“შოთაძის გადადგომა არაფერს ნიშნავს, აქცია გრძელდება” – ზაზა სარალიძე

მოკლული არასრულწლოვნის, დავით სარალიძის მამა ამბობს, რომ მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის გადადგომა საკმარისი არ არის და ის უნდა დაისაჯოს.

ზაზა სარალიძემ პროკურატურის წინ შეკრებილებს უთხრა, რომ საპროტესტო აქცია მანამ გაგრძელდება, სანამ არ დაისჯება მისი შვილის მკვლელობის საქმეში არსებული ყველა დამნაშავე. სარალიძის თქმით, სისტემა უნდა დაინგრეს და შოთაძე ამ სისტემის ერთი მცირე დეტალი იყო.

ზაზა სარალიძის მეგობარმა ზვიად კუპრავამ აქციის მონაწილეებს უთხრა, რომ შეიქმნება სამოქალაქო ჯგუფი, რომლის ხელმძღვანელი იქნება ზაზა სარალიძე და ისინი მოითხოვენ, სწორედ ამ ჯგუფს დაანიშნინონ მთავარი პროკურორი. აქცია პარლამენტთან, რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლებს.

ირაკლი შოთაძემ გადადგომის შესახებ განცხადება დღეს, 31 მაისს, გაავრცელა. აღნიშნულს წინ უძღოდა სარალიძის ოჯახისა და მისი მხარდაჭერების აქცია.


თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ 31 მაისს გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. რაც შეეხება იმავე ჩხუბის დროს მოკლულ დავით სარალიძეს, მისი მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ ბრალი მკვლელობიდან მკვლელობის მცდელობაზე გადააკვალიფიცირა. შესაბამისად, ამ დროისათვის უცნობია, ვინ მოკლა არასრულწლოვანი დავით სარალიძე.

სასამართლოს გადაწყვეტლების გამოცხადების შემდეგ, მოკლულის მამა ზაზა სარალიძე და მისი მხარდამჭერები პროკურატურასთან მივიდნენ და საპროტესტო აქცია გამართეს. სარალიძის მშობლები და მხარდამჭერები უკვე რამდენიმე საათია მთავარ პროკურატურასტან იმყოფებიან. დავით სარალიძის მამა აცხადებს, რომ სანამ მისი შვილის მკვლელებს არ დააკავებენ და არ დაისჯება ყველა დამნაშავე, მათ შორის, პროკურორები, აქციებს არ შეწყვეტს. სარალიძე გამოძიების ხელახლა ჩატარებას ითხოვს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
თაზო კუპრეიშვილი არის "ნეტგაზეთის" რედაქტორი 2018 წლის პირველი თებერვლიდან.