ახალი ამბები

ხორბლის შემომტანი სატვირთოს მძღოლების ულტიმატუმი ფინანსთა მინისტრს

19 სექტემბერი, 2018 • 2008
ხორბლის შემომტანი სატვირთოს მძღოლების ულტიმატუმი ფინანსთა მინისტრს

სატვირთო ავტომობილების მძღოლები, რომლებიც რამდენიმე დღეა ითხოვენ ხორბლის გადაზიდვის შეზღუდვის შესახებ ბრძანების გაუქმებას, ფინანსთა მინისტრს შეხვდნენ, თუმცა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. მძღოლებმა, რომლებიც უკვე რამდენიმე დღეა აქციებს მართავენ, მინისტრს ერთსაათიანი ულტიმატუმი წაუყენეს. ამის შესახებ ერთ-ერთმა მათგანმა “რუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა.

მძღოლების პროტესტი მინისტრის ბრძანებამ გამოიწვია, რომლის მიხედვითაც, პირველი ოქტომბრიდან იკრძალება ხმელეთით ხორბლის ავტოტრანსპორტით შემოტანა.

ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, მინისტრმა აქციის მონაწილეებს შესთავაზა ბრძანების ამოქმედების გადავადება 2019 წლის 1-ელ იანვრამდე.

მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ავტოტრანსპორტით ხორბლის გადამზიდავ მეწარმეებსა და მძღოლებს ბრძანების ამოქმედებამდე დარჩენილ პერიოდში შესთავაზა სამუშაო ჯგუფის შექმნა. ამ  ჯგუფში უნდა შევიდნენ საინიციატივო ჯგუფისა და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელები. მინისტრის შეთავაზების მიხედვით, ჯგუფი ერთობლივად დაიწყებს მუშაობას ავტოსატრანსპორტო საშუალებით ხორბლის შემოტანასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებასა და საბოლოოდ ყველასთვის მისაღები გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებით:

“ჩვენ კვლავ მზად ვართ მოლაპარაკებებისა და პრობლემის მოგვარებისთვის. ვფიქრობთ, პირველ იანვრამდე საკმარისი დროა იმისთვის, რომ დავძლიოთ ეს საკითხი და მოვძებნოთ ყველასთვის უმტკივნეულო და მისაღები ვარიანტი. გაძლევთ პირობას, თქვენ გარეშე არცერთი გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული. მჯერა, რომ მივაღწევთ შეთანხმებას”, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

როგორც ნეტგაზეთს პროფკავშირების გაერთიანებაში განუცხადეს, მძღოლებისთვის მინისტრის პოზიცია მიუღებელია და შეთავაზებაზე უარი განაცხადეს. საქართველოს ტრანსპორტისა და გზების მუშაკთა პროფკავშირის თავმჯდომარემ, ლავრენტი ალანიამ ნეტგაზეთს  უთხრა, რომ სატვირთოს მძღოლები ბრძანების დაუყოვნებლივ გაუქმებას ითხოვენ და მინისტრთან მოლაპარაკებებს მხოლოდ ამის შემდეგ დათანხმდებიან.

რა ელის 3000 ხორბალმზიდი ავტომობილის მესაკუთრეს – ახალი აკრძალვა ხორბლის შემოტანაზე

 

მასალების გადაბეჭდვის წესი