ახალი ამბებიტექნოლოგიები

რუსეთში ტელეგრამი დაბლოკეს, თუმცა, აპლიკაციის მომხმარებელთა რაოდენობა იზრდება

19 აპრილი, 2018 • 9468
რუსეთში ტელეგრამი დაბლოკეს, თუმცა, აპლიკაციის მომხმარებელთა რაოდენობა იზრდება

რუსეთში უკვე სამი დღეა, რაც სოციალური ქსელი Telegram დაიბლოკა, თუმცა აპლიკაცია სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ამის შესახებ Meduza წერს.

როგორც გამოცემა TGStat-ის მონაცემების ანალიზზე დაყრდნობით წერს, Telegram-ის დაბლოკვის დღეს, ანუ 16 აპრილს, აპლიკაციის მნახველთა სია წინა კვირასთან შედარებით გაიზარდა, ხოლო მეორე დღეს რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია აპრილის თვეში.

გარდა ამისა, აპლიკაციის “გადმოწერის” მაჩვენებელიც გაიზარდა. მაგალითისთვის, ანდროიდის ოპერატიული სისტემის მომხმარებელთა შორის ეს რიცხვი 2-ჯერ გაიზარდა, ხოლო Telegram-ის საიტზე 3-ჯერ უფრო მეტი ადამიანი შედის, ვიდრე სოცქსელის დაბლოკვამდე.

როგორც რუსეთში ინტერნეტის მარეგულირებელი სახელმწიფო ორგანო, „როსკომნადზორი“  აცხადებს, “დაბლოკვის შემდეგ, Telegram-ის “დეგრადაცია” 30%-ით გაიზარდა”, თუმცა,უწყებას არ განუმარტავს, თუ რას ნიშნავს აღნიშნული.

რბკ-ს ინფორმაციით, ტელეგრამის დაბლოკვის შემდეგ აპლიკაციით სარგებლობა არც ჩინოვნიკებს, არც სენატორებსა და არც დეპუტატებს არ შეუწყვეტიათ. მათთან, როგორც სხვა მრავალი მომხმარებლის შემთხვევაში, აპლიკაცია VPN-სა და სხვა დამატებითი ჩარევის გარეშეც მუშაობს.

მოსკოვის სასამართლომ მარეგულირებლი უწყების მოთხოვნით Telegram-ის აპლიკაციის დაუყოვნებლივ დაბლოკვაზე თანხმობა 13 აპრილს გასცა. ამის მიზეზად კი ის ფაქტი დაასახელა, რომ აპლიკაციამ უარი განაცხადა, სახელმწიფო  ორგანოსთვის გადაეცა დაშიფრული მესიჯების წასაკითხად საჭირო კოდები.

როგორც რუსეთის უსაფრთხოების სამსახური განმარტავდა, მესიჯებზე წვდომა პოტენციური ტერორისტების გამოსავლენად სჭირდებოდა, თუმცა Telegram-მა უპასუხა, რომ მათი სერვისი სწორედ იმიტომ შეიქმნა, რომ მესამე პირებს მათი მომხმარებლის წერილებზე წვდომა არ ჰქონოდათ.

Telegram-ის აპლიკაციას რუსეთსა და აზიაში ფართოდ იყენებენ. მას 200 მილიონი აქტიური მომხმარებელი ჰყავს, რომელთა შორის დიდი ნაწილი აპლიკაციას სწორედ დაშიფრული მიმოწერის გამო იყენებს. კომპანიის განცხადებით, აპლიკაცია საშუალებას აძლევს ჯგუფს, რომელშიც 5.000-მდე ადამიანი შეიძლება გაწევრიანდეს, რომ დოკუმენტები, სურათები თუ ვიდეოები გააგზავნოს უფასოდ  სრული დაშიფრულობის გარანტიით.

მასალების გადაბეჭდვის წესი