ახალი ამბები

ხორბლის გადაზიდვის შეზღუდვაზე ბრძანების ამოქმედება ერთი წლით გადავადდება

20 სექტემბერი, 2018 • 1609
ხორბლის გადაზიდვის შეზღუდვაზე ბრძანების ამოქმედება ერთი წლით გადავადდება

საქაართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ხორბლის გადამზიდავებს შეზღუდვების შესახებ ბრძანების ამოქმედების ერთი წლით გადავადებას სთავაზობს.

ივანე მაჭავარიანი მძღოლების აქციაზე მას შემდეგ მივიდა, რაც აქციის ერთ-ერთი მონაწილე თვითმკვლელობით იმუქრებოდა და მინისტრთან შეხვედრას ითხოვდა.

შეხვედრის შემდეგ მაჭავარიანმა განაცხადა, რომ მზადაა, ბრძანების ამოქმედება ერთი წლით გადაავადოს, ამ პერიოდში კი სატვირთოს მძღოლებთან იმ შეზღუდვებზე აწარმოოს მოლაპარაკებები, რომლებიც შესაძლოა ამ სფეროში დაწესდეს. მინისტრის თქმით, ეს შეზღუდვები შესაძლოა სეზონური იყოს, რათა არც ტურისტების ნაკადის და არც მძღოლების ინტერესები არ დაზიანდეს:

“გავითვალისწინეთ ყველა  მძღოლის მდგომარეობა და გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ ერთი წლით გადავავადოთ შეზღუდვის ამოქმედება. ხოლო ამის მერე, მომავალი შეზღუდვა იქნება ეს სეზონური, თუ სხვა ტიპის, ერთად გავიაროთ მძღოლებთან”, – ამბობს ფინანსთა მინისტრი.

აქციის მონაწილეების განცხადებით, მათთვის მინისტრის შეთავაზება მისაღებია და უახლოეს დღეებში მათსა და სახელმწიფოს შორის დიალოგი დაიწყება.

სატვირთო ავტომობილების მძღოლები ფინანსთა მინისტრის ბრძანებას ავტოტრანსპორტით ხორბლის გადაზიდვის აკრძალვის თაობაზე რამდენიმე დღეა აპროტესტებდნენ.

ისინი ფინანსთა მინისტრს გუშინ, 19 სექტემბერს შეხვდნენ, თუმცა მინისტრის შეთავაზება, 2019 წლის პირველ იანვრამდე გადავადებულიყო ბრძანების ამოქმედება, მძღოლებისთვის მიუღბელი აღმოჩნდა ისინი ბრძანების დაუყოვნებლივ გაუქმებას ითხოვენ. ამ ბრძანების მიხედვით, საქართველოში სახმელეთო ტრანსპორტით სხვა ქვეყნიდან ხორბლის შემოტანა იკრძალება.

ამის მიზეზად სამინისტრო ასახელებს ლარსის საბაჟოზე შექმნილი საცობების გამო საქართველოსკენ მომავალი ტურისტების უკან გაბრუნებასა და, შესაბამისად, პოტენციური შემოსავლების დაკარგვას.

მასალების გადაბეჭდვის წესი