ახალი ამბები

რამდენიმემ მოგვმართა, მხოლოდ არასანქცირებული ავიაკომპანიები და საჰაერო ხომალდები იფრენენ – ავიაციის სააგენტო

15 მაისი, 2023 • 872
რამდენიმემ მოგვმართა, მხოლოდ არასანქცირებული ავიაკომპანიები და საჰაერო ხომალდები იფრენენ – ავიაციის სააგენტო

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განაცხადებით, საქართველო-რუსეთს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლის მოთხოვნით მათთან რამდენიმე ავიაკომპანიის განაცხადი შევიდა.

როგორც სამოქალაქო ავიაციის სააგენტო აცხადებს, მათთან წარმოდგენილ თითოეულ მომართვასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება მიღებული იქნება მას შემდეგ, რაც დეტალურად იქნება შესწავლილი ავიაკომპანიების თუ მათი საჰაერო ხომალდების არსებული სტატუსი საერთაშორისო სანქციებთან თუ შეზღუდვებთან მიმართებაში და ფრენის ნებართვები ამ პრინციპით იქნება გაცემული.

„საქართველოს მტკიცე პოზიციაა, რომ საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის ფრენები შესრულდება მხოლოდ იმ ავიაკომპანიების მიერ და იმ საჰაერო ხომალდებით, რომლებიც არ არიან სანქცირებულნი. შესაბამისად, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში შემოსული ყველა განაცხადი, ავიაკომპანიების მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია თუ დოკუმენტაცია იქნება დეტალური შესწავლის და სხვადასხვა მექანიზმებით გადამოწმების საგანი სანქციებთან მიმართებაში.

ამასთან სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ახორციელებს იმ სახელწიფოებთან კონსულტაციებს და მათი მაგალითების შესწავლას, რომლებიც იცავენ სანქციებს და ამავე დროს, აქვთ პირდაპირი ავიამიმოსვლა რუსეთის ფედერაციასთან“, – აცხადებს სამოქალაქო ავიაცია.


ვლადიმირ პუტინის ახალი განკარგულებით, რუსეთმა მოხსნა საქართველოსთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე 2019 წლის 20 ივნისის მოვლენების შემდეგ დაწესებული შეზღუდვა.

რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს განცხადებით,  რუსული ავიაკომპანიები, რუსული წარმოების თვითმფრინავებით, მოსკოვი-თბილისი/თბილისი-მოსკოვის რეისებს კვირაში 7-ჯერ შეასრულებენ.

მას შემდეგ, რაც რუსეთმა საქართველოს მიმართულებით პირდაპირი ფრენების აღდგენა დააანონსა, საქართველომ აშშ-სგან ქართული აეროპორტების შესაძლო სანქცირებაზე პირველი გაფრთხილება მიიღო. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილის თქმით, თუკი ქართული აეროპორტები სანქცირებულ ავიახომალდებს მოემსახურებიან, თავადაც სანქცირების რისკის ქვეშ დადგებიან.

საქმე ის არის, რომ უკრაინაში რუსეთის  შეჭრის შემდეგ ევროკავშირის ქვეყნებმა და ამერიკამ მოსკოვს მთელი რიგი სანქციები დაუწესა, მათი ნაწილი კი სწორედ სამოქალაქო ავიაციის სფეროს ეხება.

მასალების გადაბეჭდვის წესი