საპატრიარქოს დუმილი სინოდის წევრის წყევლაზე

სინოდის წევრი მიტროპოლიტი იობი ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას წყევლის. საპატრიარქო აღნიშნულთან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს, სამღვდელოებას კი ტელეკომპანია “რუსთავი 2” -თან ურთიერთობის გაწყვეტისკენ მოუწოდებს. რას ნიშნავს სასულიერო პირისგან წყევლა და ჰქონდა თუ არა სინოდის წევრს ამის უფლება?

მიტროპოლიტი იობის ქადაგეგბა უკავშირდება გადაცემას “არჩევანი”, რომელიც გიორგი გაბუნიამ ცენზურის შესახებ კანონპროექტის სახელით ცნობილ ინიციატივას მიუძღვნა. გადაცემის სტუმარი იყო მხატვარი ლია უკლება და გადაცემის წამყვანმა გიორგი გაბუნიამ მისი ნახატი “მარიამი სათამაშო პისტოლეტით” წარადგინა:

“შეამჩნევდით, რომ სტუდიაში ერთი უცნაური სტუმარიც გვყავს, ეს არის მარიამი სათამაშო პისტოლეტით, რომელიც, როგორც წესი, ცნობილია “თვითმკვლელი ღვთისმშობლის” სახელით. იქედან გამომდინარე, რომ პისტოლეტი სათამაშოა, ის თავს ვერ მოიკლავს, ცოცხალი დარჩება და მოგვიანებით იესოსასც გააჩენს”,- თქვა გაბუნიამ.

სწორედ ამ გადაცემას მოჰყვა სინოდის წევრის, მიტროპოლიტ იობის ქადაგება, სადაც მან გიორგი გაბუნია დაწყელა და ისიც თქვა, რომ საერთოდ მთელი ტელევიზია უნდა გაუქმდეს:

“ე. წ. ჟურნალისტმა, ჟურნალისტი კი არა, ეს არის ეშმაკის მსახური, გიორგი გაბუნიამ შეურაცხყო მაცხოვარი და დედა ღვთისმშობელი. ის არის წყეული, ის არის შეჩვენებული. ასეთი ადამიანები არ უნდა არსებობდნენ ამქვეყნად, მაგრამ ვხედავთ, რომ დამცველები ჰყავთ და ვინც მას შეეწინააღმდეგა ახალგაზრდა ბიჭები, ციხეში ჩაყარეს ისინი.[..] საპატიებელი არ არის ეს ადამიანი. ეგ უნდა მოშორდეს ჟურნალისტიკას კი არა, მთელ საქართველოს. რაც ჩემი მხრიდანაა, მე მას ვწყევლი და შევაჩვენებ და საერთოდ ეს ტელევიზია უნდა გაუქმდეს”,- განაცხადა მიტროპოლიტმა იობმა ქადაგებისას.

თეოლოგი მირიან გამრეკელეაშვილი განმარტავს, რომ “წყევლა და შეჩვენება კანონიკური თვალსაზრისით რთული განსასაზღვრია. თუმცა, თეოლოგის განმარტებით, ძველი ბერძნული, სიტყვა- ἀνάθεμα (ანათემა)  ქრისტიანულმა ეკლესიამ დაიმახსოვრა, როგორც ტერმინი, რომლითაც ის აცხადებდა, რომ ესა თუ ის პიროვნება კონკრეტული მიზეზის გამო ეკლესიისგან განყენებულად უნდა გამოცხადდეს:

“ეკლესიის სისავსე ადასტურებს, რომ ეს პიროვნება არაა მათი კრებულის წევრი. რამდენადაც ეს ცნება ძირითადად დაპირისპირებულ მიმდინარეობებთან ე.წ. მწვალებლებთან მიმართებაში გამოიყენებოდა, საჭირო იყო ამგვარი ქცევის დასაბუთება და, მეორე მხრივ, ის უნდა წარმოთქმულიყო მთელი ეკლესიის მხრიდან.

ჩვენს რეალობაში, საქართველოს საპატრიარქოს უნდა მოეწვია კომისია, რომელიც თეოლოგიური თვალსაზრისით გამოიკვლევდა, დაგმო თუ არა გიორგი გაბუნიამ ღმერთი საჯაროდ. დადასტურების შემთხვევაში, ეკლესიას ექნებოდა უფლება მოეთხოვა საჯარო მონანიება, ხოლო თუ ამაზე უარს იტყოდა, განეცხადებინა, რომ ეს პიროვნება არ არის მართლმადიდებელი ეკლესიის წევრი და აკრძალულია მისი თანამონაწილეობა საეკლესიო საიდუმლოებებში”,- ამბობს თეოლოგი “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

“ნეტგაზეთი” ცდილობდა დაკავშირებოდა საპატრიარქოს, რათა გაერკვია, ემიჯნება თუ არა მიტროპოლიტი იობის წყევლას, თუმცა მათ “ნეტგაზეთის” ზარებს არ უპასუხეს.  დღეს, მას შემდეგ, რაც იობის წყევლის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელებსა და მედიაში უკვე გამოქვეყნებული იყო, საპატრიარქომ გაავრცელა განცხადება, სადაც წყევლისაგან გამიჯვნაზე ან გაზიარებაზე საუბარი საერთოდ არაა, თუმცა სამღვდელოებას და მრევლს მოუწოდა გაწყვიტონ “რუსთავი 2”- თან ურთიერთობა და არ მისცენ ინტერვიუები მათ ჟურნალისტებს.

რუსთავი 2-ის დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, დღეიდან, თუ ტელეკომპანიის რომელიმე თანამშრომლის, მათ შორის გიორგი გაბუნიას წინააღმდეგ რაიმე სახის ძალადობრივი ქმედება განხორციელდება, პასუხისმგებლობა საპატრიარქოს დაეკსირება.

გვარამია გულისხმობს მიტროპოლიტ იობის ქადაგებას, სადაც მან გიორგი გაბუნია დაწყევლა, ხოლო რ2-ზე თქვა, რომ საერთოდ უნდა გაუქმდეს; ასევე, საპატრიარქოს მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებას:

“საქართველოს საპატრიარქოს შიგნით არსებული დაჯგუფება იქცევა სრულიად სამარცხვინოდ, ვგულისხმობ მათ, ვინც საპატრიარქოს სახელით გამოდის და ლაპარაკობს. იობი სწორედ მათ შორის არის. სწორედ საპატრიარქო მეუფე იობის ქმედებებით, დღევანდელი განცხადებებით აღვივებს მათ შორის ამ ტიპის [უსაფრთხოება] საშიშროებასაც ადამიანთა ანგარიშსწორების თვალსაზრისით  და მთელი პასუხისმგებლობა- თუ რ2-ის რომელიმე თანამშრომელზე, მათ შორის გიორგი გაბუნიაზე, რაიმე ძალადობრივი ქმედება განხორციელდება- დღეიდან საქართველოს საპატრიარქოს ეკისრება”, – უთხრა გვარამიამ ნეტგაზეთს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ელენე ხაჭაპურიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2011 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, განათლების, ჯანდაცვის, ადამიანის უფლებებს და მიმდინარე მოვლენებს. e-mail ellen.khachapuridze@gmail.com