“ვერ გაიგებთ, რა მიჯდება აქ დგომა და ამაზე საუბარი” – ლგბტ აქტივისტის გამოსვლა პარლამენტში

„12 წელი ვიყავი სკოლაში ბულინგის მსხვერპლი. დღემდე მძულს სკოლაში ფეხის შედგმა იმიტომ, რომ ჩემთვის ყოველი დღე სკოლაში იყო საშინელი და სიკვდილისკენ მიმავალი. დღეს, როდესაც კახეთში ჩემს მშობლებთან ვერ მივდივარ იმიტომ, რომ საფრთხის შემცველია, აი, ეს არის განსხვავება. მაგრამ თქვენ ამას ვერასოდეს გაიგებთ.

ვერც იმას გაიგებთ, მე რა მიჯდება აქ დგომა და ამაზე საუბარი. იმიტომ, რომ თქვენ ხართ თეთრი, ჰეტეროსექსუალი ადამიანები,  ეს პრივილეგია გაქვთ სულით ხორცამდე” – ასე უპასუხა „თანასწორობის მოძრაობის” წევრმა, თამაზ სოზაშვილმა ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომის ერთ-ერთ დამსწრეს კითხვაზე, თუ რით განსხვავდება ლგბტ პირთა უფლებები სხვა ადამიანების უფლებებისგან.

 

Posted by netgazeti.ge on Tuesday, May 1, 2018

„თანასწორობის მოძრაობის“ წევრები პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე შევიდნენ, სადაც ლგბტ პირთა უფლებების დასაცავად ბანერები გაშალეს.  მათ კომიტეტის თავმჯდომარეს სოფიო კილაძეს ჰკითხეს, რატომ არ აპირებს კომიტეტი 17 მაისის, ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღნიშვნას, რისი ვალდებულებაც სამოქმედო გეგმით აღებული აქვს.

სანამ “თანასწორობის მოძრაობა” პარლამენტში შევიდოდა, დღეს, 1 მაისს, დილით, პარლამენტის შესასვლელთან კილაძის წინააღმდეგ აქციაც გამართეს. კონტრაქციის მონაწილეებმა მათ კვერცხები დაუშინეს, რის შემდეგაც სამი პირი წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს.

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.