ახალი ამბები

ქუთაისი-ბარსელონის რეისზე ასაფეთქებელზე ცრუ შეტყობინების გამო 1 პირი დააკავეს

17 თებერვალი, 2024 • 1213
ქუთაისი-ბარსელონის რეისზე ასაფეთქებელზე ცრუ შეტყობინების გამო 1 პირი დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა  ქუთაისი-ბარსელონის ავიარეისის ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ ცრუ შეტყობინების გამო 1 პირი დააკავა.

სუს-ის ცნობით, აღნიშნულმა პირმა უნგრეთში მდებარე ავიაკომპანია „ვიზეარის“ სათავო ოფისში, სხვის სარგებლობაში არსებული ქართული მობილური ოპერატორიდან დარეკა. თუმცა აღნიშნულ რეისზე ასაფეთქებელი მოწყობილობა ან ნივთიერება აღმოჩენილი არ ყოფილა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულ ცენტრში, გამოძიება ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 331-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 3-დან 6 წლამდე ან 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გარდა ამისა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აქტიურ რეჟიმში გრძელდება გამოძიება სხვადასხვა ცრუ შეტყობინების ფაქტზე. ამ ეტაპზე დადგენილია, რომ შეტყობინებების უმეტესობა განხორციელებულია უცხო ქვეყნებიდან. გამოძიების ფარგლებში გატარებული ოპერატიული და ფარული ოპერაციების შედეგად, იდენტიფიცირებული არიან კონკრეტული პირები და ჯგუფები როგორც ქვეყნის მასშტაბით, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ.

რაც შეეხება ცრუ შეტყობინებებს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გატარებულია ყველა შესაბამისი ღონისძიება საფრთხეების იდენტიფიცირებისა და რისკების მინიმუმამდე დაყვანის მიზნით.

და ბოლოს, გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ მსგავს ფაქტებზე, კანონის შესაბამისად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის რეაგირება იქნება ძალზე მკაცრი“, – აცხადებს სუს-ი.


14 თებერვალს, აფრენიდან რამდენიმე წუთში ქუთაისი-ბარსელონის რეისი უკან, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ცნობით, მიზეზი ავიაკომპანიის მიერ მიწოდებული ინფორმაცია გახდა ბორტზე ასაფეთქებელი ნივთიერების სავარაუდო არსებობის შესახებ, რის საფუძველზეც ეკიპაჟმა გადაწყვეტილება მიიღო, ბორტი ქუთაისის აეროპორტში დაებრუნებინა.

ადგილზე ყველა შესაბამისი სამსახური იყო მობილიზებული და სამუშაოებს აწარმოებდნენ, რის შემდეგაც ქუთაისი-ბარსელონის რეისი დაგვიანებით შესრულდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი