მოსმენების სააგენტოს თქმით, დაშიფრულ App-ებში მიმოწერას ვერ კითხულობს

ფარული მოსმენების თაობაზე საკონსტიტუციო სარჩელის განხილვისას სასამართლოში სუს-ის ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ უწყება (სასამართლოს ნებართვის არსებობის შემთხვევაში) დაშიფრული (Encrypted) ჩატების მომხმარებლების მიმოწერას ვერ კითხულობს.

სააგენტოს წარმომადგენლის თქმით, როდესაც  საქმე დაშიფრულ მიმოწერას ეხება, უწყებას შეუძლია მოიპოვოს ინფორმაცია, რომელი მომხმარებელი ვის და  რა სოციალური ქსელით ეკონტაქტება, თუმცა მიმოწერის შინაარსზე წვდომა ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოში არ აქვთ.

პოულარულ აპლიკაციებს შორის, რომლებშიც მომხმარებლების მიმოწერა დაშიფრულია, Whatsapp-ი, Viber-ი, Telegram-ია. Facebook Messenger-ს კი სპეციალური ფუნქცია აქვს, დაშიფრული მიმოწერისთვის. მსგავსი ფუნქცია საკუთარ სერვისს 2 დღის წინ Twitter-მაც დაამატა.

აღნიშული აპლიკაციების მწარმოებლების განცხადებით, ასეთ დროს, მიმოწერის შინაარსი მხოლოდ დიალოგის მონაწილეთა შორის ჩანს, გარეშე პირებისთვის კი (თუ მათ მომხმარებლის ანგარიშზე არ აქვთ წვდომა) ტექსტი დაშიფრულია და მისი წაკითხვა სპეციალური კოდების გარეშე ფაქტობრივად შეუძლებელია.

აპლიკაციებს, რომლებიც მომხმარებელს დაშიფრულ მიმოწერას სთავაზობენ, რამდენიმე ქვეყნის მთავრობა ეწინააღმდეგება. მათ შორის გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეიცაა. როგორც ბრიტანული გამოცემა, The Guardian წერს, მეი ამ ფუნქციის მიღმა საფრთხეს ხედავს.

მისი თქმით, მსგავს აპლიკაციებს ტერორისტები და ექსტერმისტული დაჯგუფებები იყენებენ. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა საკუთარ განცხადებაში მიანიშნა, რომ მთავრობა იმოქმედებს დეველოპერების მაგიერ, თუ ისინი კონკრეტულ ნაბიჯებს არ გადადგამენ. თუმცა, როგორც The Guardian წერს, ხმამაღალი განცხადებების მიღმა, ბრიტანეთში კონკრეტულ სანქციებზე არ საუბრობენ. ტერეზა მეის კი იმედი აქვს, რომ კომპანიები ზომებს თავადვე მიმართავენ.

მსგავსი მიზეზით სოციალური ქსელი Telegram  რუსეთში დაიბლოკა. რუსულმა მხარემ კომპანიას დაშიფრული მიმოწერის წასაკითხად საჭირო სპეციალური კოდების გადაცემის ულტიმატუმი წაუყენა. მას შემდეგ კი, რაც ე.წ. “გასაღები” ვერ მიიღო – დაბლოკა.

მოსკოვის სასამართლომ მარეგულირებლი უწყების მოთხოვნით Telegram-ის აპლიკაციის დაუყოვნებლივ დაბლოკვაზე თანხმობა 13 აპრილს გასცა. ამის მიზეზად კი ის ფაქტი დაასახელა, რომ აპლიკაციამ უარი განაცხადა, სახელმწიფო  ორგანოსთვის გადაეცა დაშიფრული მესიჯების წასაკითხად საჭირო კოდები.

როგორც რუსეთის უსაფრთხოების სამსახური განმარტავდა, მესიჯებზე წვდომა პოტენციური ტერორისტების გამოსავლენად სჭირდებოდა, თუმცა Telegram-მა უპასუხა, რომ მათი სერვისი სწორედ იმიტომ შეიქმნა, რომ მესამე პირებს მათი მომხმარებლის წერილებზე წვდომა არ ჰქონოდათ.

რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის თქმით, თვითმკვლელი ტერორისტი, რომელმაც შარშან, 15 აპრილს პეტერბურგში მეტრო ააფეთქა, სწორედ ამ აპლიკაციას იყენებდა. თუმცა, როგორც ტელეგრამის ადვოკატი განმარტავს, მსგავსი ბრალდებები უსაფუძვლოა. Telegram-ის იურისტი BBC-სთან ასევე ამბობდა, რომ რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის მოთხოვნები მომხმარებელთა პირად მიმოწერაზე წვდომის შესახებ არაკონსტიტუციური და უსაფუძვლოა. ამ მოთხოვნის შესრულება კი კომპანიისთვის ტექნიკურად და სამართლებრივად შეუძლებელია.

მიუხედავად აპლიკაციის დაბლოკვისა, აპლიკაციას მომხმარებლები VPN სერვერებს იყენებენ. მეტიც, ის სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება.

რაც შეეხება Whatsapp-ს. აპლიკაციის ვებ-საიტზე განარმტებულია, რომ მომხმარებელთა მიმოწერის დაშიფრვის მიზანი მათი დაცვაა ჰაკერული თავდასხმებისგან. საიტზე ვკითხულობთ, რომ სანამ მესიჯი თქვენი მოწყობილობიდან გაიგზავნება, ის დაცულია კრიპტოგრაფიული კოდით, რომლის “გასაღებიც” მხოლოდ მიმღებს აქვს. კოდი კი ყველა მესიჯს ინდივიდუალური აქვს.

კომპანიაში განამრტავენ, რომ ამ გზით მომხმარებლები დაცული არიან ჰაკერებისგან:

“მას შემდეგ არაერთი კრიმინალური და ჰაკერული თავდასხმის მომსწრენი გავხდით, რომლის საშუალებითაც ბოროტი განზრახვის მქონე პირთა ხელში ადამიანების პერსონალური მონაცემები ჩავარდა, ციფრული უსაფრთხოება განსაკუთრებით აქტუალური გახდა” – ვკითხულობთ Watsapp-ის ვებ-საიტზე.

კომპანიაში ამბობენ, რომ მათი პრიორიტეტი მომხმარებლებისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემაა. რაც შეეხება ძალოვანი უწყებების მოთხოვნებს მომხმარებლების მიმოწერაზე წვდომის შესახებ, კომპანიაში ამბობენ, რომ მსგავსი შემთხვევებისთვის სპეციალური პროცედურები არსებობს. ასეთ დროს პრიორიტეტი ენიჭება გადაუდებელ საჭიროებებს, თუმცა მაშინაც კომპანია მხოლოდ გარკვეული მოცულობის ინფორმაციას გასცემს. ვრცლად ამ პროცედურებს შეგიძლიათ ამ ბმულზე გაეცნოთ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.