უკრაინაში რუსეთის ფედერაციის შეჭრის ფონზე, მსოფლიოსა და საქართველოში მოიმატა ხორბლისა და ხორბლის ფქვილის ფასმა.
თუმცა დარგის სპეციალისტების თანახმად, ქვეყანაში არსებული მარაგების ფონზე, ეს ზრდა პურის ფასზე მაისამდე არ აისახება საქართველოს მაღაზიებში, მაისიდან კი პურის თვითღირებულება დაახლოებით 20 თეთრით მოიმატებს.
ამის მიუხედავად, დარგის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ ამ თანხას სახელმწიფო გაუწევს სუბსიდირებას და აცხადებენ, რომ ეს დაპირება მიღებული აქვთ.
„ნეტგაზეთის“ ამ სტატიიდან დეტალურად გაიგებთ, რამ გამოიწვია ხორბლისა და ხორბლის ფქვილის ფასის ზრდა მსოფლიოსა და საქართველოში, რამდენად გაძვირდა ეს პროდუქტები, როგორ გადაეწყობა მიწოდების ჯაჭვები არსებული გამოწვევების ფონზე და, რაც მთავარია, რა ელის პურის ფასს საქართველოში.
ცვლილებები ბაზარზე
ხორბლის საერთაშორისო ბაზარზე 2022 წლის დასაწყისიდანვე დაიწყო ცვლილებები და ეს ცვლილებები პირველი კვარტლის ბოლომდე, ამ დრომდე გრძელდება.
ფასების ზრდა 2022 წლის იანვრიდან მსოფლიოს მასშტაბით ექსპორტის შემცირებამ გამოიწვია, იმ ფონზე, როცა მოთხოვნა არ შემცირებულა.
ექსპორტის შემცირებას, თავის მხრივ, სხვადასხვა მიზეზი ჰქონდა, რომელთა შორის ძირითადად მწირი მოსავლიანობა იყო.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე კი ფასები კიდევ უფრო გაიზარდა.
DW-ის ცნობით, მსოფლიოს მასშტაბით ხორბლის ექსპორტის დაახლოებით 30% რუსეთსა და უკრაინაზე მოდის.
„უფრო ზუსტად, მსოფლიოში ხორბლის დაახლოებით 20% მოდის რუსეთის მხრიდან, 10% კი, უკრაინის მხრიდან“, – ამბობს „საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორი, ლევან სილაგავა.
ომის დაწყების, 24 თებერვლის შემდეგ ხორბლის ექსპორტში ცვლილებები შეიტანა როგორც რუსეთმა, ასევე უკრაინამ.
უკრაინამ წლის ბოლომდე მთლიანად შეაჩერა ხორბლის ექსპორტი, რუსეთმა კი ეს გადაწყვეტილება „ევრაზიული ეკონომიკური კავშირის“ ქვეყნებზე გაავრცელა.
შედეგად, კომპანია AgFlow-ს ცნობით, მარტის პირველ ორ კვირაში რუსეთის პორტებიდან სოფლის მეურნეობის პროდუქტებით დატვირთული მხოლოდ 73 ხომალდი გავიდა, როდესაც გასული წლის იმავე პერიოდში 220 ხომალდი იყო გასული.
„თუ შევხედავთ, ერთი პორტი მუშაობს დღეს სტაბილურად რუსეთში – ნოვოროსიისკის პორტი. იმ მცირეწყლოვანი პორტებიდან, რომლებიც აზოვის ზღვაზეა განლაგებული და საიდანაც საქართველოს მოჰქონდა ხორბალი, მხოლოდ პერიოდულად გამოდიან გემები და ძირითადად თურქეთის დროშის ქვეშ აქვთ გამოტანის უფლება. ისიც პერიოდულად“, – ამბობს სილაგავა.
„ასე რომ, ამ პერიოდში მსოფლიოს ბაზარზე ხორბლის მიწოდების დაახლოებით 30%-ის კლებამ გამოიწვია სერიოზული რყევები ფასზე“, – განმარტავს ლევან სილაგავა, „ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორი.
კერძოდ, ჩამოთვლილი მოვლენების ფონზე, 2022 წლის იანვრიდან 22 მარტამდე ხორბლის ფასმა 62%-ით მოიმატა: ერთი ბუშელის ღირებულება 6.93$-იდან თითქმის 11$-მდე არის გაზრდილი [ბუშელი მოცულობის ერთეულია და 36.4 ლიტრს უდრის], – იუწყება „ატლანტიკური საბჭო“.
„ბოლო თვის განმავლობაში გარკვეულწილად ხდება ქვეყნების მიერ ხორბლის შემოტანის სხვადასხვა მიმართულებებით ლოჯისტიკურად გადალაგება. და ეს პროცესი შეეხო საქართველოსაც“, – ამბობს სილაგავა.
საქართველოს იმპორტი – სტატისტიკა
იმისთვის, რომ გავიგოთ, როგორ ეხება ეს პროცესი საქართველოს, უნდა დავაკვირდეთ ხორბლის/ხორბლის ფქვილის იმპორტს.
„ბათუმელების“ გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის თანახმად, ხორბლის ფქვილი იანვარ-თებერვალში საქართველოში შემოვიდა რუსეთიდან, თურქეთიდან, უკრაინიდან, ავსტრიიდან და იტალიიდან.
კერძოდ, სტატისტიკა ასეთია:
- რუსეთიდან შემოსულია – 22 890 ტონა;
- თურქეთიდან – 69 ტონა;
- უკრაინიდან – 67 ტონა;
- ავსტრიიდან – 20 ტონა;
- იტალიიდან – 9,6 ტონა.
რაც შეეხება ხორბლის იმპორტს:
- რუსეთიდან შემოსულია – 20 066 ტონა;
- სომხეთიდან – 2 225 ტონა;
- ყაზახეთიდან – 1 254 ტონა;
- თურქეთიდან – 27,9 ტონა.
რატომ ლიდერობს იმპორტში რუსეთი?
რუსეთი საქართველოს ერთ-ერთ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორად რჩება. 2022 წლის პირველი ორი თვის მონაცემებით,
რუსეთი ლიდერობს იმ ქვეყნებშიც, საიდანაც იღებს საქართველო ხორბალს და ფქვილს. ლევან სილაგავა ამბობს, რომ „საქართველოში რუსეთიდან 5 წელია ინტენსიურად შემოდის ხორბალი – დაახლოებით 90%“.
მისი თქმით, ამას განაპირობებს გარემოება, რომ რუსეთი „ლოჯისტიკურად არის პირველი ეშელონის ქვეყანა – ანუ ლოჯისტიკა ყველაზე იაფია რუსეთიდან“.
„ფოთის პორტი და ბათუმის პორტი მარაგდება შავი ზღვის რუსული პორტებიდან, [ნოვოროსიისკი], ტაგანროგი. მათ შემდეგ ყველაზე ახლოს არის უკრაინული ილიჩოვსკი, რომელიც ორჯერ ძვირია“.
„თუ რუსეთის პორტის ფასი არის 20-30 დოლარი, ილიჩოვსკისა არის 50 დოლარი“, – აცხადებს სილაგავა და დასძენს, რომ ასეთივე ლოჯისტიკაა რუმინეთთან, კონსტანცას პორტთან.
თუმცა რუსეთისგან სახმელეთო იმპორტი საქართველოში შეფერხების რისკების წინაშე დგას ხოლმე, ახლახან ასეც მოხდა.
როგორც მალხაზ დოლიძე ამბობს, არსებობს ლოჯისტიკური შეფერხებები, რასაც საქართველოში ამინდის გაუარესებამაც „შეუწყო ხელი“:
„ლარსზე რამდენიმე დღე გადაკეტილი იყო მოძრაობა და იქიდან მოწოდებული პროდუქცია, ფქვილი, შეფერხებით მიეწოდება ჩვენს ქვეყანას“, – ამბობს დოლიძე.
ამასთან, უკრაინაში, რუსეთის შეიარაღებული ჯარებისგან თავდასხმის რისკის ფონზე, ხვნა-თესვის სამუშაოები არ მიმდინარეობს.
მარაგები საქართველოში
დარგის წარმომადგენლების თქმით, ამ დროისთვის საქართველოში არსებობს ხორბლისა და ხორბლის ფქვილის საკმარისი მარაგები.
„საქართველოში, ამ ეტაპზე, ხორბლის ფქვილისა და ხორბლის 1-2 თვიანი მარაგებია. წისქვილკომბინატები მომარაგებულია“, – აცხადებს საქართველოს „პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარე მალხაზ დოლიძე.
„გარდა ამისა, ჩემი ინფორმაციით, თადარიგი დაიჭირეს და რკინიგზით ან უკვე შემოვიდა, ან მალე უნდა შემოვიდეს აზერბაიჯანიდან ფქვილით დატვირთული ვაგონები“, – აცხადებს იგი.
„ამიტომ იმის თქმა, რომ თითქოს ჩვენ გვემუქრება „შიმშილი“, „წყვეტა“ ან რაიმე პრობლემა პურით მომარაგებაში, არ იქნება სწორი და მინდა მოსახლეობა დავაწყნარო“, – ამბობს დოლიძე.
მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ლევან სილაგავა კი განმარტავს, რომ „მარაგი არ ნიშნავს, რომ მარაგი გვაქვს და მის ამოწურვას ველოდებით – ხარჯვის პარალელურად ქვეყანაში შემოდის ის რაოდენობა, რაც იხარჯება“.
ამასთან, მისი თქმით, საქართველოში არსებული მარაგების რაოდენობა „კარგად ჯდება გაეროს სასურსათო უსაფრთხოების სტანდარტში“.
„ლოჯისტიკის გადალაგება“ – როგორ?
ლევან სილაგავას თქმით, რუსეთიდან და უკრაინიდან ექსპორტის შეფერხების ფონზე, მსოფლიო განიხილავს სხვადასხვა გზას, როგორ მოხდეს იმპორტის ჩანაცვლება და „ლოჯისტიკური გადალაგება“.
ის იხსენებს ევროკომისიის თავმჯდომარის, ურსულა ვონ დერ ლაიენის 22 მარტის განცხადებას, რომლის თანახმადაც, ევროკომისია 2024 წლამდე 2.5 მილიარდ ევროს გამოყოფს სურსათის დეფიციტის პრობლემის მოსაგვარებლად და მიიღებს ზომებს „ევროპული საკვების წარმოების გაზრდის მიზნით“, – იმის საილუსტრაციოდ, რომ ეს პრობლემა ლოკალური არ არის.
Today Putin is blocking hundreds of ships filled with wheat in the Black Sea.
I call on Putin to let these ships go.
Europe must step up to this challenge.
We have assigned at least €2.5 billion until 2024 to help those regions most affected by food insecurity. pic.twitter.com/KkP70yYkOE
— Ursula von der Leyen (@vonderleyen) March 23, 2022
„იმის გამო, რომ მსოფლიოს მასშტაბით 30%-ით შემცირდა მიწოდება, სახელმწიფოები უყურებენ, რა იქნება ხვალ. და ხვალ კი ასეთი ვითარება იქნება: უკრაინაში ომის გამო ხვნა-თესვის სამუშაოები ვერ იწყება, რუსეთში კი (და მსოფლიოშიც) 20%-ით ძვირია ხვნა-თესვითი სამუშაოები, იმიტომ, რომ გაძვირებულია საწვავი, შხამ-ქიმიკატები და ა.შ. ეს საკითხი სერიოზული გამოწვევა იქნება მომავალში. ამიტომაც გადალაგება ხდება ლოჯისტიკურად“, – ამბობს იგი.
მსოფლიოში მსგავსი გადაწყობების ფონზე, ლევან სილაგავას განცხადებით, საქართველოც მსგავსი გამოწვევის წინაშეა.
მართალია, იგი ამბობს, რომ რუსეთიდან იმპორტი გრძელდება, – რადგან ამას უკვე დადებული კონტრაქტები ითვალისწინებს, – მაგრამ შესაძლოა, ქვეყანაში ხორბლის ის რაოდენობა არ შემოვიდეს, რაც კონტრაქტებით იყო გათვალისწინებული. ამის გათვალისწინებით იგი აცხადებს:
„ჩვენი გამოწვევაა, რომ სხვა ქვეყნებზე გადავერთოთ. და გადართულნიც ვართ: ჩვენი ალტერნატივა არის ყაზახეთი; და ჩვენი ალტერნატივა არის რუმინეთის პორტი (კონსტანცა), რომელიც, სამწუხაროდ, უფრო ძვირია“.
მალხაზ დოლიძის ინფორმაციით, ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები ყაზახეთთან, რათა იქიდან იმპორტი გაიზარდოს.
სილაგავა კი კიდევ ერთი ალტერნატივის შესახებ საუბრობს:
„არსებობს კიდევ ერთი სქემა, რასაც თვითონ უკრაინა განიხილავს: ეს არის დასავლეთ უკრაინიდან რუმინეთისკენ ხორბლის წაღება მდინარე დუნაის საშუალებით. ერთი სიტყვით, პირველი შოკები გავლილია და გადალაგებები ხდება, ასე რომ, ახლა ველით სტაბილიზაციას“.
„პურის ფასი გაიზრდება და სუბსიდირება მოხდება“
ლევან სილაგავაც და მალხაზ დოლიძეც ხაზს უსვამენ, რომ პროდუქტზე დეფიციტი არ იქნება. მსგავსი განცხადება სოფლის მეურნეობის მინისტრმაც გააკეთა 9 მარტს და განაცხადა, რომ სურსათისა და პირველადი მოხმარების პროდუქციის მარაგების მხრივ საქართველოში „არანაირი დეფიციტი არ არსებობს“.
ამასთან, სილაგავასა და დოლიძის თქმით, ხორბლისა და ხორბლის ფქვილის გაძვირებას 2022 წლის მაისამდე არ მოჰყვება პურპროდუქტების გაძვირება მარაგების ხარჯზე. უკვე მაისიდან კი გაზრდილი თანხის სუბსიდირებას, დიდი ალბათობით, სახელმწიფო მოახდენს.
„თუ ერთი ტონა ხორბლის ფასი ომის დაწყებამდე იყო 320-330 დოლარის ფარგლებში, დღეს მერყეობს 400-420 დოლარის ფარგლებში. ფასების ამპლიტუდა და მერყეობა მაღალია. [სტაბილიზაციის შემდეგ] სავარაუდოდ, ეს ფასი 400 დოლარის მიდამოებში იტრიალებს. ეს ნიშნავს, რომ დაახლოებით 20-25%-ის ფარგლებშია გაძვირებული ხორბალი“, – ამბობს სილაგავა.
ამან, ასოციაციის ხელმძღვანელის თქმით, „ლოგიკურად, უნდა გამოიწვიოს პურის ფასის ზრდაც“, თუმცა „საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციამ“ განაცხადა, რომ „პურზე არსებული ფასი შენარჩუნებული იქნება მაისამდე“.
„მაისის შემდეგ, ობიექტურია, რომ ახალი შემოსული ფქვილი, ხორბალი, რომელიც გაძვირებული იქნება, დაეტყოს ბაზარს. ამ შემთხვევაში კი ჩვენ, „პურის მრეწველთა კავშირთან“ ერთად, ვესაუბრებით მთავრობას, სოფლის მეურნეობის სამინისტროს, და განიხილება სხვადასხვა სცენარი“, – თქვა მან.
მალხაზ დოლიძის განცხადებით, თუკი ერთი ტომარა ფქვილის ფასი 80 ლარზე დაფიქსირდა, „ამას დასჭირდება დაახლოებით 20-თეთრიანი ცვლილება, – მით უმეტეს იმ ფონზე, რომ კოვიდის შემდეგ ყველა პური შეფუთული გამოდის“.
ლევან სილაგავა კი აცხადებს, რომ „ახალი შემოსული, უფრო გაძვირებული ფქვილისა და ხორბლის შემთხვევაში, სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, დაასუბსიდიროს პურის ფასი, რადგან მოსახლეობის დაკვეთაა, რომ პურის ფასი, სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე, არ გაძვირდეს“.
მისი თქმით, ამ საკითხზე კომუნიკაცია ჰქონდათ მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილთან, რომელიც ამ მიმართულებას კურირებს.
„შემიძლია გითხრათ, რომ 99%-ით მიღებულია ეს გადაწყვეტილება“, – განუცხადა სილაგავამ ჟურნალისტებს ბრიფინგზე 24 მარტს და დასძინა:
„ამას ასუბსიდირებს სახელმწიფო იმისთვის, რომ პური არ გაუძვირდეს მოსახლეობას. ეს არ არის წისქვილებისთვის ან მეპურეებისთვის მიცემული თანხა. ესაა სხვაობის ნიველირება ფასში“.
სილაგავას ინფორმაციით, ეს საკითხი მომდევნო კვირაში, მთავრობის შემდეგ სხდომაზე განიხილება, სადაც დაზუსტდება, „რამდენით უნდა მოხდეს სუბსიდირება“.