ახალი ამბები

„აკტობეს რეისი ხვალ, 08:45 საათზე ჩამოფრინდება“ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტო

26 ივლისი, 2023 • 1539
„აკტობეს რეისი ხვალ, 08:45 საათზე ჩამოფრინდება“ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტო

ყაზახური საფეხბურთო კლუბის, „აკტობეს“ ფეხბურთელები საქართველოში ხვალ, დილის რვა საათსა და ორმოცდახუთ წუთზე ჩამოფრინდებიან, აცხადებენ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში.

უწყების განცხადებით, გუნდის წინა რეისისთვის ნებართვის გაცემაზე უარი განპირობებული იყო იმით, რომ ჩარტერული რეისი უნდა განეხორციელებინა სანქცირებულ რუსულ ავიაკომპანიას, „იუ-ვე-ტე აეროს“ – „რომელიც არის სანქცირებული და იმყოფება ევროკავშირის შავ სიაში“. გარდა ამისა, სააგენტოში აცხადებენ, რომ  „საჰაერო ხომალდზე, რომლითაც დაგეგმილი იყო ფრენა, დაწესებულია მწარმოებლის შეზღუდვა“.

სააგენტოს განცხადების თანახმად, კლუბმა უკვე შეიტანა ახალი განაცხადი ფრენაზე, რომელსაც ყაზახური ავიაკომპანია შეასრულებს.

„[ფრენაზე] მომართვიდან ორ საათში გაიცა ნებართვა სააგენტოს მიერ. გაცნობებთ, რომ ჩარტერული ფრენა შესრულდება ხვალ. რეისი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 08:45 საათზე ჩამოფრინდება“, – აღნიშნავენ უწყებაში.


უეფას კონფერენციის ლიგის შესარჩევი ეტაპის მატჩის გასამართად „აკტობეს“ გუნდი დღეს უნდა ჩამოსულიყო საქართველოში, თუმცა მათ რეისზე, რომელიც სანქცირებულ ავიაკომპანიას უნდა განეხორციელებინა, სააგენტომ ნებართვა არ გასცა. მატჩი ხვალ, 21 საათზე გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი