ახალი ამბები

შოთაძის თქმით, 2019-ში ზურაბიშვილის მიერ შეწყალებაზე დაწყებული გამოძიება გრძელდება

24 ოქტომბერი, 2023 • 1075
შოთაძის თქმით, 2019-ში ზურაბიშვილის მიერ შეწყალებაზე დაწყებული გამოძიება გრძელდება

გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე აცხადებს, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ პატიმართა შეწყალებაზე 2019 წელს დაწყებული გამოძიება გრძელდება.

ამის შესახებ მან ჟურნალისტებს დღეს, 24 ოქტომბერს, განუცხადა.

„მოქმედი პრეზიდენტის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა კანონმდებლობით შეზღუდულია, პრეზიდენტზე იმუნიტეტი ვრცელდება. მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ იმპიჩმენტის შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო სასამართლომ დაასასტურა მისი მხრიდან კონსტიტუციის დარღვევის ფაქტი ან სისხლისსამართლებრივი დანაშაულის ჩადენა. გამოძიება გრძელდება, ეს დაწყებულია რამდენიმე წლის წინ საჯაროდ გავრცელებულ გარემოებებზე შესაძლო დანაშაულების ფაქტზე“, – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.


2019 წელს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება მსჯავრდებულების, რამაზ დევაძის, ასლან ბეჟანიძის, ზურაბ ნადირაძის და სხვა პირთა შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებულია სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით.

საქართველოს პრეზიდნეტმა სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნული მსჯავრდებულები 2019 წლის მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით შეიწყალა, რასაც საზოგადოების ნაწილის მხრიდან, მათ შორის, მმართველი გუნდიდან, უარყოფითი რეაქცია მოჰყვა. ამის შემდეგ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში თქვეს, რომ შეწყალებაზე დროებთ მორატორიუმს აცხადებდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი