პროკურატურა: ხორავას ქუჩის საქმის ექსპერტიზის მასალებს შვეიცარიაში გადავაგზავნით

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ექსპერტიზის მასალებს შვეიცარიაში განმეორებით ექსპერტიზაზე გაააგზავნიან. ამის შესახებ საქართველოს მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე დღეს, 31 მაისს განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოებას და უპირველესად, ჩხუბისას მოკლული ერთ-ერთი ახალგაზრდის მამას, ზაზა სარალიძეს ექსპერტიზასთან დაკავშირებით აქვს ლეგიტიმური კითხვები, რასაც პასუხი აუცილებლად უნდა გაეცეს.

“ჩვენ უკვე გვქონდა კომუნიკაცია შვეიცარიის ქალაქ ლოზანის საექსპერტო-სამედიცინო ბიუროსთან. ჩვენ ვხედავთ, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კთხვის ნიშანი სწორედ საექსპერტო დასკვნებთან დაკავშირებით არის. ჩვენ საეჭვოდ არ ვხდით სამხარაულის მიერ ჩატარებულ ექსპერტიზას, თუმცა, სწორედ იმისთვის, რომ საზოგადოებამ და მათ შორის, ზაზა სარალიძემ, პასუხები მიიღოს, შევთხანმდით ლოზანის საექსპერტო ბიუროსთან, რომ განმეორებითი ექსპერტიზა ჩატარდება შვეიცარიის საექსპერტო ბიუროში. მათ გადაეგზავნებათ ყველა ნიმუში, მასალა და ნივთმტკიცებულება, რაც ჩვენ მოგვეპოვება,” – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

გარდა ამისა, შოთაძის თქმითვე, ზაზა სარალიძესა და მის ადვოკატს პროკურატურა სთავაზობს, რომ ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში შვეიცარიის ბიუროსთან კომუნიკაცია და პასუხების მიღების შესაძლებლობა ჰქონდეს.

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ 31 მაისს გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. რაც შეეხება მეორე მოკლულს, დავით სარალიძეს, მისი მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ ბრალი მკვლელობიდან მკვლელობის მცდელობაზე გადააკვალიფიცირა. შესაბამისად, ამ დროისათვის უცნობია, ვინ მოკლა არასრულწლოვანი დავით სარალიძე.

სასამართლოს გადაწყვეტლების გამოცხადების შემდეგ მოკლულის მამა ზაზა სარალიძე და მისი მხარდამჭერები პროკურატურასთან მივიდნენ და საპროტესტო აქცია გამართეს. დავით სარალიძის მამა აცხადებს, რომ სანამ მისი შვილის მკვლელებს არ დააკავებენ, აქციებს არ შეწყვეტს. სარალიძე გამოძიების ხელახლა ჩატარებას და მისი შვილის მკვლელობაში მონაწილეთა დასჯას ითხოვს.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან