ახალი ამბები

ანდრიაძე: ჩემი გადაწყვეტილებით ეკლესია არ შემიწუხებია

7 სექტემბერი, 2018 • 3208
ანდრიაძე: ჩემი გადაწყვეტილებით ეკლესია არ შემიწუხებია

გიორგი ანდრიაძის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნებისთვის კანდიდატურის წარდგენის გადაწყვეტილება საპატრიარქოსგან დამოუკიდებლად მიიღო. როგორც მან “ნეტგაზეთთან” საუბრისას აღნიშნა, მიაჩნია, რომ ეკლესია ნეიტრალური უნდა იყოს და ის არც თავისი გადაწყვეტილებით შეუწუხებია.

“…ახლა გავიმეორებ და სულ გავიმეორებ: საპატრიარქო და ეკლესია უნდა იყოს ნეიტრალური, ყოველთვის იქნება ნეიტრალური, ვინაიდან ეს არის პოლიტიკის ზემდგომი ინსტანცია. შესაბამისად, რა თქმა უნდა, არ შემიწუხებია, არც შევაწუხებ და არც სხვები უნდა აწუხებდნენ, სხვათა შორის. ეკლესია უნდა დავტოვოთ პოლიტიკისა და მიწიერის მაღლა”, – აღნიშნავს ის.

ანდრიაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი უპარტიო უნდა იყოს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, ის მხოლოდ კონკრეტული პარტიის ინტერესების გამტარებელი იქნება. მისი თქმით, სწორედ ამიტომ მიიღო კანდიდატურის წარდგენის გადაწყვეტილება.

“ჩვენ ახლა ვხედავთ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა აქტიურობას. განსაკუთრებით ამძიმებს ვითარებას ის, რომ პიროვნებები არიან სწორედ ის ხალხი, ვინც 25 წელიწადში საქართველო ამ მდგომარეობამდე მიიყვანა. ამიტომ მივიღე ძირითადად ეს გადაწყვეტილება. მე შემიძლია, ჩემზე მაღალი რეიტინგის მქონე უპარტიო კანდიდატს დავუთმო ადგილი და მოვხსნა ჩემი კანდიდატურა. მთავარია, საქართველოში გვყავდეს უპარტიო პრეზიდენტი”, – განუცხადა მან “ნეტგაზეთს”.

გიორგი ანდრიაძის თქმით, მისი პრიორიტეტი, პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, მოქალაქეობის მინიჭების საკითხი იქნება. აცხადებს, რომ ეკონომიკური ვითარების გასაუმჯობესებლად, მოქალაქეობას მიანიჭებს თურქეთში მცხოვრებ წარმარტებულ ლაზებს, ხალიბებს, გურჯებს, “საეჭვო პიროვნებებს” კი ჩამოართმევს.

გიორგი ანდრიაძე, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის (სანგუს) სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე, საპრეზიდენტო კანდიდატად საინიციატივო ჯგუფმა წარადგინა.

ანდრიაძე 2010 წლიდან მუშაობდა სანგუს სამეთვალყურეო საბჭოში. ამჟამად უნივერსიტეტს სამეთვალყურეო საბჭო აღარ აქვს. სხვადასხვა დროს მას უმუშავია საპატრიარქოს ტელევიზია “ერთსულოვნებაში” და საპატრიარქოსთან დაკავშირებულ სხვადასხვა ორგანიზაციაში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი