ახალი ამბები

შენდობას ვითხოვ, ხატის ტაძარში დაბრძანება უნდა მეცნობებინა საპატრიარქოსთვის – არქიმანდრიტი იოანე

12 იანვარი, 2024 • 6202
შენდობას ვითხოვ, ხატის ტაძარში დაბრძანება უნდა მეცნობებინა საპატრიარქოსთვის – არქიმანდრიტი იოანე

არქიმანდრიტ იოანე მჭედლიშვილის განცხადებით, სამების საკათედრო ტაძარში სტალინის გამოსახულებიანი ხატის დაბრძანების შესახებ საპატრიარქოსთვის თავად უნდა ეცნობებინა.

ამიტომ, სასულიერო პირის განცხადებით, ახლა შენდობას ითხოვს ეკლესიისა და საზოგადოებისაგან.

„მე, როგორც სამების საკათედრო ტაძრის კეთილმოწესე, ჩემი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე,შექმნილი ვითარების გამო, შენდობას ვითხოვ დედაეკლესიისა და მორწმუნე საზოგადოების წინაშე. ხატის ტაძარში დაბრძანება უნდა მეცნობებინა საპატრიარქოსთვის“, – წერს სასულიერო პირი სოციალურ ქსელში.


მატრონა მოსკოველის ხატზე ინფორმაცია, რომელზეც სტალინიცაა გამოსახული, 7 იანვარს გავრცელდა. სასულიერო პირების განცხადებით, უკვე რამდენიმე თვეა, რაც ხატი სამების ტაძარშია. მოგვიანებით, “პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით თარხან-მოურავმა განაცხადა, რომ ტაძარს ხატი მან შესწირა. იგივე განმარტება  გაავრცელა საპატრიარქომაც.

როგორც საპატრიარქო, ისე პრორუსული პარტია “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერები მიიჩნევენ, რომ ის დისკუსია, რაც საზოგადოებაში ხატზე სტალინის გამოსახვას მოჰყვა, მიზანმიმართული აქტია, რომ “შობის სიხარული წაართვან ხალხს”. მათი შეფასებით, სტალინის ხატზე გამოსახვა არც დანაშაულია და არც ნეგატიური მნიშვნელობის მატარებელი.

9 იანვარს ხატს, სავარაუდოდ, საღებავი შეასხეს. ფაქტზე გამოძიება წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დაიწყო. ხატზე საღებავის შესხმის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად აქტივისტმა ნატა ფერაძემ გაავრცელა. ამას სოციალურ ქსელში მისი შეურაცხყოფა და მუქარები მოჰყვა. მუქარების გამო ნატა ფერაძემ იმავე დღეს პოლიციას მიმართა.

10 იანვარს ფერაძის სახლთან პრორუსული ჯგუფის, ალტინფოს წევრები ძალადობრივი და მუქარისშემცველი მოწოდებებით შეიკრიბნენ. ასევე, აქტივისტის სახლთან თავს დაესხნენ მის მეგობრებს.ამავე დღეს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ რელიგიური ნაგებობებისა და ნივთების შეურაცხყოფა სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედება გახდება.

11 იანვარს საქართველოს საპატრიარქომ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, სტალინის გამოსახულებიან ხატში „ცვლილებების შეტანას“ გეგმავენ, ამის მიზეზი კი, წმინდა მატრონასთან სტალინის შეხვედრის დამადასტურებელი არასაკმარისი მტკიცებულებებია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი