აქციაზე, სადაც “თანასწორობის მოძრაობას” კვერცხები ესროლეს, სამი პირი დააკავეს

თბილისში, პარლამენტის შენობასთან, სადაც “თანასწორობის მოძრაობას” აქციის გამართვისას კვერცხები დაუშინეს, 3 პირი დააკავეს. შსს-ში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ ისინი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დააკავეს. აღნიშნული წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. შსს-ში დაკავებულთა ვინაობას არ ასახელებენ.

ნეტგაზეთის ინფორმაციით,  პოლიციამ ადგილიდან წაიყვანა კონტრაქციის მონაწილე გურამ ფალავანდიშვილი.

დღეს,  პირველ მაისს, პარლამენტთან, ტროტუარის ერთ მხარეს “თანასწორობის მოძრაობის” წევრები და ატივისტები იყვნენ შეკრებილი, ხოლო მეორე, პარლამენტის მხარეს გურამ ფალავანდიშვილი და მისი თანამოაზრეები, რომლებიც “თანასწორობის მოძრაობის” აქციას აპროტესტებენ.

თანასწორობის მოძრაობა პარლამენტარ სოფო კილაძის პოზიციას აპროტესტებს. გუშინ, 30 აპრილს, ჟურნალ ლიბერალთან საუბარში კილაძემ აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი არ აპირებს 17 მაისის, ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღნიშვნას, რისი ვალდებულებაც სამოქმედო გეგმით აღებული აქვს.

“თანასწორობის მოძრაობა” მოითხოვს, სოფიო კილაძემ დატოვოს ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.