ახალი ამბები

მთავრობა ხელს შეუწყობს ხორბლის წარმოებას, რათა მოხმარების 50% ადგილობრივი იყოს – მინისტრი

18 აპრილი, 2022 • 1050
მთავრობა ხელს შეუწყობს ხორბლის წარმოებას, რათა მოხმარების 50% ადგილობრივი იყოს – მინისტრი

სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია აცხადებს, რომ მთავრობას სურს, რამდენიმე წელიწადში საქართველოში ხორბლის მოხმარების ნახევარი ადგილობრივმა წარმოებამ დააკმაყოფილოს.

18 აპრილს, მთავრობის სხდომის შემდეგ, ჟურნალისტების კითხვაზე, რომელიც გასულ კვირაში პურის ფასის 20%-იან ზრდას ეხებოდა, მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველო, რომელიც ხორბლისა და ფქვილის უდიდესი ნაწილის იმპორტს ეწევა, მსოფლიო ბაზრიდან მოწყვეტილი ვერ იქნება.

„მსოფლიოში, მარტში, დაახლოებით 13%-ით არის გაზრდილი სურსათზე ფასები. იმ პროდუქტებზე, რაზეც იმპორტზე ვართ დამოკიდებული, მსოფლიო ბაზრისგან მოწყვეტილი ვერ ვიქნებით. და მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ხორბლის და ფქვილის უდიდესი ნაწილის იმპორტს ვახორციელებთ“, – განაცხადა მინისტრმა.

თუმცა, მისი თქმით, მთავრობის მიზანია, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ქვეყანაში მარცვლეულის, ხორბლისა და სხვა პროდუქტების წარმოების ზრდას.

„სტატისტიკის წინასწარი მონაცემებით, 2020 წელთან შედარებით ხორბლის წარმოება მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, დაახლოებით 35-36%-ით, რაც მნიშვნელოვანია ძალიან, მაგრამ, ვფიქრობ, მეტი საშუალება გვაქვს“, – განაცხადა მინისტრმა.

ოთარ შამუგიას თანახმად, მთავრობა „კონკრეტულ მექანიზმსაც“ შეიმუშავებს, რათა ხელი შეუწყოს ქვეყანაში ხორბლის წარმოების ზრდას, „რათა მომავალი წლების განმავლობაში მივაღწიოთ იმ მაჩვენებელს, რომ თვითუზრუნველყოფის დაახლოებით 50% მაინც დავაკმაყოფილოთ“.


უკრაინაში რუსეთის ფედერაციის შეჭრის ფონზე, მსოფლიოსა და საქართველოში მოიმატა ხორბლისა და ხორბლის ფქვილის ფასმა.

დარგის სპეციალისტების თანახმად, ქვეყანაში არსებული მარაგების ფონზე, ეს ზრდა პურის ფასზე მაისამდე არ აისახებოდა საქართველოს მაღაზიებში, დაახლოებით მაისიდან კი პურის თვითღირებულება დაახლოებით 20 თეთრით მოიმატებდა.

„ნეტგაზეთის“ ამ სტატიიდან დეტალურად გაიგებთ, რამ გამოიწვია ხორბლისა და ხორბლის ფქვილის ფასის ზრდა მსოფლიოსა და საქართველოში, რამდენად გაძვირდა ეს პროდუქტები, როგორ გადაეწყობა მიწოდების ჯაჭვები არსებული გამოწვევების ფონზე და, რაც მთავარია, რა ელის პურის ფასს საქართველოში.

მასალების გადაბეჭდვის წესი