისმიერი მოქალაქისთვის კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით თანასწორად სარგებლობის უზრუნველყოფა, რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, რელიგიური, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის და გენდერული იდენტობისა (სოგი), პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად.

სახელმწიფო გადადგამს ყველა აუცილებელ ნაბიჯს, რომ სექსუალური ორიენტაცია და/ან გენდერული იდენტობა არ გახდეს ადამიანების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობის ხელშემშლელი ფაქტორი. მშვიდობიანი, დემოკრატიული და თავისუფალი სახელმწიფოს განვითარება შეუძლებელია მრავალფეროვნების დაცვისა და უზრუნველყოფის გარეშე. ამავე დროს, არსებული კანონმდებლობის ფარგლებში, გამოვლენილი იქნება და შესაბამისი რეაგირება მოხდება სოგი-ს ნიადაგზე განხორციელებული დისკრიმინაციის ნებისმიერი შემთხვევაზე. ჰომოფობია და ტრანსფობია, ასევე, ამავე ამ ნიადაგზე სიძულვილის ენის ტირაჟირება, ყოვლად დაუშვებელია დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში. სახელმწიფო იზრუნებს ლგბტ ადამიანების, ისევე, როგორც თითოეული მოქალაქის, სპეციალურ საჭიროებებზე, მათ შორის ჯანდაცვის საჭიროებებზე და შესაბამისი სერვისებისადმი მათ ხელმისაწვდომობაზე.

გარემოს დაცვლა, ეკოლოგია

ქვეყანაში გარემოს დაცვის კუთხით მრავალი რისკი არსებობს – ჰაერის დაბინძურება გამონაბოლქვით, ნარჩენების მართვის პრობლემა, პესტიციდებით, მძიმე მეტალებით და რადიაქტიული ნივთიერებებით დაბინძურების პრობლემა, პრობლემური ნიადაგების დეგრადაცია და ეროზია, წყლის და კანალიზაციის გაუმართავი სისტემების არსებობა, მინერალების ღია კარიერული წესით მოპოვება, ტყის და ბიომრავალფეროვნების დაუცველობა და სხვა.

საქართველოში ატმოსფერული ჰაერი ძირითადად ბინძურდება ავტოტრანპორტიდან, სამრეწველო და ენერგეტიკული ობიექტებიდან წარმოებული გამონაფრქვევებით. გარემოს დაბინძურებაში დიდი წვლილი აქვს ნარჩენების პრობლემას. რამდენიმე ქალაქის გარდა, ნაგავი უახლოეს ხევში ან მდინარეში იყრება. იქ კი, სადაც ოფიციალური მუნიციპალური ნაგავსაყრელებია, უმრავლესობას არ გააჩნია ნაგავსაყრელიდან გამოჟონილი წყლების შეგროვება-გაწმენდის სისტემა და წყალგაუმტარი ფუძე, რომელიც მიწისქვეშა წყლებს დაბინძურებისგან დაიცავდა.

გარემოს დაბინძურების კიდევ ერთ წყაროს წარმოადგენს ვადაგასული სასოფლო-სამეურნეო ქიმიკატები, რისი გაუვნებელყოფაც არ ხდება და რაც აუცილებელია.

საქართველოში არ არსებობს თანამედროვე სტანდარტებზე აგებული პოლიტიკა და შესაბამისად, კანონმდებლობა ნარჩენების მართვის სფეროში. არ არსებობს ნარჩენების პრევენციის დაკავშირება რესურსების დაზოგვასთან, მწარმოებლის პასუხისმგებლობა ან წახალისება რესურსების დაზოგვის და ნაკლები ნარჩენის წარმოქმნისათვის.

ყველაზე მწვავე პრობლემა, არაეფქტიანი და ბიზნესინტერესებზე მორგებული ენერგოპოლიტიკაა. ის არ არის ორიენტირებული არა მთლიანად ენერგოსექტორის გაუმჯობესებაზე, არამედ მხოლოდ ჰიდრორესურსების სწრაფ ათვისებაზე. ენერგოპოტენციალის მხოლოდ კომერციული და მონეტარული კრიტერიუმებით შეფასება არასწორია და მოძველებულია.

უნდა შეიცვალოს არსებული პოლიტიკა და გადადგას კონკრეტული ნაბიჯები ენერგიის დამზოგველი პოლიტიკისკენ. უნდა შემუშავდეს ელექტროენერგეტიკისა და განვითარების სტრატეგია, გადაიხედოს დაგეგმილი ელექტროსადგურების მშენებლობა და გაკეთდეს პროექტების ხარჯთსარგებლიანობის ანალიზი. უარი უნდა ითქვას გიგანტური ჰესების მშენებლობაზე და დაიწყოს არსებული ჰესების რეაბილიტაცია-გაწმენდის პროგრამა, რაც დაახლოებით ათას მეგავატამდე გაზრდის გამომუშავებას. ჰესების მშენებლობისას გათვალისწინებული უნდა იყოს რეგიონის ბუნებრივი გარემო და იქ მცხოვრებთა ინტერესები. სახელმეწიფომ მოსახლეობაში უნდა დაიწყოს ენერგორესურსის თვითგამომუშავების სტიმულირება, რისი პოტენციალიც საქართველოში მაღალია. ასევე, უნდა დაიწყოს ალტერნატიული ენერგიის წყაროების ათვისება.

ქვეყანაში უსაფრთხო და ჯანსაღი გარემოს შესაქმნელად აუცილებელია კომპლექსური ღონისძიებების გატარება. პირველ რიგში, საკანონმდებლო დონეზე უნდა დაიხვეწოს გარემოზე ზემოქმედების შეფასების სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ლიცენზიების გაცემის ტყის, ბიომრავალფეროვნების დაცვის, ნარჩენების მართვის, წყლის, სივრცითი დაგეგმვის და სხვა კანონმდებლობები.

საგარეო პოლიტიკა და სტრატეგია

საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტია, გახდეს ევროკავშირისა და ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის (ნატო-ს) სრულფასოვანი წევრი. ამ მიზნისაკენ სწრაფვა შესაძლებელია მხოლოდ კომპლექსური მიდგომით, რაც გულისხმობს ქვეყნის, როგორც  შიდა დემოკრატიის განმტკიცებას, ისე პოზიციების გამყარებას საერთაშორისო არენაზე. ქართული ოცნების მმართველობის პირობებში, საქართველოს საკითხი ფაქტობრივად მოხსნილ იქნა საერთაშორისო დღის წესრიგიდან, რაც, ჩვენი ქვეყნის წინაშე დღეს არსებული საფრთხეებისა და გამოწვევების გათვალისწინებით, უკიდურესად საზიანოა. ჩვენი მიზანია, საქართველომ მტკიცედ დაიმკვიდროს ადგილი დემოკრატიული სამყაროს მშვიდობისა და სტაბილურობის სისტემაში. საქართველომ უნდა განაგრძოს საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცებაში საკუთარი ღირსეული წვლილის შეტანა ავღანეთში ნატოს-ს „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ მონაწილეობით, არსებითი პაკეტის ფარგლებში ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის შესაძლებლობების განვითარება, ნატოსთან თავსებადობის ამაღლება და ყველა არსებული ინსტრუმენტის გამოყენება წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) მისაღებად, რაც ალიანსში სწრაფი გაწევრიანების წინაპირობას წარმოადგენს.

საქართველომ უნდა იზრუნოს მის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან – ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარებაზე და აშშ-საქართველოს შორის ხელმოწერილი სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიაში ასახული პრინციპების განხორციელებაზე. საქართველოს სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს, მიაღწიოს აშშ-თან თავისუფალ სავაჭრო შეთანხმებას, რაც უდიდეს პოზიტიურ გავლენას იქონიებს საქართველოს ეკონომიკური განვითარებისა და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების თვისობრივად ახალ ეტაპზე გადასვლის თვალსაზრისით.

საქართველომ უნდა მოახდინოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში მიღწეული ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების სიღრმისეული ათვისება, რათა სრულად იქნას მიღებული ის სოციალურ-ეკონომიკური სარგებელი, რის შესაძლებლობასაც იძლევა აღნიშნული შეთანხმება საქართველოს მოსახლეობისთვის, რაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნის ევროკავშირში სრულ ინტეგრაციას.

საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია კეთილმეზობლური პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების შენარჩუნება და განმტკიცება  რეგიონის ქვეყნებთან. საქართველოს მზარდი ეკონომიკური როლი კიდევ უფრო შეუწყობს ხელს აღნიშნული თანამშრომლობის გაღრმავებას, როგორც მეზობელ, ასევე შავი ზღვის აუზის ქვეყნებთან.

საქართველო და ევროკავშირი

საქართველომ უნდა მოახდინოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში მიღწეული ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების სიღრმისეული ათვისება, რათა სრულად იქნას მიღებული ის სოციალურ-ეკონომიკური სარგებელი, რის შესაძლებლობასაც იძლევა აღნიშნული შეთანხმება საქართველოს მოსახლეობისთვის, რაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნის ევროკავშირში სრულ ინტეგრაციას.

თავდაცვის პოლიტიკა

თავდაცვის ორგანიზაციის საკითხში გაერთიანებული ოპოზიციის ხედვა მდგომარეობს სამხედრო ძალების პრიორიტეტულად საკონტრაქტო პროფესიულ საფუძველზე დაფუძნებაში, სადაც სამხედრო მოსამსახურეების განათლებას, პროფესიონალიზმსა და პატრიოტიზმს ექნება განმსაზღვრელი როლი მათი კარიერული ზრდისათვის სამხედრო სამსახურის უმაღლეს ეტაპამდე. სამხედრო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურება და მათი ოჯახის წევრების სოციალური უზრუნველყოფა უნდა იქცეს პრიორიტეტად, რათა სამხედრო სამსახური საქართველოში კიდე უფრო მეტად პრესტიჟული და საზოგადოების თვალში მეტად დაფასებული გახდეს. ამავდროულად, შესამუშავებელია და დასახვეწია სავალდებულო სამხედრო სამსახურის ელემენტების გამოყენება რიგითი სამხედრო ვალდებული მოქალაქეებისათვის მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოების მაგალითზე. ახლებურად არის ასაწყობი ეროვნული გვარდიის-რეზერვის სტრუქტურა და ფუნქციონირების მეთოდოლოგია, რომელიც უნდა ემსახურებოდეს ისრაელისა და შვეიცარიის წარმატებულ მაგალითზე დაფუძნებული ტოტალური და საყოველთაო ეროვნული თავდაცვის სისტემის ორგანიზებას.

საქართველოს შეიარაღებული ძალები უნდა ჩამოყალიბდეს სრულად და სრულფასოვნად ნატოს სტანდარტის და ნატოს ყველა მოთხოვნის გათვალისწინებით ფუნქციონირებად თანამედროვე ორგანიზაციისა და ტექნიკური უზრუნველყოფის სისტემად. აქცენტი უნდა გაკეთდეს სპეციალური დანიშნულების და რთულ რელიეფურ პირობებში მოქმედი მობილური შენაერთებისა და მცირე ქვედანაყოფების შემდგომ განვითარებაზე, რომელიც იქნება უზრუნველყოფილი კომუნიკაციის და სხვა სამხედრო შეიარაღების ელემენტების კუთხით ყველაზე თანამედროვე აღჭურვილობით, რაც ამ ქვედანაყოფებს საშუალებას მისცემს ეფექტიანად და ხანგრძლივ ვადიანად იმოქმედონ ქვეყნის ტერიტორიაზე შემოჭრილი ნებისმიერი ძალის წინააღმდეგ ავტონომიურ რეჟიმში მოწინააღმდეგის შეკავებისა და მოგერიების მიზნით. ამავდროულად, საქართველოს შეიარაღებულ ძალებს უნდა ჰქონდეს ინტელექტუალური, ტექნიკური და პროფესიული მზადყოფნა, მონაწილეობა მიიღონ გაეროს, ევროკავშირისა და ნატოს თუ სხვა მოკავშირეების სამშვიდობო და სხვა სახის ოპერაციებში, რასაც მოითხოვს ჩვენი ორმხრივი და მრავალმხრივი ფორმატის ვალდებულებები საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე. ჯარისკაცებისთვის მინიმალური ხელფასი 1,200 ლარი, ასევე წოდების სტაჟის და სპეციალობის მიხედვით 500 ლარამდე ზრდა.

უსაფრთხოების პოლიტიკა

საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი ინტერესია აღვადგინოთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და განვავითაროთ საერთაშორისო საზღვრებში აღიარებული თანამედროვე დემოკრატიული ქართული ტრადიციების საფუძველზე შექმნილი ევროპული დემოკრატიული სახელმწიფო. ამ მიზნის მისაღწევად ჩვენი მთავარი ამოცანაა მშვიდობიანი გზით, ცივილიზებული სამყაროს დახმარებით, პოლიტიკური და დიპლომატიური მეთოდებით საქართველოს ძირძველი კუთხეების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონი – „სამხრეთ ოსეთის“ დეოკუპაცია. საქართველოს მიზანია მშვიდობიანი და კეთილმეზობლური ურთიერთობები დაამყაროს და განამტკიცოს ყველა ჩვენ მეზობელ სახელმწიფოსთან ერთმანეთის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და საშინაო საქმეებში ჩაურევლობის პრინციპის განუხრელი დაცვით. საქართველო მიისწრაფვის გახდეს ნატოსა და ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი. იყოს აქტიური გაეროს, ეუთოს, ევროპის საბჭოს, გუამის და სხვა მშვიდობის განმტკიცებაზე, ეკონომიკურ განვითარებასა და სხვა პროგრესზე ორიენტირებული ორგანიზაციების წევრი. საქართველოს ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნება გვესახება თანამედროვე ქართული სახელმწიფოს სიძლიერის დიდ პოტენციალად, რაც საფუძველი უნდა იყოს შემდგომში კავკასიის, შავი ზღვისა და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში საქართველოს, როგორც ერთ-ერთი ლიდერი და წამყვანი სახელმწიფოს როლის დასამკვიდრებლად. საქართველომ გონივრულად უნდა გამოიყენოს  გეოგრაფიული მდებარეობა მისი სატრანზიტო ფუნქციისა და შესაბამისად ეკონიმიკური სარგებლის გაზრდის თვალსაზრისით.

საქართველომ უნდა განამტკიცოს ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველმყოფელი ის სტრუქტურები, (კონტდაზვერვა და დაზვერვა), რომელიც ჩვენს რთულ რეგიონში შეძლებს უპასუხოს საქართველოს ეროვნული უშიშროებისათვის არსებულ ყველა აქტუალურ და სტრატეგიულ გამოწვევას. უნდა მოხდეს სუსის, რომელიც დღეს არაფორმალური მმართველის ხელში პოლიტიკური პოლიციის ფუნქციას ასრულებს, კომპლექსური რეორგანიზაცია მისი ეფექტიანობის მკვეთრი ამაღლებისა და სრული დეპოლიტიზაციის მიზნით.

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე ეფექტიანი და ოპერატიული გადაწყვეტლებების მიღების და მათი იმპლემენტაციის კონტროლის მიზნით უნდა აღდგეს დღეს ფაქტობრივად განადგურებული ეროვნული უშიშროების საბჭო. ამავდროულად, დაიხვეწოს და უფრო ეფექტიანი გახდეს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე საქართველოს პარლამენტის საზედამხედველო ფუნქცია, რათა უზრუნველყოფილი იყოს ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველმყოფელი ყველა ინტიტუტისა და სტრუქტურის დაბალანსებული, მიუკერძოებელი, აპოლიტიკური და ეფექტიანი საქმიანობა.

ამავე თემაზე

პრეზიდენტობის კანდიდატების ხედვები გარემოს დაცვაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი