ავიაციის სააგენტოს ცნობით, კიბერთავდასხმის შემდეგ ჰაკერები კრიპტოვალუტას ითხოვდნენ

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის მოადგილე ლევან კარანაძის განცხადებით, მათ აქვთ დაუდასტურებელი ინფორმაცია, რომ სააგენტოზე კიბერთავდასხმის მონაწილეებმა ფულის კრიპტოვალუტით გადახდა მოითხოვეს.

მისი თქმით, ბაზიდან ინფორმაცია არ წაშლილა და ამ ეტაპზე მიმდნარეობს დაბლოკილი ბაზის განბლოკვის პროცედურა.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს პრესსამსახურში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ კიბერთავდასხმაში სავარაუდო მონაწილეებმა თანხის კრიპტოვალუტით გადახდა მოითხოვეს. უწყებაში აცხადებენ, რომ ამ საკითხზე მოკვლევა მიმდინარეობს, რომელიც დაადგენს რეალურ მიზეზს, რა გახდა სააგენტოზე თავდასხმის მიზეზი.

“სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს შიდა სერვერზე კიბერთავდასხმა მოხდა, რის შედეგადაც მონაცემები დაიბლოკა. ამან გარკვეულწილად შეაფერხა ჩვენი შიდა პროგრამული უზრუნველყოფის მუშაობა, თუმცა შემდეგ ჩვენ ის ალტერნატიული წყაროებით აღვადგინეთ. შესაბამისად, არანაირი შეფერხება ჩვენს სერვისებზე არ არის. ამ ფაქტს შეფერხება არ გამოუწვევია ავიარეისების შესრულებაზე და ჩვენ ჩვეულ რეჟიმში მუშაობას ვაგრძელებთ. დაუდასტურებელი მონაცემებით, სავარაუდო მოტივი შესაძლოა ყოფილიყო ფულის კრიპტოვალუტით მოთხოვნა”, – აცხადებს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის მოადგილე ლევან კარანაძე.

დღეს, 4 მაისს, სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ინფორმაცია გაავრცელა, რომ 2 მაისს  მის სერვერზე კიბერთავდასხმა განხორციელდა, რის შედეგადაც სააგენტოს მონაცემთა ბაზები დაზიანდა.

“კომპიუტერულმა ვირუსმა ზიანი მიაყენა სააგენტოში დაცულ მონაცემთა ბაზებს, პროგრამებს და ელექტრონულ მისამართებს”,-წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.