ახალი ამბები

“საქართველოსთვის” პარლამენტში შოთაძის დაბარებას ითხოვს კორუფციის თემაზე

22 იანვარი, 2024 • 689
“საქართველოსთვის” პარლამენტში შოთაძის დაბარებას ითხოვს კორუფციის თემაზე

ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტია “საქართველოსთვის” პარლამენტს მოუწოდებს, დაიბაროს გენერალური პროკურორი და განიხილონ უწყების საქმიანობის ანგარიში. ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარის მოადგილემ, ნათია მეზვრიშივლმა დღეს, 22 იანვარს, ბრიფინგი გამართა. ბრიფინგზე მეზვრიშვილმა ისაუბრა უწყებაში ელიტური კორუფციის არსებობაზე და განაცხადა, რომ საჭიროა ამ მიმართულებით შესაბამისი გამოძიების ჩატარება.

“პოლიტიკური კორუფციის ფაქტებზე ჩვენი გუნდის მიერ თვეების განმავლობაში პროკურატურაში არაერთი განცხადების შეტანამ შედეგი არ მოიტანა. ოცნების კორუმპირებულები და ოცნებასთან დაახლოებული 25 ელიტური ოჯახი აგრძელებს ბიუჯეტიდან ხალხის ფულის მოპარვას – ნაწილი სახლში მიაქვთ, ნაწილი – პარტიის სალაროში. ხალხი ღარიბდება, ცხოვრების პირობები უარესდება, ელიტები კი კიდევ უფრო მდიდრდებიან.

ამ ფონზე პარლამენტი არღვევს კანონს და არ ახორციელებს პროკურატურაზე ზედამხედველობას – პარლამენტს წლებია არ განუხილავს პროკურატურის საქმიანობის ანგარიში და არ დაინტერესებულა, როგორ ებრძვის კორუფციას პროკურატურა”, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

მისი აზრით, ფორმალურია საპროკურორო საბჭოს მუშაობაც, რომლის ფუნქცია სწორედ პროკურატურის “დამოუკიდებლობის, გამჭვირვალობისა და ეფექტიანობის უზრუნველყოფაა”.

“საბჭოზე არ ისმის კრიტიკული ხმა პროკურატურის იმ გამოწვევებზე, რასაც პირდაპირ გავლენა აქვს მოქალაქეთა უფლებებზე. ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლები საბჭოს სხდომას ან არ ესწრებიან, ან კითხვებს არ სვამენ”, – ამბობს მეზვრიშვილი.

“საქართველოსთვის” გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის პარლამენტში მისვლას საგაზაფხულო სესიის დაწყებისთანავე მოითხოვს.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში საგაზაფხულო სესია თებერვლის პირველ კვირას გაიხსნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი