ოჯახის ინფორმაციით, რუსი სამხედროების მიერ დაკავებული ქალი ნაცემია

საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას ინფორმაციით, 29 სექტემბერს რუსი სამხედროების მიერ დაკავებული მაია ოთინაშვილის საქმეზე ახალი გარემოებები გახდა ცნობილი.

“საოკუპაციო ხაზზე დაკავებულ მაია ოთინაშვილთან დაკავშირებით ჩვენთვის ახალი გარემოებები გახდა ცნობილი. ოჯახის ინფორმაციით, დაკავებული ნაცემია. მათი განცხადებით, ცემა მოხდა ქარძმანში განლაგებულ რუსულ ბაზაზე. მიუხედავად იმისა, რომ დაკავებულს ჰყავს ადვოკატი, მასაც არ მიეცა მაია ოთინაშვილის მონახულების საშუალება. ოჯახის ინფორმაციით, დაკავებული არ მოუნახულებია არცერთ დამოუკიდებელ დამკვირვებელს, რაც კიდევ უფრო აძლიერებს მათ ეჭვს”, – წერს ლომჯარია.

სამი არასრულწლოვნის დედა, საქართველოს მოქალაქე მაია ოთინაშვილი 29 სექტემბერ,ს დილით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში, საკუთარი ბაღიდან ოკუპირებული ტერიტორიის მიმართულებით გაიტაცეს.

“ჩვენი ინფორმაციით, რაც ოჯახისა და თვითმხილველების მონათხრობს ეყრდნობა, მიწის ნაკვეთი უშუალოდ არ ემიჯნება მავთულხლართს და დაკავება მოხდა მავღულხლართიდან 50 მეტრში. დაკავება იყო ძალადობრივი, რადგან ქალბატონი ითხოვდა შველას და იძულების წესით მიათრევდნენ, რადგან წინააღმდეგობას უწევდა. ეს არის ადგილი, სადაც ოჯახი რეგულარულად შედის და, შესაბამისად, არ უგრძვნიათ რამე საფრთხე. ჩვეულებრივ შევიდა მოსავლის ასაღებად, როდესაც ეს ფაქტი მოხდა.

როგორც გვითხრეს, იყო 2 შეიარაღებული ნიღბიანი, თუმცა გარჩევა იმისა, ოსები იყვნენ თუ რუსები, შეუძლებელი იყო. მოსახლეობა ამ დაკავებას ხსნის იმით, რომ მათი ინფორმაციით, მესაზღვრეებს პრემია აქვთ დანიშნული თითოეულ დაკავებულზე, ადგილობრივები ასახელეენ 10 000 რუბლს. ჩვენი ინფორმაციით, პრემიის თაობაზე ხმები ცხინვალშიც დადის”, – ამბობს ნეტგაზეთთან საუბარში მედეა ტურაშვილი, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი.

სახალხო დამცველი მიმართავს საქართველოს მთავრობას, საერთაშორისო ორგანიზაციებს, უმკაცრესად დააყენონ რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლისა და თავისუფლების, თავისუფალი გადაადგილების უფლების დარღვევის ფაქტები; ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს – მოლაპარაკების დღის წესრიგში შეიტანონ დაკავებულთა შესახებ ინფორმაციის გაცვლის უფრო ეფექტიანი მექანიზმის შექმნა ან არსებული, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ეგიდით მოქმედი ცხელი ხაზის მუშაობის გაფართოება და დახვეწა.

“ეს შეიძლება მოიცავდეს დაკავებულის პირდაპირ სატელეფონო კავშირს ოჯახთან, კონკრეტული პირებისათვის პატიმართა/დაკავებულთა მდგომარეობის, დაკავების პირობების შემოწმების მანდატის მინიჭებას და ა.შ. ამის გარდა, უაღრესად მნიშვნელოვანია, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს რესეთის ფედერაციისა და დე ფაქტო ხელისუფლებებმა მისცენ შეუფერხებელი და შეუზღუდავი დაშვება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მდებარე დახურულ დაწესებულებებში”.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი